„ბუდა მწვანეებს შეუერთდებოდა“ – დალაი-ლამას მესიჯი მსოფლიოს

ტიბეტელი ხალხის სულიერი მოძღვარი მსოფლიო ლიდერებს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებს. დალაი-ლამას თქმით, ეკოლოგიური პრობლემები მილიარდობით ადამიანსა და ჩვენს პლანეტას უდიდეს საფრთხეს უქმნის. ამასთანავე, ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლაში მან განათლების, თანაგრძნობისა და ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„უნდა მივიღოთ სერიოზული ზომები გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად. ეს არის არა მხოლოდ კონკრეტული ნაციების, არამედ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნები, რომლებიც უზარმაზარ თანხას ხარჯავენ შეიარაღებასა და ომებზე, საკუთარ რესურსებს ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებისკენაც მიმართავენ“, – აღნიშნა მან.

ეკოლოგიის საკითხებზე დალაი-ლამამ თავის ახალ წიგნშიც ისაუბრა, სახელით „Buddha Would Be Green“. ამასთანავე, ოფიციალური წერილი გაუგზავნა გაეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პოლონეთში გარემოსდაცვით საკითხებზე რიგით 24-ე კონფერენციას მართავენ.

დალაი ლამამ ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მხარს უჭერს მწვანეთა მოძრაობას და აფასებს მათ იდეებს.  ამასთანავე, ხაზი გაუსვა ვეგეტარიანელობის მნიშვნელობასაც. მისი თქმით, პირუტყვი აწარმოებს მეთანს, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. აგრეთვე, მრავალრიცხოვანი პირუტყვის გამოკვების საჭიროება ხშირად ხდება ტყეების გაჩეხვის მიზეზი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიომრავალფეროვანი და წყლის რესურსებით მდიდარი ტიბეტი ბუნებრივი კატასტროფის წინაშე დგას. ამის მიზეზად ჩინეთიც სახელდება, რომელსაც ტიბეტი 1950 წლიდან აქვს ანექსირებული. ქვეყნიდან განდევნილი წმინდანი, დალაი-ლამა, პოლიტიკური თავისუფლებისთვის დღემდე იბრძვის. თუმცა, მისი ამოსავალი პრინციპი ერთიანობა და დედამიწის გადარჩენისთვის ბრძოლაა. სულიერი მოძღვრის თქმით, ტიბეტში არსებული რთული ეკოლოგიური ვითარება მთელი მსოფლიოსთვისაა დამანგრეველი.

No Comments Yet

Comments are closed