FIABCI-Georgia-ს Prix d’ Excellence დაჯილდოებაზე Forbes Woman-ის რედაქცია გამოცემის რჩეულ ქალს გამოავლენს

FIABCI-Georgia-ს (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის, FIABCI-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა) და Property Georgia-ს ორგანიზებით,  საქართველოში 2022 წლის აპრილში პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება – FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards-ი გაიმართება. FIABCI-ის ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება სპეციალური კატეგორიები. აღნიშნულ კატეგორიებში გამარჯვებულებს ღონისძიების პარტნიორი კომპანიები  დააჯილდოებენ.

ორგანიზატორების და Forbes Woman Georgia-ს შეთანხმებით, უძრავ ქონებაში გავლენიანი ქალების სპეციალური კატეგორია დაწესდება.

„Forbes Woman Georgia ბიზნესგამოცემაა, რომელიც აქტიურად მუშაობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. პირველ რიგში, ჩვენი გამოცემის მიზანია, რომ  ქალების ხმა ისმოდეს ყველგან, განსაკუთრებით კი ბიზნესში. ამიტომ, მიღმა ამ დაჯილდოებისა, გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, სამომავლოდ, FIABCI-Georgia-ში გაწევრიანებული კომპანიების ქალ მენეჯერებთან ერთად იგეგმება თემატური შეხვედრების ორგანიზებაც“ – განაცხადა მარიამ სპარსიაშვილმა,  Forbes Woman Georgia-ს აღმასრულებელმა რედაქტორმა.

„დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორ Forbes Woman  Georgia-ს უძრავ ქონებაში გავლენიანი ქალების  ნომინაციის დაწესებისთვის.  სასიხარულოა, რომ FIABCI-Georgia-ს წევრი კომპანიების შემადგენლობაში მენეჯერულ პოზიციებზე საკმაოდ ბევრი წარმატებული ქალია წარმოდგენილი. გვსურს, აღნიშნული ნომინაციით მშენებლობის და უძრავი ქონების სფეროში წავახალისოთ ქალების როლი და მოტივაცია შევუქმნათ მათ კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის“ – აღნიშნა ლიკა ქარდავამ, FIABCI-Georgia-ს პრეზიდენტმა.

FIABCI-Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ტაბატაძის თქმით, აღნიშნული დაჯილდოება თამაშის ახალ წესებს შემოიტანს უძრავი ქონების სექტორში საქართველოში: „არაერთი მაგალითი ვიცით მსოფლიო მასშტაბით უძრავ ქონებაში ქალების როლის შესახებ, მათ შორის, არქიტექტურასა და სექტორის სხვადასხვა მიმართულებაში. Forbes Woman  Georgia-ს რჩეულის გამოვლენა იქნება მნიშვნელოვანი წახალისება ქალებისთვის საქართველოდან, რომ  არასდროს გაჩერდნენ. FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards – ეს არ არის მხოლოდ დაჯილდოება, ეს ჩვენი, როგორც ფედერაციის და საზოგადოების სოციალური პასუხისმგებლობაა, დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც ცვლიან სამყაროს.“

უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება FIABCI-Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით, „საქართველოს ბანკისა“  და სხვა წამყვანი კომპანიების მხარდაჭერით, 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება.