ახალი სოციალური ქსელი | რა არის Clubhouse

სტარტაპი Clubhouse ახალი ტიპის სოციალური ქსელია, რომელიც აუდიო მასალით კომუნიკაციაზეა დაფუძნებული. აპლიკაცია ხალხს აძლევს საშუალებას  ისაუბრონ ერთმანეთში, განავითარონ იდეები, გააღრმავონ ურთიერთობები და შეხვდნენ ახალ და საინტერესო ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Photo Credits to Tae Kim/Bloomberg

აპლიკაცია გასული წლის მარტიდან ჩაეშვა მოხმარებაში, მისი მიზანია შეიქმნას ისეთი სოციალური პლატფორმა, რომელიც ადამიანური განცდების გაზიარების საშუალება იქნება – პოსტების ნაცვლად, ადამიანები ვირტუალურ ოთახებში იკრიბებიან და საუბრობენ სხვადასხვა თემაზე. ტექსტის აკრეფისა და გაგზავნის ღილაკზე დაჭერის ნაცვლად კი უწყვეტ რეჟიმში ერთვებიან დიალოგში და დაუყონებლივ იღებენ უკუკავშირს.

აპლიკაციის გახსნისას, შეხვდებით ხალხით სავსე სხვადასხვა სასაუბრო სივრცეს.  თითოეულ ოთახში თქვენ შედიხართ, როგორც აუდიტორიის წევრი, საუბრის წამოსაწყებად კი მხოლოდ ხელის აწევა და სპიკერის ნებართვაა საჭირო. ასევე, შეგიძლიათ თავად შექმნათ სასაუბრო სივრცეები, დატოვოთ ერთი ოთახი და გადაინაცვლოთ მეორეში. Clubhouse-ში ხშირად შეხვდებით ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან: ოპრა, კრის როკი, ეშტონ კატჩერი და სხვა. გაქვთ შესაძლებლობა მოისმინოთ და მონაწილეობა მიიღოთ გულრწფელ საუბრებში ცნობილ და ძლიერ ადამიანებთან. რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერი საუბრის ჩაწერა მკაცრად იკრძალება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი შეხვედრები VIP წევრებთან ან ზოგადი საუბრები აბსოლუტურად დაცულია.

სილიკონის ველის მეწარმე პოლ დევისონისა და Google-ის ყოფილი თანამშრომლის როჰან სეთის მიერ შემუშავებულმა აპლიკაციამ მაისში დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა.

აპლიკაცია ამჟამად მხოლოდ Iphone-ის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ, მისი გაფართოება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც იგეგმება. ამჟამად Clubhouse-ის ქსელში ჩართვა შეზღუდულია, ამისთვის საჭიროა მოწვევა Clubhouse-ის მოქმედმა წევრმა გამოგიგზავნოთ.

„ჩვენ ვქმნით Clubhouse-ს ყველასთვის და ვცდილობთ, ის რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი მსოფლიოსთვის.“ – აცხადებენ აპლიკაციის შემქმნელები.