სამხრეთ კორეაში COVID-19 ხელმეორედ 100-მდე ადამიანს დაუდასტურდა

Photo by Aleksandar Pasaric

სამხრეთ კორეაში კორონავირუსი ხელმეორედ 51 ახალ შემთხვევაში გამოვლინდა. ჯამში ეს რიცხვი 91-ს შეადგენს. ოფიციალურმა პირებმა ჯერ ზუსტად არ იციან, თუ რამ გამოიწვია ასეთი შემთხვევების ზრდა.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (KCDC) დირექტორმა განაცხადა, რომ შესაძლოა პაციენტებში ვირუსის რეაქტივაციასთან აქვთ საქმე და არა ხელმეორედ ინფიცირებასთან. ასევე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ადამიანებში კორონავირუსის ხელმეორედ დადასტურება შესაძლოა არასწორი ტესტირების ბრალიც იყოს.

კორონავირუსით ადამიანების მასიური რეინფიცირება პანდემიის შეჩერებას გაართულებს, რადგან ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავება ვეღარ დაგვეხმარება.
სამხრეთ კორეა COVID-19-თან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება. ქვეყანაში ჯამში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 7117 უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 208 ადამიანი.