ნოტრ დამის საკათედრო ტაძარი პირვანდელი სახით აღდგება

საფრანგეთში ნოტრ დამის საკათედრო ტაძრის აღდგენითი სამუშაოების განახლებასთან ერთად კიდევ ერთხელ წამოიჭრა მისი დიზაინის საკითხი. კომისიის გუშინ გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის მთავარმა არქიტექტორმა განაცხადა, რომ ტაძარს პირვანდელი იერსახე აუცილებლად დაუბრუნდება. ხელოვანები ზუსტად მიყვებიან ხანძრამდე არსებული ფასადის დეტალებს და მაქსიმალური მიახლოებით აღადგენენ ხელოვნების ნიმუშს.

ფილიპ ვილენევმა  ეროვნული მემკვიდრეობისა და არქიტექტურის კომისიის (CNPA) წევრებთან საუბრისას ასევე განიხილა სახურავისა და ტაძრის მთავარი ბურჯის არქიტექტურული დიზაინის მოდელი.

შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი ქვეყანაში ცხარე კამათის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ხანძრის შემდეგ მალევე განაცხადა, რომ 96 მეტრიანი ბურჯი შეიძლება ჩანაცვლებულიყო თანამედროვე არქიტექტურული დიზაინის მქონე ნაგებობით. მაკრონი ამტკიცებდა, რომ ბურჯი ისედაც არ წარმოადგენდა ორიგინალური ტაძრის ნაწილს და დამატებული იყო მეცხრამეტე საუკუნის აღდგენითი სამუშაოების დროს არქიტექტორი იუჟინ ვიოლეტ-ლე-დუკის მიერ. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ტაძრისთვის თანამედროვე ელემენტების შეძენამ შეიძლება ის უფრო ლამაზად აქციოს, ვიდრე ხანძრამდე იყო, თუმცა, როგორც ჩანს, საფრანგეთის მთავარი არქიტექტორი მას არ ეთანხმება და ისტორიული შენობისთვის პირვანდელი დიზაინის დაბრუნებას ითხოვს.

მაკრონის იდეის მოწინააღმდეგეთა სიაშია ქვეყნის ახალი კულტურის მინისტრიც, რომელმაც ხუთშაბათს რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მანამ, სანამ პრეზიდენტი ტაძრის სახურავზე აუზის, პარკის ან გიგანტური სათბურის მოწყობაზე წინადადებებს იღებდა, ფრანგულ საზოგადოებასა და ისტორიული ნაგებობების ექსპერტებს შორის უკვე არსებობდა კონსესუსი შენობის პირვანდელი სახით აღდგენასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ნოტრ დამის საკათედრო ტაძრის ნაწილი 2019 წლის 15 აპრილს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაინგრა, აღდგენითი სამუშაოების დასრულება კი 2024 წლისთვისაა დაგეგმილი.