უკრაინის გენერალურმა პროკურორმა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ საქმე აღძრა

Photo Credits to Mykola Lazarenko

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ საქმე აღძრა პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ. გამოძიება 4 სხვადასხვა მუხლით მიმდინარეობს.

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს გამოძიება თანამდებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას, სასამართლო დადგენილებისადმი დაუმორჩილებლობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ედავება.

საქმე ეხება პეტრო პოროშენკოს მიერ 2017 და 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას. პროკურატურის მტკიცებით პრეზიდენტმა 2017 წელს გამოცემული N357 და 2019 წელს გამოცემული N195 ბრძანებებით ქვეყნის კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები დაარღვია.

გამოძიებას საქმეზე აწარმოებს უკრაინის ცენტრალური საგამოძიებო ბიურო, ხოლო საქმეს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ქვეყნის გენპროკურატურა აწარმოებს.

ბრალდებას უკვე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი. მისი თქმით, აღნიშნული საქმე „სამართლებრივი ნაგავია“ და ადგილი აქვს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნას.