ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არასდროს ხარ ისეთი, როგორიც იყავი გუშინ, რადგან მუდმივად გიწევს განვითარება და სიახლეებთან ადაპტაცია. ყოველი ახალი დღე ახალი გამოწვევაა, თუმცა წარმატების მისაღწევად უნდა გახსოვდეს, რომ აქ შესაძლებლობები უსაზღვროა – ასე იწყება ინტერვიუ სამ გოგონასთან, რომლებიც საქართველოში განხორციელებული ციფრული პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს მართავენ.
ჩვენი საუბარი ციფრულ სფეროში არსებული გენდერული სტერეოტიპებით დაიწყო. ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევის თანახმად, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განხრით უნივერსიტეტში 1000-დან მხოლოდ 24 გოგონა აბარებს, მათგან ციფრული ტექნოლოგიების სფეროში საკუთარ კარიერას მხოლოდ ექვსი აგრძელებს. ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ბაზარზეც შეინიშნება მსგავსი ტენდენცია.
გენდერული დისბალანსისა და ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპული ბარიერების მიუხედავად, დღეს საქართველოში უდიდესი ლოკალური და გლობალური ციფრული პროექტებს სამი ახალგაზრდა გოგონასგან დაკომპლექტებული პატარა გუნდი კურირებს.
23 წლის თათია კობერიძის, 21 წლის თეო ზანგურაშვილისა და 24 წლის ელენე თარხნიშვილის მენეჯმენტის მეშვეობით, კომპანია Noxtton-მა 70-ზე მეტი ციფრული კამპანია და 30-ზე მეტი ტექნოლოგიური პროექტი განახორციელა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
მათი პირადი პორტფოლიო მრავალპროფილური ტექნოლოგიური და ციფრული პროექტებისგან შედგება. ისინი თანამშრომლობდნენ ისეთ გიგანტ ბრენდებთან თუ ორგანიზაციებთან, როგორებიც არის: EBRD, GULF, Access Holding, VEON და სხვა.
რთული ინდუსტრიული გამოწვევების მიუხედავად, მათ შეძლეს ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებით ნავიგაცია და მოკლე ვადაში მრავალი საინტერესო, კომპლექსური და ღირებული პროექტის განხორციელება.
„Noxtton-ში, ჩემს პირველ პროექტზე მუშაობის დროს მივხვდი, რომ ციფრულ ტექნოლოგიებს დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ. ისინი წარმართავენ როგორც ბიზნეს პროცესებს, ასევე ჩვენს ყოველდღიურობას. მუშაობდე დიჯითალში ნიშნავს, რეალურად ცვლიდე ადამიანების ცხოვრებას, მათ ქცევას, დამოკიდებულებას და შესაძლოა გადაწყვეტილებებსაც.
საბედნიეროდ, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, ჩვენივე შექმნილი პროდუქტებით და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საშუალებით პოზიტიური ზეგავლენა მოვახდინოთ ამ პროცესებზე, გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება, დავზოგოთ მათი დრო და, შეიძლება ითქვას, შევცვალოთ მათი ცხოვრების სტილი“ – გვიყვება თეო ზანგურაშვილი.
რესპოდენტების თქმით, ტექნოლოგიურ სამყაროში მუშაობა საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების არა ერთი მიმართულებით, არამედ მრავალმხრივ და მუდმივ განვითარებას გულისხმობს. ეს წარმატებისათვის ესენციურ პირობას წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმ გიგანტი კომპანიის სერვისებსა და მსხვილი მასშტაბის მქონე პროექტებზე გიწევს მუშაობა, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს.
მაღალ პასუხისმგებლობას, სტანდარტულად უფრო მაღალი მოთხოვნილებებიც ახლავს. ყველასთვის ცნობილია, რომ ციფრული ინდუსტრია მაღალი მოთხოვნებითა და განვითარების სწრაფი ტემპით გამოირჩევა, რაც ამ სფეროში ნავიგაციას კიდევ მეტად ართულებს.
მიუხედავად ამისა, რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ ინდუსტრიაში მთავარი მისაღწევად მთავარ პირობას გადაწყვეტილების მიღება და განვითარებისკენ სწრაფვაა, რადგან წარმატების უტყუარ და საყოველთაო საზომს თვითგანვითარება წარმოადგენს.
„ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც პირველად ჩავერთე ტექნოლოგიური პროექტების განხორციელების პროცესში. ამ პერიოდში არ მქონდა არც პროფესიული ცოდნა და არც გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მივხვდი, რომ ციფრული სამყარო არა დროებითი გატაცება, არამედ ის სფერო იყო, რომელშიც საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა მსურდა.
ამავდროულად, გავაანალიზე, რომ ძალიან რთული იქნებოდა პროფესიული ტრანზიციის პროცესი. თუმცა, როგორც იტყვიან, ერთ დღეში შევცვალე ყველაფერი და მთელი ჩემი ძალისხმევა ახალი მიზნისკენ – ტექნოლოგიური სამყაროსკენ მივმართე.
ბევრი ჩემი მეგობარი და ოჯახის წევრი მეუბნებოდა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, მიაჩნდათ, რომ გვიანი იყო პროფესიის შეცვლაც და ძველ გზაზე დაბრუნებას მირჩევდნენ. თუმცა, დღეს მე აქ ვარ, ვაკეთებ იმას რაც მიყვარს და ვამაყობ ჩემი საქმით.“ – გვიყვება ელენე თარხნიშვილი.
გოგონების წარმატების ფორმულა მარტივია – ფიქრობენ, რომ არ უნდა შეგეშინდეს გამოწვევების და მუდმივად უნდა გახსოვდეს, შეუძლებელი არაფერია – ახალი პროფესიის, ცოდნისა და უნარების შეძენის დრო კი ყოველთვის არის. მთავარია, გქონდეს სწორად დასახული მიზანი, მზად იყო ბევრი ძალისხმევის, შრომისა და საკუთარი თავის მენეჯმენტისათვის.
„ხშირად მეკითხებიან თუ როგორია ამ სფეროში მუშაობა, როგორია როდესაც უზარმაზარ აუდიტორიას ესაუბრები, აანალიზებ და მათთვის ციფრულ გამოცდილებას ქმნი? Ამ კითხვას ყოველთვის მარტივად ვპასუხობ: ეს არის ძალიან რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც ყოველდღიურად იცვლება ტექნოლოგიური თუ ციფრული მოთხოვნები და ტრენდები. სწრაფ ცვლილებებს თან ახლავს ბევრი შეცდომა, ხარვეზი და ნერვიულობა. სწორედ ამ მომენტში ციფრულ ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა შეუძლებელ და შიშის მომგვრელ მიზნად გვესახება, მიუხედავად ამისა, მაინც ვიღებთ გადაწყვეტილებას, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს და დავარღვიოთ ჩვენს გონებაში დაწესებული საზღვრები თუ შეზღუდვები“ – ამბობს თათია კობერიძე.
მათი უახლოესი მიზნები მსოფლიოს, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაში წვლილის შეტანას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ თითოეული განხორციელებული პროექტი კიდევ უფრო მეტად ზრდის ქვეყანაში ციფრული ინდუსტრიის მიმართ დაინტერესებას და ხელს უწყობს საქართველოს ტექნოლოგიური პოტენციალის შესახებ ცნობიერების ზრდას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
„ცოტა პათეტიკურ ნათქვამს ჰგავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს ციფრული ინდუსტრიის ერთ-ერთი მოწინავე აქტორი, თუმცა ამისთვის საჭიროა ყველა ადამიანს თავის წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს.
ჩემი და ჩვენი გუნდის მიზანია, შეძლებისდაგვარად ავაჩქაროთ ეს პროცესი და მაგალითი მივცეთ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი ყველა გოგოს, რომელიც შეიძლება ჯერ უნივერსიტეტში ან სკოლაშიც კი არ შესულა და ვუთხრათ, რომ მას ეს შეუძლია, მას ყველაფერი შეუძლია“ – ამბობს თეო ზანგურაშვილი.
მრავალპროფილური გამოცდილებისა და დიდი პორტფოლიოს მიუხედავად, ამბობენ, რომ წინ კიდევ გრძელი და თავგადასავლებით გზა აქვთ გასავლელი, რომლისთვისაც მზად არიან. საბოლოოდ კი, ყველა პატარა გოგონას ურჩევენ, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და არ შეწყვიტონ ასტრონავტობაზე ოცნება.