ჩრდილოეთ მაკედონიის NATO-ში გაწევრიანება და მესიჯი ასპირანტებისთვის

ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს 30-ე წევრი გახდა. პირველად ამ სახელმწიფომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში შესვლის სურვილი 1993 წელს გამოთქვა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ სწრაფვის 27 წლიან გზაზე, ჩრდილოეთ მაკედონია ნატოსთან ყოველთვის ახლო კავშირს ინარჩუნებდა. ის 1995 წელს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრი გახდა და უკვე 1999 წელს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღო. ქვეყანა ასევე მონაწილეობდა ნატო-ს სხვადასხვა მისიებში, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალაში და გადამწყვეტი დახმარების მისიაში ავღანეთში (2002-2014).

ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უნდა გამხდარიყო ხორვატიასთან და ალბანეთთან ერთად, თუმცა მის ალიანსში გაწევრიანებას მაშინ საბერძნეთმა მხარი არ დაუჭირა.

სამხედრო ალიანსში მიღების გზაზე ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უდიდესი დაბრკოლება ბერძნებთან უთანხმოება იყო. საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს „მაკედონია“ ქვია, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას 2019 წლამდე „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ ერქვა, რაც ბერძნების აზრით ტერიტორიული დავის საშიშროებას ქმნიდა.

2018 წლის ივნისში ქვეყნის სახელის შეცვლის შესახებ შეთანხმების შემდეგ, 2019 წლის 6 თებერვალს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ოქმს ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების შესახებ. მომდევნო ცამეტი თვის განმავლობაში, ნატოს წევრმა ყველა ქვეყანამ მოახდინა ოქმების რატიფიცირება და გაწევრიანების ოქმი ძალაში 2020 წლის 19 მარტს შევიდა. დღეს (27 მარტს) ქვეყანამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცა დოკუმენტები, შედეგად ის ოფიციალურად გახდა ნატოს ალიანსის 30-ე წევრი.

ეს კვირა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რამდენადაც სამშაბათს ჩრდ. მაკედონიამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად ოფიციალური აპლიკაციის პროცესი დაიწყო.

ლიეტუვას პრეზიდენტმა Twitter-ზე მიულოცა ჩრდილოეთ მაკედონიას ნატოში გაწევრიანება. ასევე აღნიშნა, რომ ეს არის დამაიდებელი სიგნალი ასპირანტი ქვეყნებისთვის.

„ვულოცავ ჩრდილოეთ მაკედონიას და პრეზიდენტ სპენდაროვსკის ნატოს ოჯახში გაწევრიანებას. მოუთმენლად ველი რეგიონის გაძლიერებისთვის ერთად მუშაობას. ნატოს გაფართოება არის ძლიერი და შთამაგონებელი სიგნალი ასპირანტი ქვეყნებისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის.“

ცნობისთვის, 2020 წლის 2 აპრილს ჩრდილოეთატლანტიკური საბჭოს მინისტერიალი დაცული ტელეკონფერენსის სახით გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრების დისტანციურ შეხვედრას იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.