საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა აუქციონზე გაიყიდება

კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიწის ნაკვეთი და მასზე მიმაგრებული შენობები 16 ივლისს, აუქციონზე გაიყიდება, – ეს ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა გაავრცელა. ისტორიული შენობის გასხვისების საკითხს პირველი არხის სამეურვეო საბჭომ ერთ ხმად დაუჭირა მხარი.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ჩადებული პირობის თანახმად, ახალი მყიდველი შენობის ექსპლუატირებას მხოლოდ მას მერე შეძლებს, რაც საქართველოს პირველი არხი ახალ შენობაში გადაინაცვლებს, ანუ 2023 წლის აპრილის ბოლოდან.

აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა, რომელიც თბილისში, პოლიტკოვსკაიას 31-ში უნდა აშენდეს და რომლის ღირებულება დაახლოებით 81 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალ შენობაში გადასვლის აუცილებლობას, საზოგაოებრივი მაუწებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ასე განმარტავს: „ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის ავარიულობის გამო, ბევრი წლის წინ არის მიღებული, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, რა ფორმით მოხდებოდა მშენებლობა. კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია არის შეუძლებელ და მისი ავარიული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. თავი დავანებოთ იმას, რომ გადახრილია, აქ არის მიწისქვეშა წყლების თემაც“.

შენობის შესაძენად, რომლის საწყისი ფასი თითქმის 122.5 მილიონი ლარია, მსურველებს ოცდაათი დღე აქვთ. აუქციონი 16 ივლისს, შუადღის 12 საათზე დასრულდება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.