სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტად ნინო სუქნიძე დაინიშნა

სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტად ნინო სუქნიძე დაინიშნა

Photo Credits to Georgian Chamber of Commerce and Industry

სავაჭრო პალატას ახალი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. ნინოს სუქნიძეს 18-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ბიზნეს სამართლის მიმართულებით. ის დიდი ნდობით სარგებლობს როგორც უცხოელ, ასევე – ქართველ კლიენტებთან. აღსანიშნავია, რომ ის არის იურიდიული კომპანიის „სუქნიძე და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი. ნინო სუქნიძის საქმე უკავშირდება საბანკო, საფინანსო, საკორპორაციო, კაპიტალის ბაზრის, ტელეკომუნიკაციების, შრომის, ენერგეტიკისა და არაერთ სხვა სფეროს. მას უმუშავია ტრანზაქციების მიმართულებით და ასევე აქვს დავებში წარმომადგენლობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იურიდიული კომპანიის შექმნამდე ის იყო საქართველოს ბანკის გენერალური მრჩეველი. ამ თანამდებობის დაკავებამდე ნინო იყო საერთაშორისო იურიდიული კომპანიის „DLA Piper საქართველოს“ მთავარი ადვოკატი და იურიდიული დირექტორი. ამავე პერიოდში ის იკავებდა საერთაშორისო იურიდიული კომპანიის Dentons Georgia-ს იურიდული მრჩეველის პოზიციას.

ნინო სუქნიძე იყო საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის ფინანსური დირექტორის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მანამ, სანამ საკონსულატიო სფეროში დაიწყებდა მუშაობას. მას გავლილი აქვს სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჰოლანდიაში არაერთ იურიდიულ კომპანიაში. ის ასევე იკავებდა PA Consulting Group Gmbh-ს საქართველოს წარმომადგენლობის მთავარი იურიდიული მრჩევლის პოზიციას.

განათლებას რაც შეეხება, ნინო სუქნიძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი. ის არის როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის მაგისტრი (LL.M cum laude) ბიზნეს და სავაჭრო სამართალში.