Reuters: ჩინეთმა კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესასწავლად ჩრდ. კორეაში ექიმები გაგზავნა

Photo by KCNA via REUTERS

ჩინეთმა ჩრდ. კორეაში გაგზავნა ჯგუფი, რომლის წევრებს შორის მედიცინის მუშაკებიც არიან. უკვე რამდენიმე დღეა, რაც კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა დიქტატორის ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცნობია.

კვირის დასაწყისში გაჟღერებული ცნობით, კიმ ჩენ ინმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებასთან დაკავშირებული პროცედურა 12 აპრილს ჩაიტარა. კარდიოვასკულარული პრობლემები მისი ოჯახისთვის ახალი არაა. ამას ემატება ჩრდ. კორეის ლიდერის აქტიური მწეველობა და ჭარბი წონა, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ეჭვებს უფრო რეალურს ხდის.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი 15 აპრილს ბაბუამისის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ დღესასწაულს არ დაესწრო. ჩრდ. კორეის მმართველის კრიტიკულ მდგომარეობაზე ცნობები პირველად 21 აპრილს გავრცელდა.

ხუთშაბათს ამ ამბავს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მისი აზრით, კიმ ჩენ ინის ავადმყოფობის შესახებ ცნობები ტყუილია. აშშ-ის პრეზიდენტისგან განსხვავებით, სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ვარაუდისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ხელთ ისეთი ინფორმაცია არ აქვს, რომლის გაზიარებაც საზოგადოებისთვის შეუძლია.