ამ ბრძოლაში უბრალო ჯარისკაცი ვარ და მე მეშინია

,,ძალიან მეშინია“, – თქვა ჩემმა პაციენტმა და გულმა გამალებით დამიწყო ცემა.

და ის არ იყო ერთადერთი…

ასე იწყებს ექიმის თვალით დანახული ,,აპოკალიფსური“ სურათის აღწერას პრატიკ ჰარნი, ექიმი-რეზიდენტი SUNY-Upstate სამედიცინო უნივერსიტეტში, ნიუ იორკის ქალაქ სირაკუზში.

,,ახლა, როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 580,000 შემთხვევა მოიცვა, ამერიკამ ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთსაც კი გადაასწრო.

და ეს რიცხვი ჯერ კიდევ იზრდება…

მე საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმი-რეზიდენტი ვარ. მართალია, მსგავს შემთხვევებს ყოველთვის მენტალურად მომზადებული ვხვდები, მაგრამ, დაახლოებით, ორი კვირის წინ, იმან, რაც თავს გადამხდა, სრულიად შემცვალა.

ექიმები გაწვრთნილნი ვართ, მშვიდად მოვისმინოთ და შევისწავლოთ პაციენტის შფოთვის მიზეზები. შევეჯახოთ უამრავ მოულოდნელობას, რომელთან გამკლავებისთვისაც მუდამ მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ ყოველი საუბარი, თითოეულ პაციენტთან ურთიერთობა, წარუშლელ კვალს ტოვებს გონებაში…

ჩემი პირველი შემთხვევა Covid-19-ის მქონე პაციენტთან სწორედ ის არის, რასაც ვერასდროს ვერ დავივიწყებ. მის ოთახში დგომისას, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, ვგრძნობდი შიშს, ჩემი გულის აჩქარებულ ცემას…

სუნთქვაში შეპარული სიმძიმით მან მითხრა, თუ რა კარგად ეპყრობა ჰოსპიტალში მომუშავე ყველა თანამშრომელი. მე მადლობა გადავუხადე და დავიწყე მისი გასინჯვა. როდესაც ვუთხარი, რომ მისთვის ინტუბაცია უნდა გამეკეთებინა, რათა უკეთესად ესუნთქა, მიპასუხა, რომ ძალიან ეშინოდა. მისი ხელი დავიჭირე და ვუთხარი, თუ რაოდენ დიდი სიმამაცე იყო საჭირო იმისთვის, რასაც ის აკეთებდა.

მან მთხოვა, დამერეკა მისი ქმრისათვის, რომელსაც ასევე ჰქონდა ვირუსი და სახლში, კარანტინში იმყოფებოდა და მეთქვა, თუ როგორ ძლიერად უყვარდა ის. ქმარმა მთხოვა, იგივე გადამეცა ქალისთვის.

ოთხი დღის შემდეგ, მიუხედავად ექიმების დიდი ძალისხმევისა, მან დაგვტოვა…

როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, ჯერ ავღელდი, შემდეგ შემეშინდა და, საბოლოოდ, მოვახერხე დამეძლია შიშის გრძნობა, რომელსაც სამი მიზეზი ჰქონდა – დაავადების არაპროგნოზირებადი ბუნება, გავრცელების მაღალი რისკი, და, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი პაციენტების მწუხარების შემსუბუქების ვერ-შეძლება.

ამ ამბის შემდეგ, ყოველ ჯერზე, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთან შევდიოდი, მიპყრობდა შიში, რომ დავაინფიცირებდი სხვა პაციენტებს, ჩემს კოლეგებს თუ საყვარელ ადამიანებს.

ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანებს გათავისებული აქვთ და დავიწყებულიც კი, თუ რამხელა ემოციურ მსხვერპლს მოითხოვს მათი საქმე. თუ თქვენ რომელიმე ჩვენგანს დერეფანში შეხვდებით, შესაძლოა, ვერც გაიაზროთ, რომ ჩვენ პანდემიასთან ვართ შუა ბრძოლაში ჩაბმულნი.

ექიმები სამსახურში მომღიმარი სახეებით, სიმშვიდითა და თავშეკავებით მივდივართ, უქმეებს კი, მე პირადად, მეგობრებისა თუ ოჯახის წევრებისთვის ვირუსზე მითების დამსხვრევაში ვატარებ.

გარესამყაროსთვის სიმამაცის ჩვენება დიდ მსხვერპლს მოითხოვს – ემოციები გაუცნობიერებლად გაცლის პატარ-პატარა ნაწილებს, რასაც საშინელ შფოთვამდე მიჰყავხარ. მაგრამ ჩვენ არ ვაჩვენებთ მსოფლიოს სისუსტეს, რადგან ვიცით, რომ ეს ხალხში უარეს შფოთვას გამოიწვევს. პანიკა და ქაოსი კი არაფერში არ დაგვეხმარება.
ასეთ დროს ვხედავთ, თუ როგორ ვუბრუნდებით რაღაც ისეთს, რაც გვაქცევს ადამიანად…

რაღაც ისეთს, რაც გვაკავშირებს ერთმანეთთან და რაც არაფერ შუაშია არანაირ ვირუსთან.

აივნებზე სიმღერების შესრულება ბრძოლისა და სოლიდარობის საჩვენებლად, შემოწირულობები სამედიცინო უზრუნველყოფისათვის, სახლში დარჩენა და ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება – ყველა ერთმანეთს ვეუბნებით, რომ თითოეულ ჩვენგანს საკუთარი წვლილი შეგვაქვს საერთო ბრძოლაში.

მე შვებას წერაში ვპოულობ…

ჩვენი სამყარო მრავალი სირთულის წინაშე აღმოჩნდა – მზარდია ინციდენტების რაოდენობა, მაღალია გავრცელების რისკი, ვაქცინა არ არსებობს, დამცავი აღჭურვილობის სიმწირეა, ეკონომიკა ვარდნას განიცდის.

მაგრამ თუ ჩვენ, ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარ როლზე გავამახვილებთ ყურადღებას, შევძლებთ გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვას, და ეს, ალბათ, მალე იქნება…

მე ჯარისკაცი ვარ ამ ბრძოლაში, მე ვიბრძვი ჩემს წილს და მე გთხოვთ თქვენ, იბრძოლოთ თქვენი!

ისუნთქეთ და გააგრძელეთ ბრძოლა“

 წყარო – CNN

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.