საცეკვაო სცენაზე უკვე დაღლილი დგახარ, ფესტივალის ჰედლაინერიც უკვე გააცილე სახლში, გგონია რომ ყველაფერი დამთავრდა და ვინც ტექნო სცენის ცენტრში ბოლო დადგება მხოლოდ იმას თუ მოახერხებს, რომ სიამოვნებისგან დაღლილს სიმშვიდე და სილაღე გაჩუქოს.

ასე ვფიქრობდი, სანამ სამა აბდულჰადის არ შევხვდი, ანაკლიაში, ზუსტად ისე, როგორც მოვყევი, ცეკვისგან დაღლილი და ღამენათევი. ჯერ იყო საოცრად ენერგიული და ემოციური მუსიკის პირველი ტალღა, რომელმაც წასასვლელად გამზადებული ხალხი საცეკვაოდ დააბრუნა და მერე ხალხისგან არაერთხელ ნასროლი კითხვა: „მოიცა გოგო უკრავს?“

დიახ, გოგო უკრავდა და თან ომში დაბადებული გოგო. SAMA-ს ისტორია ბევრ პრობლემასა და ტკივილს იტევს, მასზე უამრავი ამბის დაწერა შეიძლება. ცოტა ხნის წინ მის ინტერვიუს წავაწყდი, ამიტომ ჩემი ემოციების გაცოცხლება და ამ გოგოს ისტორიის მოყოლა საჭიროდაც კი ჩავთვალე.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დაბადებული სამასთვის ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ოჯახი იორდანიიდან პალესტინაში დაბრუნდა. აქ დაბომბვა, ნაღმი ან ადამიანების სიკვდილი ნორმად იყო. სამა ხშირად ეკითხებოდა მამას, თუ რატომ დაბრუნდა მშვიდობიდან ომში, რაზეც მამა მხოლოდ ერთ რამეს პასუხობდა „ჩვენ იმედი გვაქვს“.

სამას ბავშობის ყველაზე ტკბილი მოგონება ბებიაა, რომელიც მუდმივად მხარს უჭერდა. სამა ხშირად იხსენებს ისტორიას,თუ როგორ ეუბნებოდნენ ბიჭები, რომ ფეხბურთი გოგოს საქმე არაა და მასთან არ დამაშობდნენ. როგორც ჩანს, ბებია ამ საქმეში ჩაერია და ბიჭებს აუხნა, რომ არ არსებობდა ისეთი რამ, რაც გოგოს არ შეეძლო.

Photo Credits to Boiler room

შემდეგ იყო პროდუქტების დეფიციტი ომის გამო, იყო სახლის სხვენში გატარებული დღეები ისრაელის ჯარების ოკუპაციის მიზეზით და იყო შიში, რომელსაც დღემდე გრძნობს. ამბობს, რომ მისი წარმოშობის გამო აეროპორტებში ხშირად ამოწმებენ. ძალიან დარდობს იმას, რომ მედია მხოლოდ ისრაელის პოზიციას აშუქებს.

მუსიკალური კარიერა უბრალოდ მუსიკის შექმნის სურვილმა დააწყებინა, უკვე ზრდასრულ ასაკში კი მის ინსპირაციად სტეფან ბოძინი, მაქს კუპერი და ჯონ ჰოპკინსი იქცნენ. ამბობს იმასაც, რომ ომი მის მუსიკაში არ გადააქვს, მხოლოდ იმ სამას გამოხატავს, რომელსაც ომის, ჩაგვრისა და უსამართლობის გამოცდილება აქვს.

„ყველაზე მეტად ცოდნა მაძლიერებს…მუსიკის კეთება მსიამოვნებს, მუდმივად სწავლის პროცესში ყოფნა კი უფრო ძლიერს მხდის.“

სამა აუდიო ინჟინერიცაა. ასეთი პროფესია პალესტინელ ქალებში პოპულარული არაა და დღემდე ითვლება, რომ ის ერთადერთი  გოგოა, რომელიც თავის ქვეყანას ტექნო სცენაზე წარადგენს.

Photo Credits to Tristan Hollingsworth

მუსიკოსი თვლის, რომ ამ სირთულეებმა ცხოვრებაზე გაბრაზებულ ადამიანად აქცია, მაგრამ ამავდროულად ბევრი რამის გაგებაში დაეხმარა, ახლა უფრო მეტად აფასებს ყველაფერს – „ყოველთვის, როცა სამყაროს ერთ ნაწილში რაღაც ცუდი ხდება, შეიძლება მეორე ნაწილში ამაზე უარესიც ხდებოდეს. ვიცი, ეს არც ისე კარგი აზროვნების გზაა, მაგრამ საუკეთესო საშუალებაა, როცა გადარჩენაზე ფიქრობ.“

„ყველაზე მეტად სახლი, მშობლები, ეზოში სირბილი და თამაში მენატრება – ბავშვობა მთელი თავისი სიმარტივით“

SAMA ამ ეტაპზე მსოფლიოს ტექნო სცენაზე ძალიან პოპულარული DJ-ია. მის მუსიკაში იგრძნობა, რომ მუდმივად გაურბის სევდას და უსამართლობას, ცდილობს ენერგია და მუხტი არასდროს დააკლოს მსმენელს. გოგო რომელიც ომში დაიბადა მშვიდობისთვის და ბედნიერი სახეებისთვის უკრავს, თანაც ძალიან წარმატებით. იბრძვის საკუთარი თავისთვის და მომავლისთვის.