ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად შეცვალა ის კანონი, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Huawei-სთან თანამშრომლობას უკრძალავდა, – ინფორმაცია ამის შესახებ ორშაბათს გავრცელდა. ახალი კანონის მიხედვით, თვითმართვადი ავტომანქანების, ხელოვნური ინტელექტის, 5G-სა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების სტანდარტების დაწესების კუთხით, ამერიკული კომპანიები Huawei-სთან თანამშრომლობას კვლავ შეძლებენ.
„ამერიკის შეერთებული შტატები არ დაკარგავს ლიდერობას გლობალური ინოვაციების კუთხით. [კანონის შეცვლის] ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, თუ რა როლი აკისრია ამერიკულ გამჭრიახობას ჩვენი ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვასა და განვითარებაში“ – განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა უილბურ როსმა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საერთაშორისო ტექნოლოგიურ სტანდარტებად, სწორედაც რომ ამერიკული სტანდარტები დაწესდეს.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვები მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების დაწესების კუთხით მოიხსნა, ხოლო კომერციული მიზნებით, Huawei-სთან თანამშრომლობა ამერიკულ კომპანიებს ჯერ კიდევ ეკრძალებათ.
Huawei და მისი საერთაშორისო პარტნიორები ე. წ. „შავ სიაში“ მას შემდეგ მოხვდნენ, რაც 2019 წელს, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა დაპატენტებული ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების უნებართვოდ გამოყენების გამო ისინი ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშად გამოაცხადა.