„გაიცანი შენი გუნდის წევრი გასაუბრებამდე“ – ინტერვიუ Skilltape-ის დამფუძნებელ ანა ავეჩბასთან

უმეტეს შემთხვევაში კომპანიებისთვის ახალი თანამშრომლის სამსახურში აყვანა საკმაოდ დიდ დროით რესურსს მოითხოვს. რამდენიმეეტაპიანი შერჩევის პროცესის შემდეგაც კი შესაძლოა, მან სასურველ კადრს ვერ მიაკვლიოს, რისი მიზეზიც ზოგჯერ გასაუბრებაზე მისული პირისა და რეზიუმეს შეუსაბამობა, ან მისი შედგენისას სამსახურის მაძიებლის გამოუცდელობაა. თავის მხრივ, სამსახურის ძიებისას გარკვეულ პრობლემებს დასაქმების მსურველებიც აწყდებიან. ერთ-ერთი ყველაზე დამაბრკოლებელი ფაქტორი ის არის, რომ მათ წერილობით რეზიუმეში საკუთარი უნარების სრულად წარმოჩენის საშუალება არ აქვთ.

რეკრუტინგის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად სტარტაპი Skilltape-ი კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს პლატფორმას სთავაზობს, სადაც დასაქმების მსურველები ვიდეორეზიუმეს დახმარებით თავის უკეთ წარმოჩენას შეძლებენ, მეორე მხრივ კი, ორგანიზაციებს გუნდის ახალი წევრის შერჩევის პროცესი გაუმარტივდებათ და დრო დაეზოგებათ.

Skilltape-ის პლატფორმის მუშაობის პრინციპზე, მის უპირატესობებსა და სხვა საინტერესო დეტალებზე სტარტაპის დამფუძნებელი, ანა ავეჩბა გვესაუბრა.

ანა, უფრო მეტი გვიამბეთ Skilltape-ის პლატფორმის შესახებ – რას ემსახურება იგი? როგორია მისი მუშაობის პრინციპი?

Skilltape-ი არის ტალანტების პლატფორმა, რომელიც გაყიდვების, მარკეტინგისა და ფინანსების სფეროს პროფესიის ადამიანებს აერთიანებს. ჩვენი მთავარი მიზანია, კომპანიებს კანდიდატის შერჩევის დრო 1,5 თვიდან 3-4 საათამდე შევუმციროთ. ასევე მათ მივცეთ საშუალება მეტი სიზუსტით შეარჩიონ გუნდის წევრი, რომელიც კომპანიის კულტურას გაიზიარებს. ვებპლატფორმაზე რეგისტრაციის ორი ტიპია ხელმისაწვდომი: აპლიკანტებისთვის – ისინი ქმნიან პროფილებს და ტრადიციულ წერილობით რეზიუმესთან ერთად ტვირთავენ 1-წუთიან ვიდეორეზიუმეს; კომპანიებისთვის – ისინი დაწვრილებითი ფილტრაციითა და კანდიდატზე ამომწურავი ინფორმაციის მიღებით სასურველ აპლიკანტს არჩევენ. CV-ების გადარჩევა და გასაუბრების პირველი ეტაპი რამდენიმე საათამდე მცირდება, ინტერვიუებზე კი მხოლოდ პლატფორმაზე შერჩეულ კანდიდატებს იბარებენ.

როდის და საიდან გაჩნდა პლატფორმის შექმნის იდეა?

პირველად ამ პრობლემას მაშინ გადავაწყდი, როდესაც საკუთარი კომპანიის გუნდს ვაკომპლექტებდი. უმეტეს შემთხვევაში რეზიუმეს და გასაუბრებაზე მოსულ კანდიდატს შორის დიდი შეუსაბამობა იყო. მეორეს მხრივ, სამსახურის მაძიებლის პოზიციიდან დანახული პრობლემა უკავშირდება დროში გაწელილ პროცესს, უკუკავშირის არქონას, რეზიუმეების ვრცელ სიაში შეუმჩნევლად დარჩენას. პლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობისას მივიღე. ეს იყო საერთაშორისო კომპანია, რომელიც გამუდმებით ეძებდა თანამშრომლებს, მიმზიდველი სამუშაო პირობებით და განვითარების შესაძლებლობით. მიუხედავად ვაკანსიების ხშირად გამოქვეყნებისა, გასაუბრებაზე მოსული კანდიდატების 80% არ შეესაბამებოდა კომპანიის კულტურას. ამ პრობლემების მოგვარებაზე ფიქრის დროს რამდენიმე ძირითადი პრინციპი გამოიყო: კანდიდატის შერჩევის დროის შემცირება; კანდიდატისა და პოზიციის შესაბამისობა; და სამსახურის მაძიებელი ყველა პირისთვის უნარების წარმოჩენის თანაბარი შესაძლებლობის შექმნა. ასე გაჩნდა Skilltape-ი, რომელიც გარდა მონაცემთა ბაზისა, ორიენტირებულია სამსახურის მაძიებლების მოტივაციის გაზრდასა და მათი პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებაზე.

რა ეტაპზეა ამჟამად პროდუქტი?

პროდუქტი სატესტო რეჟიმში ჩაეშვა და ახლა პლატფორმის დახვეწა-გაუმჯობესების ეტაპზე ვართ. ტესტირების პერიოდში გვსურს, პლატფორმა კომპანიებსა და სამსახურის მაძიებლებს მაქსიმალურად მოვარგოთ.

ფოტო: რუსა ბიწაძე

ანა, როგორ ფიქრობთ, როდის შეძლებთ Skilltape-ის პლატფორმის ჩაშვებას ფართო მოხმარებაში? კიდევ რა ეტაპების გავლაა საჭირო აქამდე მისასვლელად?

ერთ თვეში პლატფორმა სრული დატვირთვით იმუშავებს და ყველა სამსახურის მაძიებელს, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ რომელიმე სფეროში ისურვებენ დასაქმებას, ექნებათ შესაძლებლობა, დაიწყონ ე.წ. სელფ ბრენდინგის პროცესი. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ უკვე შესაძლებელია კონტენტის მომზადება პლატფორმაზე ასატვირთად. ჩვენთან დაკავშირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი მიიღებენ უფასო მასტერკლასს ვიდეოკონტენტის შექმნასთან დაკავშირებით.

რას გვეტყვით სამიზნე ჯგუფებზე? რის საფუძველზე შეირჩა სფეროები, რომლებში დასაქმების მსურველებსაც პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ?

პირველი ეტაპისთვის პლატფორმა სამი პროფესიის ადამიანებზე იქნება მორგებული. ეს პროფესიებია გაყიდვების სპეციალისტი, მარკეტერი და ფინანსისტი. აღნიშნული კატეგორიები კვლევის საფუძველზე გამოვყავით, რომლის ფარგლებშიც კომპანიებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სამი პოზიცია ამოვარჩიეთ.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის ათვისების კუთხით მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები თუ გაქვთ შემუშავებული? მოგვიყევით ამ გეგმებზე?

ტესტირების ეტაპის გავლის შემდეგ, საქართველოსთან ერთად, პარალელურად, ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი ლატვიაში გასვლას ვგეგმავთ. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, გვსურს, ჩვენი რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ავითვისოთ.

როგორ გაუწევს Skilltape-ი საერთაშორისო ბაზარზე უკვე არსებულ მსგავს პროდუქტებს კონკურენციას? რა იქნება მისი მთავარი უპირატესობა?

ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გამოკვეთილი კონკურენტული უპირატესობის ქონა, მითუმეტეს, როდესაც საქმე სტარტაპს ეხება. ჩვენს შემთხვევაში ეს არის უნიკალური მიდგომა, რაც პლატფორმაზე თანამშრომლის შერჩევისას არამხოლოდ მათი გამოცდილებისა და განათლების, არამედ აპლიკანტების პიროვნული უნარების გაცნობის საშუალებას იძლევა. საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, სწორად განისაზღვროს სამიზნე ქვეყანა ან რეგიონი, როგორც გეოგრაფიულად, ასევე კანონმდებლობის მხრივ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია პრობლემის სიმძაფრე ამა თუ იმ ბაზარზე.

დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოთხოვნადი იქნება Skilltape-ის პლატფორმა? რა გაძლევთ შეფასების გაკეთების საფუძველს?

ძალიან რთულია საკუთარი პროდუქტის შეფასება და მის მომავალზე საუბარი, თუმცა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი სიძლიერე ისაა, რომ გვსურს, მომხმარებლის უკუკავშირს დავეყრდნოთ და ბაზრის მზაობა წინასწარ შევაფასოთ. დღევანდელ, სწრაფად ცვალებად და გაციფრულებულ სამყაროში ბევრ კომპანიას არ აქვს ფინანსური თუ დროითი რესურსი თანამშრომლის ძიების პროცესში დასახარჯად. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას, გაიცნონ გუნდის წევრი გასაუბრებამდე. მეორე მხრივ, Skilltape-ი, როგორც უკვე აღვნიშნე, არის სივრცე ტალანტებისთვის, სადაც სამსახურის მაძიებლებს გამოჩენა და პიროვნული უნარების ამ გზით წარმოჩენა შეუძლიათ. ჩვენი სლოგანიც ეს არის: „გამოჩნდი, ნუ ალაპარაკებ რეზიუმეს შენ ნაცვლად“.