იაპონია ფუკუშიმას დაბინძურებული წყლის ზღვაში ჩაშვებას გეგმავს

იაპონური მედია იუწყება, რომ ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფიდან ათწლეულის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, მილიონ ტონაზე მეტი მოცულობის დაბინძურებული წყალი ღია ზღვაში ჩაუშვას. გადაწყვეტილებამ შესაძლოა მეზობელი ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი სამხრეთ კორეის, რომელიც იაპონიიდან იმპორტირებულ საკვებს რადიაციის ტესტებს მუდმივ რეჟიმში უკეთებს. ასევე, აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვნად დააზარალებს თევზსაჭერ მრეწველობას ფუკუშიმაში, სადაც წლების განმავლობაში იბრძოდნენ მთავრობის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

Photo Credits to Akira Kodaka

იაპონიის ინდუსტრიის მინისტრის განცხადებით, წყლის ზღვაში ჩაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ, თუმცა მთავრობის მიზანია ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს. ერთ-ერთი იაპონური გამოცემის მიხედვით, გადაწყვეტილების აღსულებას წინ დაახლოებით ორწლიანი მომზადების პერიოდი უნდა უძღოდეს. დაბინძურებულმა წყალმა თავდაპირველად ფილტრაცია უნდა გაიაროს, მანამ, სანამ ზღვაში ჩაეშვება და საბოლოოდ ოკეანეში აღმოჩნდება.

ფუკუშიმას ბირთვული სადგურის ბაზაზე უზარმაზარ ავზებში დაახლოებით 1.2 მილიონი ტონის მოცულობის დაბინძურებული წყალი ინახება. მოგეხსენებათ, 2011 წელს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, ტოკიოს ელექტრო მომარაგების კომპანიის მფლობელობაში მყოფმა ბირთვულმა სადგურმა კატასტროფა განიცადა.

No Comments Yet

Comments are closed