მუსიკალური ჯგუფი BTS-ის წევრები მულტიმილიონერები გახდნენ

პოპულარული K-pop ჯგუფის BTS-ის მფლობელმა კომპანიამ, Big Hit Entertainment-მა 840 მილიარდი დოლარის (963 მილიარდი ვონი) საერთო ღირებულების აქციების პირველადი განთავსება (IPO) განახორციელა. ამით მან სამხრეთ კორეის ისტორიაში, 2017 წლის შემდეგ, პირველად დააფიქსირა აქციების პირველადი განთავსების უმაღლესი მაჩვენებელი.

ბანგ ში ჰიუკის მიერ შექმნილ ჯგუფს 2013 წელს ჰქონდა დებიუტი, რის შემდეგაც მისი პოპულარობა უფრო და უფრო გაიზარდა. Samsung Securities-ის კვლევის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში BTS-ის მიერ გამომუშავებულმა თანხამ, კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 80% შეადგინა.

Big Hit Entertainment-ის გენერალური დირექტორი, ბანგ ში ჰიუკი, რომელიც კომპანიის მხოლოდ 35%-ს ფლობს, მილიარდერი გახდა. მისი ქონება „ფორბსმა“ 3.2 მილიარდ დოლარად შეაფასა. რაც შეეხება ჯგუფს, BTS-ის შვიდივე წევრი მულტიმილიონერი გახდა.

მოცემულმა მოვლენებმა გაზარდა, როგორც BTS-ის, აგრეთვე მისი მფლობელი კომპანიის ცნობადობა და საბაზრო ღირებულება. ცნობილია, რომ Big Hit Entertainment-ის ღირებულება უკვე 8.7 ტრილიონ სამხრეთ კორეულ ვონს (7.5 მილიარდი დოლარი) გაუტოლდა.

მუსიკალური ჯგუფის მასშტაბური წარმატებისა და პოპულარობის ფონზე, 2019 წლის ბოლოს Big Hit Entertainment-ის წლიურმა მოგებამ 63 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო შემოსავალმა – 507 მილიონი დოლარი. ამავე წელს BTS-ი „ფორბსის“ ცნობილი სახეების ასეულში შევიდა და აზიის ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან მუსიკალურ ჯგუფადაც დასახელდა.