წინასწარი მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე რეფერენდუმში რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც პუტინს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას 2036 წლამდე მისცემს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით მოსახლეობის 78%-მა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ მისცა. რეფერენდუმში საკუთარი არჩევანი მოქალაქეთა 65%-მა დააფიქსირა.
პუტინის მომხრეთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი რეფერენდუმის სამართლიანობაზე ეჭვებს ბადებს, რადგან რუსეთში მიმდინარე პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლადაა გაუარესებული.
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, პუტინი ქვეყნის მართვას 84 წლის ასაკამდე შეძლებს, რაც მისი მმართველობის წლებს, ჯამში, 36-მდე გაზრდის. რუსეთი, სტალინის გარდა, ამდენი ხნით აქამდე არავის უმართავს.
პუტინი თავისი 36 წლიანი მმართველობით არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მსოფლიოშიც გამორჩეული ლიდერი გახდება.
ამ დროისთვის პუტინი თავისი 20 წლიანი მმართველობით ყველაზე ხანგრძლივი მმართველობის მქონე მსოფლიო ლიდერებს შორის მე-14 ადგილს იკავებს. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი ის გაუტოლდება ისეთ ავტოკრატ მმართველებს, როგორიც სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადია. ამ უკანასკნელმა წარმატებით შეცვალა კონსტიტუცია, რამაც მას ხელისუფლებაში 35 წლით დარჩენის საშუალება მისცა.