პოსტ-პანდემიური გზამკვლევი ბიზნესისთვის

„პანდემიამ ცხოვრების წესი შეცვალა!“ წინადადება, რომელიც ზუსტად ისეთივე მოსაწყენი გახდა, როგორც თავად პანდემია. ცხოვრება გრძელდება და გრძელდება იმ ახალ გამოწვევებთან ერთად, რომლებიც უკვე არც ახალი აღარ არის და არც სამყაროს უქადის დასასრულს. Covid-19-ის შეწონილი ღირებულება ნელ-ნელა სოციალურ მედია ალგორითმებშიც მცირდება, ინტერესი იკლებს. ნაკლებად სავარაუდოა ისიც რომ შენმა მეგობარმა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ყველა რიცხვს იზეპირებდა ახლა მიახლოებით მაინც იცოდეს გუშინ ახალი კორონა ვირუსით რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ბრიტანეთში. თუ არ გჯერა – ჰკითხე. თუმცა, ფაქტია, რომ დღევანდელი გამოწვევები ძირეულად განსხვავდება 2020 წლის პირველი თვეების გამოწვევებისგან.

ზიანი, რომელიც პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას მიაყენა, საფუძვლიანად კიდევ დიდხანს ვერ აღმოიფხვრება. 2020 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 5%-იან შემცირებას პროგნოზირებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ესეც იმ შემთხევაში, თუ წლის მეორე ნახევარში ვირუსის კონტროლი მოხერხდება. დასუსტებულ ეკონომიკასთან ერთად, შეშინებული მომხმარებლები, მოულოდნელი რისკები და სახელმწიფოების ინტერვენციები თავისუფალი ბაზრის პრინციპებში ქმნის იმ არასახარბიელო გარემოს, რომელშიც თანამედროვე ბიზნესებს არსებობის გაგრძელება მოუწევთ.

იმაზე მსჯელობა – კიდევ უფრო გაუარესდება თუ არა ბიზნეს გარემო, ან თუ გაუარესდება, რა გახდება ამის მიზეზი – ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია. სამაგიეროდ, პრესტიჟული საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციები თანხმდებიან იმაზე, რომ მოცემულ რეალობაში უმოქმედოდ შეჩერებული ბიზნესისათვის გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იქნება. თუმცა, ცხადია, რომ ყველა მოქმედება სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. იმისთვის რომ ბიზნესმა მოახერხოს პანდემიის შედეგად გამოვლენილ ძირითად გამოწვევებთან გამკლავება, აუცილებელია შემდეგი ოთხი პრინციპი გაითვალისწინოს:

შემოსავლის აღდგენა: ბიზნესის მთავარ მიზანს სწორედ შემოსავლის გენერირება წარმოადგენს, მაგრამ პანდემიის მიერ შერყეული ბიზნეს გარემოს პირობებში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. არაპროგნოზირებადი ბიზნეს-კლიმატი არ იძლევა დროში გაწელილი მოქმედების საშუალებას. პირიქით, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც სწორ, მოქნილ გადაწყვეტილებებს მიიღებს მაქსიმალურად მცირე დროში. თუმცა, ამავე დროს აუცილებელია, რომ ბიზნესებმა სწორად მოახერხონ საკუთარი მომხმარებლების საჭიროებების გააზრება. მნიშვნელოვანია დეტალურად და სიღრმისეულად შეაფასონ ის, თუ რა ზომისა და ფორმის ზიანი მიიღო მათმა მომხმარებელმა პანდემიის შედეგად. იდენტიფიცირების შემდეგ კი აუცილებელია ისეთი პროდუქტის, სერვისის თუ ფორმატის შეთავაზება, რომელიც განსხვავებული იქნება კონკურენტებისაგან. სწორედ სხვა მიმწოდებლებისგან განსხვავებულობა იქნება პოსტ-პანდემიურ გარემოში შემოსავლის მოზიდვის მთავარი გარანტი.

ბიზნეს ოპერაციების გადაწყობა: პანდემიამ, ერთი მხრივ სრულიად შეცვალა მოთხოვნის მხარეს დამკვიდრებული ქცევითი მოდელი, ხოლო მეორე მხრივ გამოააშკარავა გლობალური მიწოდების ჯაჭვთა სიმყიფე. კომპლექსური გამოწვევების მიუხედავად, კომპანიათა ნაწილმა მოახერხა სწრაფად და წარმატებით აჰყოლოდა ცვლილებებს და, შესაბამისად, ზიანისგანაც დაეძვრინა თავი. ასეთი კომპანიების უმეტესობა ხასიათდებოდა მოქნილი მიწოდების ჯაჭვებითა და საოპერაციო სისტემის გადაწყობის შესაძლებლობით. შესაბამისად, სხვა ბიზნესებმაც – რომლებსაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვება და პოსტ-პანდემიურ ეკონომიკაში გადარჩენა სურთ – უნდა გაითვალისწინონ, რომ აუცილებელია მოქნილი საოპერაციო სისტემებისა და მიწოდების ჯაჭვების შექმნა, რომლებიც გათვლილი და მორგებული იქნება მოსალოდნელ გლობალურ შოკებზე.

უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების შექმნისთვის საჭირო მარტივ გამოსავალს, მათი მაქსიმალური დივერსიფიცირება ან/და რეგიონალიზაცია წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში, ბიზნესი უფრო დაცულია გლობალური რისკებისგან.

სისტემური რეორგანიზაცია: კრიზისულმა გარემომ, რომელშიც ბიზნესს არსებობა უწევს უკანასკნელი 5-6 თვეა, ძალიან ბევრი სისტემური ნაკლოვანება გამოამჟღავნა. ქცევითი და ორგანიზაციული მოდელები, რომლებიც უკვე კორპორაციული ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იყვნენ ქცეულნი, კრიზისის პირობებში სრულიად უმნიშვნელო აღმოჩდნენ. ახლა, როცა ბიზნესი ნელ-ნელა ძველ ნორმას უბრუნდება, მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს იმის შეფასება, თუ რა უნდა დარჩეს კრიზისულ დევიაციად და რისი გადატანა იქნება შესაძლებელი პოსტ-კრიზისულ საქმიანობაში.

კომპანიებს მიეცათ საშუალება გადაიაზრონ თუ ვინ არიან, რა უნდათ და როგორ უნდა მიაღწიონ იმას, რაც უნდათ. კრიზისმა მოიტანა იმის შესაძლებლობა, რომ ბიზნესმა გადახედოს და გადააფასოს საკუთარი საჭიროებები. თუმცა, განახლებული ბიზნეს-გარემოსთვის, სისწრაფე იმაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო. ტრანსფორმაციისათვის და ახალი კომერციული ნიშის მორგებისთვის მარათონი უკვე დაწყებულია. კომპანიებს რეორგანიზაციისთვის მინიმალური დროის დათმობა და მაქსიმალური მოქნილობა დასჭირდებათ, რათა განვითარების პროცესს არ ჩამორჩნენ. თუმცა, ამ მარათონს აუცილებლად ეყოლება გამარჯვებულები და დამარცხებულები.

სამუშაო პროცესის გაციფრულება: ეს არის პროცესი, რომელიც პანდემიამდე ბევრად ადრე დაიწყო, თუმცა გარემოებებიდან გამომდინარე მისი დაჩქარება მოხდა. სამუშაო პროცესის გაციფრულება ეხება არა მხოლოდ კომპანიის შიგნით არსებულ საქმიანობებს, არამედ მის გარეთ მიმდინარე პროცესებსაც. საყოველთაო კარანტინებმა მსოფლიოს მასშტაბით დააჩქარა და გამოაჩინა ცხოვრების წესის გაციფრულების აუცილებლობა. პანდემია იმის ნათელი მაგალითი გახდა, რომ სერვისების გაციფრულება არა მხოლოდ ტექ-კომპანიებისთვის ან დიდი ზომის გადამყიდველებისთვის არის აუცილებელი, არამედ პატარა მეწარმეებისთვისაც.

მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომელთა დაბრუნება ზუმიდან ოფისში რთული ამოცანა სულაც არ არის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომპანიათა დიდმა ნაწილმა თვეების განმავლობაში შეძლო ფუნქციონირების გაგრძელება, ინოვაციური გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია და სხვა რუტინული საქმიანობების გატარება ისე, რომ თანამშრომლები ერთხელაც არ შეხვედრილან პირისპირ. მსგავსი გარემოებები მაგალითად, 60-იანების ეკონომიკას, სრულად გაანადგურებდა. პოსტ-პანდემიის ცხოვრების წესი კიდევ უფრო მეტად იქნება ელ-სერვისებზე მორგებული. შესაბამისად, 60-იანების აზროვნებით თანამედროვე ეკონომიკაში გადარჩენა ალბათ წარმოუდგენელი იქნება.

ბიზნესის ზომისა და სექტორის მიუხედავად, საქმიანობის გაციფრულება ყველასათვის აუცილებელი გახდა. თუ ერთ დროს სამუშაო პროცესის გაციფრულება ზედმეტ ხარჯს წარმოადგენდა, ახლა ეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად.

ქართული ბიზნეს გარემო: საქართველო როგორც პატარა, ღია ეკონომიკა, მოწყვლადია საერთაშორისო და რეგიონალური შოკების მიმართ. 2020 წლის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 4-5%-ით შემცირდება. საქართველოსთან ერთად, მძიმე ეკონომიკურ შედეგებს ელოდებიან მეზობელი ქვეყნებიც, რაც თავისთავად ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად რჩება.

განსხვავებით მსოფლიოს უმეტესობისგან, პანდემიის პირველი ტალღა საქართველოში მსუბუქად გადავიარეთ, რაც გარკვეულწილად, მკაცრი შეზღუდვების შედეგად მოხდა. ლოგიკური იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ ქართველი მომხმარებელი ნაკლებად შეშინებულია სხვა ისეთი ქვეყნის მომხმარებელთან შედარებით, რომელშიც ვირუსის გავრცელების უფრო მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა. თუმცა, მკაცრმა ეკონომიკურმა შეზღუდვებმა, ჩაკეტილმა საზღვრებმა და შემცირებულმა გზავნილებმა ქართველი მომხმარებლის ეკონომიკური შესაძლებლობები საგრძნობლად შეამცირა. შესაბამისად, ბიზნესი უნდა ეცადოს ადაპტირდეს არსებულ მოცემულობებზე.

მცირდება პროდუქტზე მოთხოვნა, მაგრამ არა ინტერესი, რაც ქართველ მეწარმეებისთვის ტოვებს სივრცეს მოერგონ ბაზრის ახალ გამოწვევებს და გაითვალისწინონ ზემოთ მოყვანილი ოთხი ძირითადი პრინციპი, მოახდინონ მომხმარებლის სეგმენტაცია და სწორად მორგებული პროდუქტი გაიტანონ ბაზარზე. რისკი იმისა, რომ ქართული ბიზნესის ნაწილი პოსტ-პანდემიურ გარემოს ვერ გაუძლებს და საქმიანობის შეჩერება მოუწევს რეალურია. თუმცა, ასევე რეალურია შესაძლებლობა, რომ სწორად გადადგმული ნაბიჯებისა და მოქმედების შემთხვევაში, მერყევი ბიზნეს გარემო – წარმატების საწინდარი გახდეს.

 

ავტორი: გიგი ორმოცაძე, EPRC-ის მკვლევარი

ფოტო: Shutterstock

No Comments Yet

Comments are closed