ელისო რუხაძე – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი

ელისო რუხაძე კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქალთა უფლებადამცველი და ქალთა მოძრაობის წევრია.

ელისო ადვოკატია საერთო სპეციალიზაციითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. საადვოკატო საქმიანობასთან ერთად ელისო გახლავთ  ექსპერტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, ქალთა უფლებების აქტივისტი, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის „საფარი“ იურისტი, ტრენერი გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამართალწარმოების სტრატეგიებში.

ელისო რუხაძე საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის სრული წევრია (International Bar Association/IBA). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ელისო რუხაძე ქალთა უფლებების დაცვისა და წარმოჩენის მიზნით აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში, კერძოდ, ის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრია.

ელისო ყოველდღიურად ახერხებს გოგონათა და ქალთა უფლებების დაცვასა და ადვოკატირებას ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებით, მათი ინტერესების ლობირებას პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშროლობის გზით.

შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

მასალა მომზადებულია ნომინაციაზე ელისო რუხაძის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.