როგორ ცვლიან რეფორმატორი ქალები განათლების მიმართ დამოკიდებულებას მსოფლიოს უღარიბეს ქვეყანაში

მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში უკიდურესი გაჭირვების დროს ერთ-ერთი პირველი, რაზეც ოჯახები თანხის დაზოგვას ცდილობენ – განათლებაა. ადამიანები იძულებული არიან, მთელი დღე ფიზიკურ შრომას მოახმარონ, რათა ოჯახები გამოკვებონ.

სკოლა მალავიში | ფოტო: Dietmar Temps

მალავის რესპუბლიკა მსოფლიოს 10 უღარიბესი ქვეყანის ჩამონათვალში შედის. საუკუნეების განმავლობაში მალავის მოსახლეობისთვის ჩვეული ტრადიცია იყო არასრულწლოვანთა ქორწინება, რის გამოც თაობები ისე იცვლებოდნენ, ყოველდღიურ საბაზისო მატერიალურ მოთხოვნილებებს ფიზიკური შრომის ხარჯზე იკმაყოფილებდნენ – შესაბამისად, მოსახლეობაში ინტერესი ინტელექტუალური განვითარებისა და განათლების მიმართ ბოლო ათწლეულებამდე თითქმის არ არსებობდა. პირველი ყველასთვის ხელმისაწვდომი უფასო სკოლა UNICEF-ის დაფინანსებით 1994 წელს გაიხსნა, თუმცა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა რაოდენობა დღევანდელი მონაცემებითაც საგრძნობლად მცირეა. თუ კიდევ უფრო ჩავეძიებით, დავინახავთ, რომ მალაველ გოგონათა დაახლოებით 40% არასრულწლოვანი ქორწინდება, რის შემდეგ უმეტესობა სკოლას ტოვებს, ფეხმძიმდება და საგანმანათლებლო დაწესებულებებს აღარ უბრუნდება.

მალავის რესპუბლიკის მოქმედი განათლების მინისტრ აგნეს ნიალონის რეფორმების შედეგად 2006 წლის მონაცემებთან შედარებით 2018 წლისთვის სკოლებში გოგონათა რიცხვი გაორმაგდა (95,000 – 185,934) და თითქმის გაუთანაბრდა ვაჟ მოსწავლეთა წილს, თუმცა სკოლის დამამთავრებელთა პროცენტული მაჩვენებელი 60%-ს მაინც არ აღემატება.

ნიალონის კაბინეტი მთლიანად ქალებისგან შედგება – მდივანი ჩიკონდანო მუსა და მოადგილე მადალისო კამბაუვა. სწორედ ეს სამი ქალი მალავის მომავალ თაობათა განათლების სათავეში – სწორედ მათი პირადი ისტორია, საკუთარ თავზე გამოეცადათ მალავის მოსახლეობის დამოკიდებულება გოგონების განათლების მიმართ, განაპირობებს და ამოძრავებს ცვლილების სურვილს.

მათი შუამდგომლობით 2019 წლიდან Camfed-ის ორგანიზაცია, რომელიც აქამდე მხოლოდ ზიმბაბვეში მოქმედებდა, მალავის და სხვა რამდენიმე აფრიკული ქვეყნის მოსწავლე გოგონებს გაუწევს განათლების მიღებაში მხარდაჭერას, დღევანდელი მონაცემებით კი სისტემაში უკვე 47,212 მალაველი გოგონა მოსწავლეა ჩართული. მხარდაჭერა მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე მენტორთა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც მენტორები პირისპირ მუშაობენ გოგონებთან და ცდილობენ მათ მოტივირებას, არ დატოვონ სკოლები – დაინახონ განათლების მნიშვნელობა და ის შესაძლებლობები, რომელთა გზებსაც ცოდნა ხსნის.

რეფორმა წარმატებით მუშაობს, თუმცა წელს პანდემიის გახანგრძლივებამ შესაძლოა პროგრესის ტემპი შეაჩეროს. ეკონომიკურმა სტაგნაციამ ისედაც ღარიბ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც, კვლავ იმატა გოგონების მიერ სკოლის მიტოვების ტენდენციამ.

ელიზა ჩიკოტი | ფოტო: Camfed

ელიზა ჩიკოტი ორგანიზაციის ფარგლებში ერთ-ერთი მენტორია, რომელიც ამ პრობლემაზე საუბრობს – როგორც ჩანს, გოგონები თავს ვალდებულად გრძნობენ, სკოლისთვის განკუთვნილ დროს იმუშაონ, რათა თავიანთ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარონ. მეორე მხრივ, გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე მყოფ ოჯახებს სურთ, შვილები გაათხოვონ, რათა მეუღლის ოჯახისგან დახმარება მიიღონ (ტრადიციულად კაცს აქვს ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება).

ელიზა ერთ გოგონაზე ყვება, რომელმაც ამგვარი საკითხით მიმართა მას და უთხრა, რომ სკოლისთვის თავის დანებებას აპირებდა – ის თავს დამნაშავედ გრძნობდა იმის გამო, რომ გაჭირვების ჟამს ოჯახს ვერ ეხმარებოდა, ხოლო თუ სკოლაში აღარ ივლიდა, სამუშაოდ დრო ექნებოდა. ამასთან, გოგონა დაქორწინებაზეც ფიქრობდა და რჩევას ელიზასგან ელოდა. საქმე იმაშია, რომ ახლა უკვე მენტორი, 24 წლის ელიზა ჩიკოტი, 15 წლის ასაკში მსგავსი არჩევანის წინაშე იდგა – თუმცა, Camfed-ის დახმარებით მან გააგრძელა სწავლა და გახდა პირველი გოგონა თავის სკოლაში, რომელმაც ყველა კლასი დაამთავრა, ახლა კი საკუთარ თავსაც ინახავს ფინანსურად და ოჯახსაც ეხმარება.

ისტორიის მოსმენის შემდეგ გოგონამ ელიზას უპასუხა:

„ვფიქრობ, შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება. არ გავთხოვდები, შენ იქნები ჩენი მენტორი!“.

შემდეგ კი მან მოძებნა სამსახური – რეცხავს ტანსაცმელს, რასაც მცირე ანაზღაურების ან მცირეოდენი ფქვილის სანაცვლოდ ასრულებს და ოჯახს ასე ეხმარება.

როდესაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ – უკეთესობისკენ მივდივართ.