თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს ვირტუალურად გაიმართება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მკითხველთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კულტურული მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სულმოუთქმელად ელოდება. ეპიდემიის გავრცელების მიუხედავად, ტრადიციად ქცეული ღონისძიება გულშემატკივრებს წიგნების გარეშე არც წელს დატოვებს: საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 30 და 31 მაისს თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურად გაიმართება. 

თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში მონაწილეობას 20-მდე გამომცემლობა მიიღებს. თითოეული მონაწილე მკითხველებს განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს, რომლითაც ისინი 30 და 31 მაისს ისარგებლებენ. სასურველი წიგნების შეძენა მათ ონლაინ გამოფენა-გაყიდვის ვირტუალურ პავილიონში შეეძლებათ.

წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნდება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფცია, რომელიც რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს: ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრა ქართველ მწერლებთან, საბავშვო პროგრამა და ა.შ. ამასთან, პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული ფორმატით 2020 წლის 24-27 სექტემბერს გაიმართება.

იხილეთ წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვის  ვირტუალური პავილიონი აქ.