მის გრანდ მიანმარი სამხედროთა სასტიკი ქმედებების წინააღმდეგ

გასულ კვირას, მის გრანდ მიანმარი – ჰენ ლეი ტაილანდში Miss Grand International-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მიანმარში სამხედროების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე საჯაროდ ისაუბრა და ხალხს დახმარების თხოვნით მიმართა.

Photo credits to: BBC news

მიანმარში არეულობა ორი თვის წინ დაიწყო, როდესაც სამხედროებმა  დემოკრატიული არჩევნები ჩაშალეს, რომელშიც პარტია Aung San Suu Kyi-მ გაიმარჯვა. ქუჩაში სახელმწიფო გადატრიალების გასაპროტესტებლად გამოსული ათიათასობით ადამიანის დასაშლელად სამხედროებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. თუმცა მათი მიდგომები ყოველდღიურად მკაცრდებოდა. ერთი კვირის შემდეგ, რეაგირება გადაიზარდა რეზინის ტყვიებამდე და ბოლოს საბრძოლო აღჭურვილობამდე.

კონფლიქტის ყველაზე რთული დღე გასული შაბათი აღმოჩნდა, როდესაც სამხედროთა სასტიკ ქმედებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფის თანახმად, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. „Save the Children“- ის მონაცემებით, მოკლულთაგან 43 ბავშვია.

ერთი თვის წინ, 22 წლის ჰან ლეი, იანგონის, მიანმარის უდიდესი ქალაქის ქუჩებში სამხედროების სასტიკ ქმედებებს აპროტესტებდა. უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სტუდენტმა ჰენ ლეიმ გადაწყვიტა გამოეყენებინა კონკურსი, როგორც პლატფორმა, რომლის საშუალებითაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანაში არსებულ პრობლემებს გამოააშკარავებდა. მან BBC-ს ბანკოკის ბიუროსთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მიანმარში ჟურნალისტები დააკავეს, ამიტომ  ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობის შესახებ ის ისაუბრებდა. 

Photo credits to: BBC news

აღსანიშნავია, რომ  გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა გასცეს  18 ცნობილი ადამიანის დაკავების ორდერი. გადაწყვეტილება სოციალურ მედიაზე გავლენის მქონე პირების (ინფლუენსერების) და ორი ჟურნალისტის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ჰან ლეის არაერთი თანამოაზრე დააკავეს, სამხედროთა ქმედებების გაპროტესტების შემდგომ. პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციის (AAPP) თანახმად, სამხედრო დარბევების დროს სულ მცირე 2500 ადამიანია დაკავებული.  

სწორედ ამიტომ, ჰან ლეი წუხს, რომ მისმა ორწუთიანმა გამოსვლამ შესაძლოა ის სამხედროების სამიზნედ აქციოს. მან ტაილანდში დარჩენა გადაწყვიტა, სულ მცირე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, რადგან იცოდა, რომ სიტყვით გამოსვლით ის თავს საფრთხეში იგდებდა.

ჰენ ლეის თქმით, სიტყვით გამოსვლის შემდეგ მას არ დაკავშირებიან არც სამხედროები და არც სხვა ოფიციალური პირები, თუმცა მიიღო მუქარის შემცველი კომენტარები სოციალურ ქსელში.

სილამაზის კონკურსის დაწყებამდე, მის გრანდ კამბოჯამ – ლივ ჩილმა გულშემატკივრებს მოუწოდა თავი პოლიტიკისგან შორს დაეჭირათ, თუმცა ჰენ ლეიმ განაცხადა, რომ საკუთარ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბარს ის საკუთარ მოვალეობად თვლიდა.