PHR-მა საჯარო ბაღის საქმეზე გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში დავა მოიგო

PHR-მა (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში პირველი დავა მოიგო. საქმე ეხება 2017 წელს საჯარო ბაღში მომხდარ შემთხვევას – აღმზრდელმა 3,5 წლის აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა მას შემდეგ, რაც ბავშვმა მისი დავალება, სახლი დაეხატა, კარგად ვერ შეასრულა.

ფოტო: Alamy

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბავშვს სახეზე დაზიანებები ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული. დაზარალებულის დედამ შვილის ინტერესების დასაცავად ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2018 წლის აპრილში მიმართა.

რამდენიმე თვეში PHR-ის ადვოკატებმა ბავშვის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს, თუმცა პროკურორმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ უკანასკნელის განმარტებით, ვერ დგინდებოდა, რომ ბავშვს დაზიანებები ძალადობის შედეგად ჰქონდა მიღებული. დაზარალებულის ადვოკატებმა გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს, თუმცა ეს ნაბიჯიც უშედეგო აღმოჩნდა.

ამის შემდეგ PHR-ის ადვოკატებმა მტკიცებულებები შეაგროვეს და დაზარალებულის უფლებების დასაცავად გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს.

როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ „2022 წლის 07 ივნისს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია გიორგის (დაზარალებულის) ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლით.

კომიტეტმა განმარტა, რომ გიორგის საჯარო ბაღში მისვლისას სახეზე რაიმე დაზიანება არ ჰქონდა. ვერ იქნა წარდგენილი რაიმე დამაჯერებელი განმარტება ბავშვის ყურებსა და სახეზე არსებული დაზიანებების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ საჯარო ბაღის მასწავლებლის მიერ ბავშვის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.

კომიტეტმა მხედველობაში მიიღო, რომ ბავშვმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა საჯარო ბაღის აღმზრდელის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მოპყრობა“.

გარდა ამისა, კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ არ აიღო პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვმა დაზიანებები საჯარო ბაღში ყოფნის პერიოდში მიიღო, ასევე დაირღვა გამოძიების სტანდარტები.

„ბავშვის მიმართ ძალადობის საქმეებზე გამოძიებას უნდა აწარმოებდნენ კვალიფიციური პროფესიონალები, ვისაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი და უნდა იყენებდნენ ბავშვის უფლებებზე დაფუძნებულ და ბავშვზე მორგებულ მიდგომებს. სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა შესაძლო გონივრული ნაბიჯი რომ დაიცვან ინციდენტთან დაკავშირებული მტკიცებულებები. ასევე, გამოძიება უნდა წარმიმართოს სწრაფად და გონივრულ ვადაში“ – აღნიშნულია კომიტეტის განმარტებაში.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა სახელმწიფოს დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადაცემა, ასევე მსგავსი შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფა დაავალა.

 

1 Comment

Leave a Reply

Your email address will not be published.