ქალები, რომლებმაც 2021 წელს ისტორიული მნიშვნელობის მომენტები შექმნეს

კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელი გამოწვევებით აღსავსე მრავალი მიმართულებით აღმოჩნდა. ამის მიუხედავად შარშან სხვადასხვა სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევის მომსწრე გავხდით, რომელთა ავტორებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქალები არიან.

წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებმაც 2021 წელს ისტორიული მნიშვნელობის მომენტები შექმნეს:

 

ვოლი ფანკი

82 წლის მფრინავი, ვოლი ფანკი გასული წლის 20 ივლისს მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გახდა, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. მან ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის პირველ ეკიპაჟიან მისიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც New Shepard-ის სახელით ცნობილი ხომალდით განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვოლი ფანკს ზემოხსენებული სტატუსი 13 ოქტომბერს Blue Origin-ის მეორე მისიაში მონაწილეობის მიღების შემდეგ 90 წლის მსახიობმა, უილიამ შატნერმა ჩამოართვა, ის მაინც რჩება ყველაზე ხანდაზმულ ქალად, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა.

 

ბიონსე

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ბიონსემ 2021 წელს ოთხი „გრემის“ მოპოვება შეძლო. მას საერთო ჯამში აშშ-ის ხმის ჩამწერი აკადემიის მიერ დაწესებული 28 ჯილდო დაუგროვდა. შედეგად, ბიონსე მსოფლიოში ყველაზე მეტი „გრემის“ მფლობელი მომღერალი ქალი გახდა. ცნობისთვის, მანამდე აღნიშნული სტატუსი ქანთრის მომღერალ ელისონ კრაუსს ეკუთვნოდა. ეს უკანასკნელი ამ დროისთვის 27 „გრემის“ მფლობელია.

 

ნგოზი ოკონჯო-ივეალა

გასული წლის მარტში ნგოზი ოკონჯო-ივეალა პირველი ქალი, ასევე პირველი აფრიკელი გახდა, რომელმაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის თანამდებობა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ეს ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა.

აღსანიშნავია, რომ ნგოზი ოკონჯო-ივეალა წარსულში ნიგერიის ფინანსთა მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ცნობისთვის, ის ასევე პირველი ქალი იყო, რომელმაც ხსენებული თანამდებობები ჩაიბარა.

 

ქლოი ჭაო

2021 წელს ქლოი ჭაო პირველი აზიელი ქალი გახდა, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოქროს გლობუსი“, ასევე „ოსკარი“ მოიპოვა. 39 წლის ხელოვანმა პრესტიჟული ჯილდოები ფილმისთვის, სახელწოდებით „ნომადლენდი“ დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ქლოი ჭაო მსოფლიოში მეორე ქალია, რომელსაც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ გადაეცა. ეს ჯილდო 2010 წელს ამერიკელ ქეთრინ ბიგელოუს ფილმისთვის “ქარიშხლის მბრძანებელი“ აქვს მიღებული.

 

ტეილორ სვიფტი

შარშან ტეილორ სვიფტი „გრემის“ ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომისათვის აშშ-ის ხმის ჩამწერი აკადემიის მიერ დაწესებული ჯილდო სამჯერ დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ ცნობილ ამერიკელ მომღერალს აღნიშნულ ნომინაციაში „გრემი“ 2010, 2016 და 2021 წლებში გადაეცა. მან ჯილდოები შემდეგი ალბომებისთვის მიიღო: “Fearless”, “1989” და “Folklore”.  

 

ფოტოები: Getty Images