დემოგრაფიული ცვლილება არ არის კრიზისი – ეს შესაძლებლობაა

ევროპა დემოგრაფიული გადასვლის შუა პერიოდს გადის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. ადამიანები ირჩევენ ნაკლები შვილი ჰყავდეთ, უფრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ზრდას განაგრძობს. ბევრი მათგანი საკუთარ ქვეყანას ტოვებს და სხვა ქვეყანაში მიემგზავრება, უკეთესი შესაძლებლობების ძიებაში.

შედეგად, ევროპის მოსახლეობა სწრაფ დაბერებას განიცდის. უკვე დღეს, ყოველი ოთხი ევროპელიდან ერთი 60 წლის ან 60 წელზე მეტი ასაკისაა. 2050 წლისათვის, კონტინენტის მოსახლეობის ერთ-მესამედზე მეტი ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი იქნება.

ფოტო: დინუ ბუბულიჩი

არის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა იკლებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით იკვეთება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც შობადობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია, ბევრი ადამიანი საზღვარგარეთ სამუშაოდ მიემგზავრება და მთავრობები ვერ, ან არ ატარებენ პოლიტიკას იმიგრანტთა მოსაზიდად. 

აღნიშნულ დემოგრაფიულ ცვლილებებს ხშირად კრიზისს უწოდებენ, მაშინ როცა ის ფაქტორები, რომლებიც ამ ცვლილებებს განაპირობებს, რეალურად, სასიკეთო ძვრებს ასახავს, ბევრი მიმართულებით. მოსახლეობის დაბერება განპირობებულია იმით, რომ ადამიანები ჯანსაღი ცხოვრების წესს ირჩევენ, რაც მათ უფრო ხანგრძლივად ცხოვრების საშუალებას აძლევს. შობადობის შემცირება – არა მხოლოდ, მაგრამ ნაწილობრივ – უკავშირდება იმას, რომ ქალები მეტი ხმის უფლებით, არჩევანითა და შესაძლებლობებით სარგებლობენ. და, ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის შემცირება განპირობებულია იმით, რომ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ  გადაწყვიტონ, სად სურთ ცხოვრება და მუშაობა.

და მაინც, დემოგრაფიული ცვლილების შედეგებთან გამკლავება მარტივი არ არის. სულ უფრო და უფრო ნაკლებ სამუშაო ასაკის ადამიანს უწევს უზრუნველყოს ხანდაზმული ადამიანების მუდმივად მზარდი რაოდენობა. სოციალური სისტემები მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდის. და გაცილებით ძვირი ჯდება ინფრასტრუქტურისა და მომსახურებათა შენარჩუნება იშვიათად დასახლებულ სოფლის ტერიტორიებზე.

არსად ჩანს ეგზისტენციალური საფრთხეები. ეს არის გამოწვევები, რომლებიც გადაწყვეტილებებს საჭიროებს. მისასალმებელია ის, რომ უკვე არსებობს მზარდი თანხმობა იმის შესახებ, თუ რა მუშაობს დემოგრაფიული ცვლილების შედეგებთან გასამკლავებლად და რა – არა.

ძირითადი აქცენტი, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპაში, კეთდება შობადობის მაჩვენებლების ზრდაზე და მთავრობები ცდილობდნენ ფინანსური ხელშეწყობის დაპირებებით წაახალისონ ადამიანები, რათა მათ მეტი შვილი იყოლიონ. ჩვენ ხელთ არსებული მტკიცებულება იმაზე მეტყველებს, რომ ეს არც ისე კარგად მუშაობს: შობადობა შეიძლება დროებით გაიზარდოს, მაგრამ ეს თითქმის არანაირ ზემოქმედაბას არ ახდენს სიცოცხლის მანძილზე ქალების მიერ გაჩენილი შვილების რაოდენობის მაჩვენებელზე. და იმ ქვეყნებშიც კი, სადაც შობადობის მაჩვენებელი რეალურად იზრდება, ცვლილება უმნიშვნელოა და ევროპის ვერც ერთი ქვეყანა, თუნდაც ის ქვეყნები, რომლებიც მშპ-ს უდიდეს წილს ოჯახის მხარდაჭერას ახმარს, ვერც კი მიუახლოვდა მაჩვენებელს, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სტაბილიზაციას, რომ აღარაფერი ვთქვათ ზრდაზე.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა უსარგებლოა. პირიქით, გონივრულად გათვლილი ზომები, რომლებიც ახალგაზრდებს უმარტივებს ოჯახის შექმნას, აუცილებელია, რათა ადამიანებმა მათთვის სასურველი რაოდენობის შვილები იყოლიონ. აღნიშნული საჭიროებს იმ მრავალი ბარიერის მოხსნას, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან ბავშვების გაჩენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას: ეკონომიკური გაურკვევლობა, საცხოვრებლის მაღალი ღირებულება, მზარდი უშვილობა, ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობის ნაკლებობა და ქალების მოლოდინი, რომ მათ მოუწევთ საკუთარ კარიერაზე უარის თქმა და ოჯახზე ზრუნვის ტვირთის მხოლოდ საკუთარ თავზე აღება.

ზოგადად, დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავებისას ის, რაც უკეთ მუშაობს, არის ადამიანებზე ორიენტირებულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ღონისძიებათა ყოვლისმომცველი პაკეტის შემუშავება, რომელიც მოიცავს მრავალ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ფაქტორს, რომლებიც გავლენას ახდენს საკუთარ ცხოვრებასა და მომავალზე ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და არჩევანზე.

და სწორად დაგეგმილი და გახორციელებული პოლიტიკის შემთხვევაში, დემოგრაფიული ცვლილები ინოვაციების შესაძლებლობებს ქმნის, რაც ქვეყნებს აყვავებული მომავლისკენ უხსნის გზას. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ისეთი ადგილები, როგორიცაა კლუჟი – რუმინეთში ან ბელგრადი – სერბეთში, იქცა მაღალტექნოლოგიური მრეწველობის ცენტრებად, რომლებიც იზიდავს ნიჭიერ ადამიანებს, როგორც ქვეყნებს შიგნით, ასევე ქვეყნებს გარედან.

ევროპის მასშტაბით, მიგრანტები ბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, და მათ თან მოაქვთ ღირებული უნარები, ცოდნა და კავშირები. სოფლის ტერიტორიები აღორძინების გზას ადგას, რადგან ციფრული მოქალაქეები უფრო მწვანე, სტრესისგან თავისუფალი და ოჯახური ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობების საძიებლად სწორედ ასეთ გარემოს ირჩევენ. მთავრობები ცდილობენ ხანდაზმული ადამიანების უნარების გამოყენებას და ეძებენ ეკონომიკასა და საზოგადოებაში მათი უკეთ ინტეგრირების გზებს. ხოლო ქალების, უმცირესობებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფებისთვის შრომის ბაზრებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად წარმოებს აქამდე არასაკმარისად გამოყენებული რესურსების ათვისება. ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ხელს უწყობს ქვეყნებს უკეთესად გაუმკლავდნენ დემოგრაფიულ გამოწვევებს.

ბულგარეთის მთავრობასთან ერთად, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), მთელი ევროპიდან მთავრობის ხელმძღვანელებისა და წამყვანი სპეციალისტებისა და ექსპერტებისთვის მართავს მაღალი დონის კონფერენცია, 2021 წლის 1-2 დეკემბერს, სოფიაში, რომელზეც განხილული იქნება ინოვაციური გადაწყვეტილებები და საიდანაც სათავეს აიღებს დემოგრაფიული მდგრადობის ათწლეული.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კონფერენცია იქნება გადამწყვეტი ეტაპი ევროპის დემოგრაფიული მომავალის შენების გზაზე, და დაეხმარება ქვეყნებს საზოგადოებათა წინსვლის გზების გამონახვაში, მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე.

დროა, უკან მოვიტოვოთ შფოთვისა და განწირულობის განცდა, რომელსაც წამყვანი ადგილი ეჭირა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოებულ დისკურსში, ამდენი ხნის მანძილზე, და შევხედოთ დემოგრაფიულ ცვლილებებს, როგორც უფრო ინკლუზიური, უფრო მრავალფეროვანი და, საბოლოო ჯამში, უფრო ძლიერი და აყვავებული საზოგადოებების შექმნის შესაძლებლობას.

 

ალანა არმიტაჯი – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი