გოგოს საქმე არაა, დაანებე თავი

რთულია, როდესაც ეჭვის თვალით გიყურებენ, თუ რამდენად შეძლებ, რამდენად გაართმევ თავს იმას, რაც კაცების საქმედ მიიჩნევა. უკვე 7 წელია რუსთავი 2-ში, ახალი ამბების მიმართულებით, ოპერატორის პოზიციაზე ვმუშაობ. კომპანიაში, რომელიც მენდო და ჩემი შესაძლებლობების განხორციელების საშუალება მომცა.

გოგო ვარ, მაგრამ ისევე შემიძლია გადაღება როგორც ბიჭს – ამის დასამტკიცებლად ძალიან დიდი დრო და შრომა დამჭირდა. ორმაგი სტრესია, რადგან გადაღების პროცესში ფიზიკურად და გონებრივად თანაბრად იტვირთები. ამავე დროს, გიწევს კადრის რაკურსისა და ზოგადად, ჩანაფიქრის სწრაფად განხორციელება. დატვირთვასთან ერთად, ეს ერთგვარი აზარტიცაა, მუდმივად სიახლის ძიება… ამიტომ მიყვარს ჩემი პროფესია.

იყო გოგო ოპერატორი ნიშნავს, რომ ნდობის მოსაპოვებლად იმაზე მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე ზოგადად, ბიჭებს უწევთ“ – თამთა ობოლაძე, 29 წლის, ოპერატორი.

როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?

საოპერატორო ხელოვნებისა და მონტაჟის შესწავლა 2008 წელს დავიწყე, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. პირველივე გადაღების შემდეგ დავრწმუნდი ჩემი არჩევანის სისწორეში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით ძალიან ცოტა გოგო მუშაობდა. მეორე კურსიდან ტელესტუდია „ლოკოკინოში“ აღმოვჩნდი, სადაც გადაცემა „რეგიონის დროით“ მზადდებოდა. სტუდიაში მუშაობის პერიოდში რეგიონებში დავდიოდი და სიუჟეტებს სხვადასხვა სოციალურ თემებზე ვიღებდი. ასევე ძალიან მაინტერესებდა დოკუმენტალისტიკა და შევეცადე ამ მხრივაც განვვითარებულიყავი, რაც დღემდე ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებად რჩება. ჩემს სფეროში ხომ ყველაზე მეტად სწორედ პრაქტიკა გზრდის. საკუთარ თავზე უნდა მუშაობდე, რა თქმა უნდა ამ დროს შეცდომებსაც უშვებ, რადგან ამ საქმეში სხვის შეცდომებზე ვერ ისწავლი. 

რა იყო უნივერსიტეტის შემდეგომ? 

ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშნველოვანი ეტაპი რუსთავი 2-ს უკავშირდება, როდესაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გავხდი ამ დიდი ოჯახის წევრი და შევუერთდი დიდ სცენას. მსმენია, რომ გოგო ოპერატორები იყვნენ, თუმცა მხოლოდ სტუდიაში, ახალ ამბებზე კი ერთადერთი გოგო ვიყავი, რაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. რუსთავი 2 მართლაც არის ის კომპანია, რომელმაც მომცა შანსი, ჩემი სქესის მიუხედავად, ამ სფეროში ბევრი რაღაც მესწავლა, განვვითარებულიყავი და რაც მთავარია – ნდობა მომეპოვებინა.

რა იყო ყველაზე მნიშნველოვანი გამოცდილება თქვენს კარიერაში?

ორ მიმართულებას გამოვყოფდი – თავდაპირველად ეს იყო დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობა, სადაც მთელი ისტორია კადრებით უნდა აღგვედგინა, რეკონსტრუქცია გაგვეკეთებინა და შემდეგ ისე გადმოგვეცა. ამ პერიოდში გამოცდილ რეჟისორთან ერთად ვმუშაობდი. პროექტის „ვარდისფერი ეპოქის“ ფარგლებში გადავიღეთ სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. ეს მართლაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო.

ასევე ძალიან ბევრი რამ მასწავლა ახალ ამბებზე მუშაობამ. სხარტ აზროვნებაში გამომაწრთო, გამაძლიერა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც.

რა გაძლევთ მოტივაციას?

პირველი რიგში ოჯახი – ჩემი დები და მშობლები, რომლებიც, ყოველთვის მხარში მიდგანან. ყველა წინააღმდეგობას, რაც თუნდაც ჩემი სქესიდან გამომდინარე მხვდება ჩემს პროფესიაში, პირველი სწორედ მათ ვუყვები. ფაქტი, რომ ასე ამაყობენ ჩემით, უკვე საკმარისი მოტივაციაა.

ოჯახთან ერთად თანამშომლები და მეგობრებიც მაძლიერებენ – მოტივაციაა ჩემი ყოველდღიურობა, საკუთარი თავის რწმენა და ფიქრი იმაზე, რომ მაინც დავამტკიცებ – მე შემიძლია.

რა სახის წინააღმდეგობები გხვდებათ ყოველდღიურად თქვენს საქმეში და როგორც ცდილობთ მასთან გამკლავებას?

ის რომ ქალი ვარ – აქედან მოდის ყველა სხვა წინააღმდეგობაც. უფრო მეტად თავის დამკვიდრების ამბავია, ყველა იმაზე გიმახვილებს ყურადღებას, რომ გოგო ხარ და ხშირად პირდაპირ გეუბნებიან – “გოგოს საქმე არაა, დაანებე თავი.” როდესაც ეს გესმის, რთულია არ გატყდე, არ მოდუნდე, არ დანებდე და გჯეროდეს საკუთარი წარმატების, თან იმ დროს, როდესაც დაახლოებით 16 კილო ტექნიკას ატარებ.

თქვენი აზრით, გაიზარდა ქალების მიმართ მიმღებლობა კაცების მიერ დომინირებულ სფეროებში?

ვფიქრობ, პოზიტიური ცვლილებები არის, თუმცა სტერეოტიპები ისევ არსებობს ქალებისა და კაცების პროფესიებზე. მიუხედავად ამისა მიმაჩნია, რომ პროგრესი მაინც გვაქვს.

და რა არის ამ პროგრესის საფუძველი?

ვხვედავ, რომ უფრო მეტი ქალი აქტიურდება ე.წ. მამაკაცის პროფესიებში. ბოლო წლებში ოპერატორის სპეციალობასაც ბევრი გოგო ეუფლება. რაც უფრო მეტი ასეთი მაგალითი იქნება, მით უფრო მალე დაინგრევა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. მიმაჩნია, რომ ეს ერთგვარი პრევენციაც არის ისეთი სერიოზული პრობლემისა, როგორიც ქალთა მიმართ ძალადობაა. ძლიერი, რეალიზებული ქალი საკუთარ და სხვის უფლებებსაც უკეთ დაიცავს.

რაშია ქალების ძალა?

პირველ რიგში, ჩემი ძალა სწორედ ისაა, რომ ქალი ვარ. ეს უკვე მოტივაციაა ჩემთვის. მნიშვნელოვანია, ბრძოლისუნარიანები, მიზანსწრაფულები ვიყოთ და გვჯეროდეს ჩვენი პროფესიონალიზმის.

რითი უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?

სოლიდარობა ძალიან დიდ როლს თამაშობს. ჩვენი წარმატებით ერთმანეთს სტიმული უნდა მივცეთ.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს თავიანთ საქმეში?

არ შეეშინდეთ სირთულეების. გაბედონ და აუცილებლად გადადგან ნაბიჯი დასახული მიზნისკენ. ბევრი სირთულე შეხვდებათ, მაგრამ გადალახონ და გაძლიერდნენ.

რაც მთავარია, დაიმახსოვრონ, რომ სუსტი ან ძლიერი სქესი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სურვილი, მიზანი და საჭიროა ძალიან ბევრი შრომა.