ნინო ზამბახიძემ და გიორგი ჩერქეზიშვილმა რამსფელდის სტიპენდიის პროგრამაში გაიმარჯვეს

Forbes Woman Georgia-ს ექსკლუზივი

რამსფელდის სტიპენდიის პროგრამას წელს საქართველოდან 2 გამარჯვებული ჰყავს – ნინო ზამბახიძე და გიორგი ჩერქეზიშვილი 2020 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონში ინტენსიურ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

ნინო ზამბახიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა 2012 წლიდან. 2017 წელს ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წლის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დაასახელეს. გიორგი ჩერქეზიშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს 2019 წლის დეკემბრიდან.

რამსფელდის სტიპენდია ინოვაციური პროგრამაა კავკასიის, ცენტრალური აზიის, ავღანეთისა და მონღოლეთის ახალგაზრდა ლიდერებისთვის. პროგრამა 2008 წელს შეიქმნა, მას შემდეგ რაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა დონალდ რამსფელდმა თავისი თანამდებობა დატოვა პენტაგონში და რამსფელდის ფონდი დააფუძნა. პროგრამას რამსფელდის ფონდი ვაშინგტონში არსებულ ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტთან ერთად ანხორციელებს. პროგრამის დირექტორია დავით სუმბაძე, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-ში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.

რამსფელდის სტიპენდიის მონაწილეები ხდებიან რეგიონის ქვეყნების გამორჩეული ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია ამერიკულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებში, აგრეთვე სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში მზარდი თანამშრომლობის გაღრმავებაში. პროგრამის მონაწილეებს შორის არიან საჯარო მოხელეები, დიპლომატები, სამხედროები, ბიზნესმენები, საერთშორისო ორგანიზაციების მოხელეები, საექსპერტო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. პროგრამა ხელს უწყობს აშშ-სა და რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. წინა წლებში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო რეგიონის 231-მა ახალგაზრდა ლიდერმა, მათ შორის 27-მა საქართველოდან.

პროგრამის მონაწილეები ამერიკის შეერთებულ შტატებში მონაწილეობენ მაღალი დონის შეხვედრებში ადმინისტრაციისა და კონგრესის წევრებთან, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ამერიკის პოლიტიკის შემუშავებაში არიან ჩართული, აგრეთვე სამხედრო მეთაურებთან, ბიზნეს-ლიდერებთან, მედიის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რეგიონის მკვლევარებსა და ექსპერტებთან. პროგრამის მიზანია მონაწილეებმა დაამყარონ მათთვის სასარგებლო კონტაქტები, აგრეთვე უკეთ გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ვაშინგტონი.

წინა წლებში პროგრამის მონაწილეები შეხვდნენ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს; ვიცე-პრეზიდენტ რიჩარდ ჩეინის; პრეზიდენტის თანაშემწეებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰენრი კისინჯერს, ზბიგნევ ბჟეზინსკის, სტივენ ჰედლის და ჯონ ბოლტონს; თავდაცვის ყოფილ მდივნებს ბილ კოენსა და დონალდ რამსფელდს; პრეზიდენტის კაბინეტის მოქმედ და ყოფილ წევრებს; სენატორებსა და კონგრესმენებს; მსოფლიო ბანკის პრეზიდენტებს, რობერტ ზოლიკს და პოლ სოლფოვიცს; საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერებს, როგორიცაა, ნობელის პრემიის ლაურიატი ეკონომიკაში გარი ბეკერი, ერნანდო დე სოტო, ფრენსის ფუკუიამა და სხვებს.

ხუთწლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, პროგრამის მონაწილეებმა 2012 წელს ბათუმში ალუმნაის პირველი შეხვედრა ჩაატარეს, ხოლო 2014 წლიდან დააფუძნეს CAMCA-ს (ცენტრალური აზია-მონღოლეთი-კავკასია-ავღანეთი) რეგიონული ფორუმი, რომელშიც უკვე მონაწილეობენ ფართო საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონის წარმატებული მომავლით. CAMCA-ს რეგიონული ფორუმი უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც უმაღლესი დონის პროფესიონალები განიხილავენ რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების, აგრეთვე ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციების შესაძლებლობებს. დაფუძნების დღიდან ფორუმმა 200-ზე მეტ სპიკერსა და ასობით მონაწილეს უმასპინძლა 25 ქვეყნიდან. CAMCA-ს ფორუმს უკვე „რეგიონულ დავოსსაც“ უწოდებენ.

2020 წლის რიგით მე-7 CAMCA-ს რეგიონულ ფორუმს ივნისში ალმათი, ყაზახეთი უმასპინძლებს. წლევანდელი ფორუმის თემაა „მოდერნიზაციის არკა: ეროვნული, რეგიონული და გლობალური ტენდენციები“. ალმათის ფორუმზე ათეულობით ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობა – ისინი განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეგიონული თანამშრომლობა, ტრანსპორტი, შიდარეგიონული ვაჭრობა და ფინანსები, ადამიანური კაპიტალის განვითარება, რეგიონული ბიზნესი, ანტერპრენერშიფი და საინვესტიციო შესაძლებლობები და ა.შ. ფორუმში მონაწილეობას საქართველოდან რამსფელდის სასტიპენდიო პროგრამის წლევანდელი გამარჯვებულები და წინა ნაკადების მონაწილეებიც მიიღებენ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.