სოციალური დისტანცირების პირობებში შოტლანდიის სკოლებისთვის ღია ცის ქვეშ სწავლება, შესაძლოა, საუკეთესო პრაქტიკად იქცეს, რადგან პანდემიამ მშობლებსა და მასწავლებლებს საკლასო ოთახებს მიღმა განათლების უპირატესობები დაანახა.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტურგეონმა, განაცხადა, რომ სკოლები, შესაძლოა, აგვისტომდე არ გაიხსნას, შესაბამისად, შოტლანდიელი განათლების ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთად მუშაობენ საგანმანათლებლო მიზნებისთვის ღია სივრცეების გამოყენებაზე.
შოტლანდიის ბავშვთა მინისტრის, მარი ტოდის, თქმით, „შოტლანდიაში ნახევრად და სრულად ღია საბავშვო სივრცეების რიცხვი სწრაფად იზრდება. ამ მოდელს, შესაძლოა, არაერთი უპირატესობა აღმოაჩნდეს ფიზიკური დისტანციის პირობებში და შეამციროს სკოლებისა და ბაღების გახსნაზე გარდამავალ პროცესში წარმოშობილი რისკები. მაშინ, როცა ბავშვებზე ზრუნვის ცენტრები და დაწესებულებები კარგად არიან მორგებულნი ღია სივრცის აქტივობებს, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც ჩვეულებრივ ბავშვები დროის ძირითად ნაწილს შენობაში ატარებენ, ცდილობენ, მეტი რესურსი ჩადონ სათამაშო მოედნებისა და ბაღების განვითარებაში.“
ღია სივრცეში აქტივობები უკვე გათვალისწინებულია ბავშვთა განათლების შოტლანდიურ კურიკულუმში, ბევრ სასწავლო დაწესებულებას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ, როგორ გაზარდონ ამ ტიპის განათლების როლი და გააფართოვონ თავიანთი შესაძლებლობები, რამდენადაც შოტლანდიური მთავრობა მიმდინარე წლის განმავლობაში ბავშვებზე ზრუნვისა და განათლების სფეროში დაფინანსების გაორმაგებას გეგმავს.
შოტლანდიელ ექსპერტებზე და განათლების პოლიტიკის შემქმნელებზე დიდი გავლენა ბოლო კვლევების მიგნებებმა მოახდინა, რომელთა თანახმადაც საკლასო ოთახებს მიღმა, ღია სივრცეში გატარებულ დროს მზარდი დადებითი ეფექტი აქვს თითქმის ყველაფერზე – იქნება ეს მხედველობა, რისკების შეფასების უნარი თუ ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობა. კორონავირუსის და სოციალური დისტანცირების პირობებში კი შეიძლება ღია სივრცეში სწავლება სკოლაში დაბრუნების მთავარ ფორმად იქცეს.
ინფექციის გავრცელების კონტროლი გაცილებით უფრო ადვილია ღია სივრცეებში, რადგან აქ სოციალური დისტანცირება გაცილებით უფრო ბუნებრივ ხასიათისაა. ამასთანავე, ღია სივრცეში სწავლება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ დაავადების კონტროლი – განათლების ექსპერტების აზრით, ამ ფრომის საგანმანათლებლო სივრცე მასწავლებლებს შემოქმედებითობის თავისუფლებას და სივრცის ათვისების მრავალფეროვან ვერსიებს აძლევს. ამასთანავე, გარეთ სწავლების პროტოკოლი ტრადიციული სკოლებისთვის მარტივად დასანერგი ცვლილება არ იქნება, მათ უმეტესობას მოუწევს არა მხოლოდ მათ ხელთ არსებული ღია სივრცეების ადაპტირება სრულად დასატვირთად, არამედ მასწავლებლებისათვის მუშაობის ამ ფორმატში გასაგრძელებლად საჭირო უნარებისა და სტრატეგიების სწავლება. მიუხედავად იმისა, რომ ღია სივრცეში სწავლება მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება მთელი საგანმანათლებლო სისტემისთვის, მასში წარმოუდგენლად დიდ პოტენციალიც შეიძლება დავინახოთ.