აქ.ახლა – რთული წლის მთავარი სიტყვები | ინტერვიუ ნინო ეგაძესთან

როცა ქვეყანაში პანდემიის მიზეზით პირველი ლოქდაუნი გამოცხადდა, როდესაც შეიზღუდა თითქმის ყველაფერი და დასაქმებულთა უმრავლესობა უმუშევარი აღმოჩნდა, თიბისიმ თქვა, რომ ის არის აქ და ახლა! ეს ხმამაღალი განაცხადი და, შეიძლება ითქვას, ცოტა ამბიციური დაპირებაცაა, თუმცა თიბისელებს „აქ.ახლა“ პირობის გაცემა არ შეშინებიათ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„აქ. ახლა“ თიბისის ახალი კონცეფციაა, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე უკეთ საპასუხოდ. ის თავისი შინაარსით ინოვაციურია და ცხოვრების გამარტივებისთვის ყველა სივრცის მაქსიმალურ ათვისებას გულისხმობს. ახალ კამპანიას თიბისის მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე განგვიმარტავს.

ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო. თიბისი მივიდა დასკვნამდე, რომ ბრენდისთვის დიდი სტრატეგიული განახლების დრო დადგა, ორგანიზაციამ მიზნად დაისახა 10 მილიონ მომხმარებელს მოემსახუროს და საკუთარ მისიად ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება აირჩია. სწორედ გუნდისთვის, ბიზნესებისთვის და ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა ის რთული გზა, რომელსაც თიბისი 2020 წლიდან დაადგა.

„ბევრი ადამიანისთვის სიმარტივის განსაზღვრება სწორედ აქ და ახლა შესაძლებლობების მიცემა, აქ და ახლა გამოსავლის მოძიება, აქ და ახლა არსებული რესურსის გამოყენებაა. ბოლო მოვლენებთან ერთად ეს ყველაფერი ძალიან რეალისტური გახდა, როცა პანდემიას შევეჯახეთ. მივხვდით, რომ ნამდვილად აქ და ახლა არის ყველა ის რესურსი გამოსაყენებელი, რომელიც გვაქვს. საკმაოდ რთულია, ოპტიმიზმი შეინარჩუნო იმ ქაოსში, რომელიც გარშემო არის, თუმცა რეალობის აღქმა და აქ.ახლა ყოფნა ერთ-ერთი გამოსავალია“.

თიბისის მარკეტინგის დირექტორი არ მალავს, რომ ახალი განაცხადით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე და არსებულმა ვითარებამ გუნდში ყველა დააფიქრა, თუმცა პასუხი მარტივი იყო – ვაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია აქ და ახლა.

„მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება, რაც ჩვენგან მოითხოვს არარეალურ ინვესტიციას ადამიანების ცოდნაში, იმაში რომ შევისწავლოთ ჩვენი მომხმარებელი, იმაში რომ გავაუმჯობესოთ პროცესები და ხშირად, შექმნაზე მეტად შეიძლება რაღაცების მოშორება ან გამარტივება იყოს საჭირო. ის რომ ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, შეპყრობილი ადამიანების ყოველდღიურობით, რომელშიც გვინდა რაღაც კონკრეტული დეტალები გავამარტივოთ, ძალიან რთული მისიაა, რომლის მისაღწევად ბევრი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს ყველას ერთად. ეს არ არის მხოლოდ ბრენდის განწყობა, ან კონკრეტულად, რომელიმე ადამიანის პირადი სურვილი, ეს არის მთელი გუნდის მზაობა რეალურ დროში მიაწოდოს თავის ბიზნესს, თავის მომხმარებელს ის სერვისი, ის პროდუქტი, რაც მას დღეს სჭირდება“.

28 წელია თიბისი მომხმარებლის გვერდითაა „შენ გვერდით შენი ბანკია“, „გამარჯობა“, „ვინც არ უნდა იყო“, „მოდი აქ“, „შენ“, „შენთვის“, თიბისი – აქ. ახლა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ახალია ურთიერთობებში ისიც, რაც პანდემიამ მოიტანა ანუ მეტი დისტანცია. ნინო გვეუბნება, რომ ბანკმა გამოწვევას თავი წარმატებით გაართვა, ეს იმიტომ რომ ციფრული არხები და დისტანციური სერვისები აქამდეც გამართული ჰქონდათ. ახალ რეალობას თავადაც მომზადებული შეხვდა. კრიზისის ადამიანი ვარო – ასე გვეუბნება, მოსწონს გამოწვევებთან შეჭიდება, რადგან ბევრჯერ გამოსცადა, რომ რთულ სიტუაციაში უფრო კონცენტრირებული და პოზიტიური ხდება. 6 წლის განმავლობაში ბევრჯერ ნახა ისიც, რომ თიბისელებს გაჭირვების დროს ერთობა ახასიათებთ, ეს კი მათ გუნდურობაში, კარგ განწყობაში და გადაწყვეტილებების სწრაფ მიღებაში ეხმარება, ისიც საინტერესოა, რომ ყველაზე რთულ დროს თიბისი ყოველთვის გამოწვევად იღებს და ახალ წამოწყებებს ეჭიდება.

„თიბისი დიდი გემივით მცურავი კომპანიაა, რომელიც მუდმივად მოქმედებს, მუდმივად წინ მიდის. მუდმივი განვითარება, ინოვაციები და ექსპერიმენტები აჩენს გამოწვევებსაც, რასაც მუდმივად სჭირდება გამკლავება. სიახლეები და ცნობისმოყვარეობა, ზუსტად ესაა, რაც ამ გუნდს მუდმივად ინოვაციის და წინსვლის რეჟიმში ამყოფებს“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის დისტანციურ ცხოვრებაზე გადაწყობას არავინ ელოდა, თიბისი სერვისებისა და პროდუქტების კუთხით რეალობას მომზადებული შეხვდა. ეს იმიტომ, რომ უკვე 10 წელია ორგანიზაცია გაციფრულების პროცესს მიჰყვება, ბანკის ტრანზაქციების 95% დისტანციურად სრულდება, თუმცა იყო გამოწვევებიც – მაგალითად, ბანკის მხრიდან საჭირო იყო იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ციფრულ პროდუქტებს სულაც არ მოიხმარენ. ნინო ამ პროცესს საინტერესოს უწოდებს, რადგან ბანკი შეეცადა ასეთი მომხმარებლებისთვისაც სრული კომფორტი შეექმნა, რაც ზოგ შემთხვევაში ფიზიკურ კონტაქტში ან დამატებით ამხსნელ პროგრამებში გამოიხატა.

გუნდისთვის პანდემიის პირობებში გამოწვევად რჩება კრეატიული პროცესის წარმართვა. ნინო ამბობს, რომ მარტივი არ არის ონლაინ ემოციისა და ინსპირაციის გადაცემა, მაგრამ ამასაც სწავლობენ, რადგან დრო ამას მოითხოვს.

ამ პროცესში გამოწვევები და შესაძლებლობები ერთმანეთს ანაცვლებს, ახლა გეოგრაფიული მდებარეობა ნაკლებად პრობლემატური ხდება. ასეა თიბისის შემთხვევაშიც, ორგანიზაციამ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან დისტანციურად დაიწყო თანამშრომლობა და დღეს რამდენიმე მათგანი უკვე თიბისის გუნდის წევრია.

ნინო აანონსებს, რომ მათგან სულ სიახლეებს უნდა ველოდოთ, ასე იქნება 2021 წელსაც. თავადაც გაოცებულები არიან წელს გაწეული სამუშაოების მასშტაბით. ამის მაგალითად ერთიც საკმარისია – როცა ყველაფერი გაჩერდა, თიბისიმ უზბეკეთში ციფრული ბანკის გაშვება შეძლო.

„როცა თიბისის 2020 წლის ამბებს ვყვებით, ადამიანებს უცნაური შეგრძნება აქვთ, როგორ შეიძლებოდა პირადი, ფიზიკური კომუნიკაციის გარეშე ასეთი შედეგი დაგვედო? ასე პროდუქტიული, ჩვენი შეფასებით, გუნდი არასოდეს ყოფილა. გუნდი – ეს არის ის, რაც გამოგვარჩევს. ერთიანობა ყველაზე დიდი მონაპოვარია, რაც გვაქვს. მეც ამ დიდი გუნდის წევრი ვარ, რითიც ძალიან ამაყი ვარ!“