Tesla-მ ბიტკოინის შეძენით უფრო დიდი მოგება მიიღო, ვიდრე ელექტრომობილების წარმოებით

ილონ მასკის კომპანიამ Tesla ერთი თვის წინ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. სავარაუდოდ, ერთ თვეში ამ ინვესტიციით Tesla-მ უფრო დიდი პოტენციური მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების გაყიდვით.

Credits to Artur Widak / Getty Images

ტრანზაქცია იანვარში განხორციელდა, თუმცა ზუსტი თარიღი და ფასი უცნობია. ცნობისთვის, იანვარში ბიტკოინის საშუალო ფასი 34,000 დოლარი იყო. მაღალი ალბათობით, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი 34,000 დოლარის ფარგლებში შეიძინა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 51,000 დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი იანვრის საშუალოდან დღემდე თითქმის 50%-ით გაიზარდა. შესაბამისად, Tesla-ს 1.5 მილიარდიანი ინვესტიციაც 50%-ითაა გაზრდილი, რაც 750 მილიონიან ზრდას გულისხმობს.

2020 წელს კომპანია Tesla-ს შემოსავალი 31.5 მილიარდი დოლარი იყო, აქედან 721 მილიონი დოლარი კი მოგება. სავარაუდოდ, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძენით ერთ თვეში უფრო დიდი მოგება მიიღო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ელექტრომობილების გაყიდვით.