COVID-19-ის პანდემია | კრისტალიზების მომენტი კორპორაციებისთვის

Ted-ის გამოსვლაში „ექიმო, ვკვდები? გულწრფელი პასუხი!“ სასწრაფო დახმარების ექიმი, მეთიუ ორაილი სიკვდილის პირას მყოფ ათასობით კრიტიკულ პაციენტზე დაკვირვებას გვიზიარებს. მისი სტატისტიკით, ადამიანების რეაქცია იმაზე, რომ მალე ამ წუთისოფელს უნდა გამოეთხოვონ, სამგვარია:

სინანული: რომ არ გაატარე საკმარისი დრო საყვარელ ადამიანებთან, ან არ გქონდა ის ურთიერთობა, რაც შეიძლებოდა, და ა.შ. და ა.შ.

ვემახსოვრები თუ არა ვინმეს: ვის დავაკლდები?

ცხოვრების ამაოება – რა დავტოვე? რატომ ვიცხოვრე? რა არის ჩემი მონაგარი?

ამ გამოსვლის მთავარი თემა არა ეს პატერნებია, არამედ ექიმის გულისთქმა, დილემა – მოატყუოს და დააიმედოს უიმედო პაციენტი, რომ ცხოვრება შეიძლება გაგრძელდეს, თუ სიმართლე უთხრას. მეთიუს დაკვირვებით, მოახლოებულ ბოლო წამებში ადამიანები თითქოს კათარზისს განიცდიან, მშვიდდებიან, მათთვის კრისტალიზაციის მომენტი დგება და ექიმს არ აქვს უფლება, ეს მომენტი წაართვას მათ. დასკვნა ერთია – პასუხი კითხვაზე „ექიმო ვკვდები?“ ყოველთვის უნდა იყოს რეალობის ამსახველი და თუკი გადარჩენის შანსი ნულის ტოლია, პაციენტმა ეს უნდა იცოდეს.

ფოტო: ნათია ასანიძე

პოზიტიურ ფსიქოლოგიაში მოტივაციაზე სამუშაოდ არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ამ მდგომარეობის მოდელირებას ჰგავს და მას კორპორაციებიც მიმართავენ, რომ აღმოაჩინონ მისია (რატომ არსებობენ, რას ქმნიან) და ეს მისია შემდეგ იდეოლოგიად აქციონ. ამ მეთოდის საფუძველია პასუხი კითხვაზე: რას დაკარგავს სამყარო, ჩვენი ორგანიზაცია რომ არ არსებობდეს?

საყოველთაო ლოქდაუნისას, როდესაც ხმაურიანი მოედნები დაცარიელდა, იქვე ჩამწკრივებული მაღაზიების კარები ჩაიკეტა, კაფეებსა და სასტუმროებში ვიზიტორების მიღება შეწყდა, ქარხნებსა და საწარმოებში დანადგარები გაჩერდა, ხოლო ხალხმრავალ ოფისებში კომპიუტერები და პრინტერები გაჩუმდა, სწორედ ეს კრისტალიზების მომენტი დადგა კორპორაციების წინაშე – რას დავტოვებ, რომ გავქრე? ვინმეს გავახსენდები? რას დაკარგავს სამყარო, ჩვენი ორგანიზაცია რომ არ არსებობდეს? შეიძლება ითქვას, COVID-19-ის კრიზისმა კორპორაციებს მისიის განმსაზღვრელი გლობალური ვორქშოპი მოუწყო.

ვირტუალურ ბორდრუმებში მანამდე ზოგისთვის უჩვეულო საკითხები დაისვა: რით შეგვიძლია გადავარჩინოთ სამყარო? გვაქვს თუ არა დაგროვილი რესურსი და ენერგია, რომ ჟანგბადის (ანუ ეკონომიკური აქტივობის და, შესაბამისად, შემოსავლების არარსებობის ან კატასტროფული კლების პირობებში) გადავრჩეთ? როგორ მივმართოთ ან შევცვალოთ ჩვენი საქმიანობა, რომ დავეხმაროთ ექიმებს, სასწრაფოების მძღოლებს, მეცნიერებს? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვაქვს თუ არა მსოფლიოსგან, ქვეყნისგან ან ადგილობრივი საზოგადოებისგან, ჩვენი სამეზობლოსგან, ჩვენივე თანამშრომლებისგან სოციალური ლიცენზია, რომ ვიარსებოთ? ვჭირდებით თუ არა მათ? როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ?

ბევრმა ახლა აღმოაჩინა, რომ საჭიროები არიან, სხვებმა – უფრო ყოჩაღებმა, ძირითადად დიდმა ინსტიტუციურმა კომპანიებმა, ღონიერი პასუხიც მოაყოლეს: არ შემიძლია არ აღვნიშნო ბესიკ ხარანაულის ლექსზე აწყობილი თიბისი ბანკის გამამხნევებელი რგოლი, რომელიც მათ თავიანთ ღონისძიებების კვალდაკვალ შექმნეს ან საქართველოს ბანკის დახმარების პლატფორმა „არ გაჩერდე“.

თუმცა, ის ათასობით კომპანიაც არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა, რომლებსაც არ აქვთ ფუფუნება, ლამაზი კამპანიებით წარმოაჩინონ, თუ რა წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლაში, თითოეული მათი თანამშრომლის შემოსავლის შენარჩუნებაში, რა დანახარჯი გასწიეს საპროდუქტე ხაზის ან ოპერაციების გადაწყობაში. უმეტესობამ რეგულაციების შემოსვლამდე კარგა ხნით ადრე შეწყვიტა ოფისებიდან ოპერირება ან საერთოდ საქმიანობა და ბიზნესის წარმოების თითქმის სრული დეცენტრალიზაცია მოახდინეს. მსგავსი მყისიერი ტრანსფორმაცია უზარმაზარ საოპერაციო ხარჯებთან იყო და არის დაკავშირებული, თუმცა სოციალური თვითშეგნება ამ შემთხვევაში, უბრალოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, მედია კომპანიები – ტვ პირველის ინიციატივა #ქართულიბიზნესისშუაგულში, რითაც ტელევიზიამ უფასო სარეკლამო დრო და გაშუქება აჩუქა მცირე ბიზნესს საკუთარი საქმიანობის წარმოსაჩენად, ონ.ჯი-ს პროგრამა – უფასო მედიასტრატეგიების მომზადება, ასობით უფასო ვებინარი და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სხვადასხვა საკონსულტაციო კომპანიებმა თუ უნივერსიტეტებმა და კერძო ტრენინგცენტრებმა ჩაუშვეს და ა.შ.

ფოტო: Shutterstock

ქართული ორგანიზაციების ან გლობალური კორპორაციების ოფიციალურ გვერდებს თუ გადახედავთ სოციალურ ქსელში ან ინტერნეტში, თვალნათლივ დაინახავთ, როგორ შეიცვალა კომუნიკაციის სტილი – მთლიანი აქცენტი თანამშრომლებზე, მომხმარებელზე, საზოგადოებაზე და პროდუქტის ან მომსახურების წარმოჩენა მხოლოდ პანდემიის ჭრილში – რატომ არის სწორედ ახლა მათი პროდუქტი ან მომსახურება საჭირო, რით დაეხმარება, რით ანუგეშებს ან დააიმედებს. დაინტერესებულ მკითხველს შემიძლია ვურჩიო ქართული პლატფორმა CSRBLOG.GE, სადაც თავმოყრილია მსგავსი პროექტების უმეტესობა.

შეიცვალა ასევე საზოგადოების ყნოსვა კორპორაციულ უსინდისობაზე – მყისიერი საჯარო უკმაყოფილება და „აჯანყებები“ იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მაინც ამუშავებდნენ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე და ამით საფრთხე შეუქმნეს მათ ჯანმრთელობას და ეპიდემიის გავრცელებას შეუწყვეს ხელი; რომლებმაც მასიური შემცირებები გამოაცხადეს ან ოპორტუნისტულად მიუდგნენ და მაღალი საპროცენტო განაკვეთების ამოღება არ შეწყვიტეს, ან არასრულფასოვნად პასუხობდნენ რეგულაციებს.

კორონას კრიზისმა თითქოს თავად გასცა პასუხი გასული საუკუნის კაპიტალისტურ დილემას: იკვეთება თუ არა კერძო ინტერესი და საზოგადოებრივი ინტერესი? რა დოზით? მართალია თუ არა ისევ მილტონ ფრიდმანისეული დოქტრინა, რომ „კერძო ორგანიზაციას მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა აქვს და ეს არის პასუხისმგებლობა აქციონერის წინაშე. შესაბამისად, მისი ერთადერთი დანიშნულებაა მოგების გენერირება და რომ ნებისმიერი თეთრი თუ ცენტი, დახარჯული სხვა მიზნისთვის უპასუხისმგებლობაა?

ამ თვალსაზრისის გამოქვეყნებიდან გასულმა 50-მა წელმა და ბოლოს, კორონას პანდემიამ თავად ამ კითხვას გასცა პასუხი და შეცვალა მისი ინტერპრეტირება:

დღეს თანამედროვე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ სად იკვეთება კერძო და სოციალური ინტერესი (greater good). მაგალითისთვის ავიღოთ ინოვაცია – ტექნოლოგიური განვითარება ნებისმიერი ბიზნესისთვის ან ახალი შესაძლებლობების განვითარებაა (მეტი შემოსავალი) ან ოპერაციების გაეფექტურებაა (ნაკლები ხარჯი), ანუ ხარჯთეფექტურობის მიღწევა. ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ საწარმოო პროცესს – უფრო ნაკლებ დროში პროდუქციის მიღებას და უფრო ნაკლები რესურსით (დენით, წყლით, ნავთობით), უფრო ნაკლებ ნარჩენს (მისი მოვლაც ხარჯია) ანდა გაციფრულების შემთხვევაში – უფრო ნაკლებ ქაღალდის მოხმარებას, უფრო ნაკლებ სატრანსპორტო მოძრაობას. შესაბამისად, უაღრესად სასიკეთოა გარემოსთვის – ბიზნესისთვის კი არსებობის საწინდარია.

მეორე მაგალითი, თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა: გრძელვადიანი ღირებულების შესაქმნელად თანამედროვე ორგანიზაციებს სჭირდებათ მაღალკვალიფიციური და ლოიალური თანამშრომელი. ნიჭიერი ხალხის პოვნა კი რთულია, რადგან მათ აქვთ არჩევანი – იმუშაონ იქ, სადაც მოსწონთ და სადაც განვითარებას შეძლებენ, სადაც დაინახავენ, რომ მათი შრომით გაცილებით მეტს ქმნიან, ვიდრე მხოლოდ აქციონერისთვის მოგებას. მათ ხელშია ბერკეტი, უარი უთხრან უვარგის დამსაქმებლებს. ყველაზე ორთოდოქსმა ფინანსისტმაც კი იცის, რომ მხოლოდ ხელფასი არ არის მოტივატორი და ნიჭიერი ადამიანები გაცილებით მეტს ითხოვენ – მუდმივ სწავლას, მუდმივ სიახლეს, საინტერესო პროექტების განხორციელებას – მოკლედ რომ ვთქვათ, ღირსეულ სამუშაო გარემოს. სოციალური თვალსაზრისით, კი ეს ნიშნავს კმაყოფილ და უზრუნველყოფილ ოჯახებს, დამოუკიდებელ და კრიტიკული აზროვნების მქონე მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებს. აი, ეს არის სწორედ ის უდიდესი საზოგადოებრივი სიკეთე, რასაც ქმნის თანამედროვე ბიზნესი.

საზოგადოებრივი ინტერესი ბიზნესისთვის მოგების დაკარგვის საფრთხე (ანუ დამატებით ხარჯი) კი არ არის, არამედ მისი განვითარების საწინდარია და ეს არის სწორედ დანიშნულება – მისია – რას ვარგებ მე სამყაროს.

ჰარვარდის ბიზნეს რევიუში 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კომპანიები, რომლებსაც გააზრებული აქვთ საკუთარი დანიშნულება (მისია და ღირებულებები – purpose), ანუ კარგად იციან, თუ სად იკვეთება მათი კერძო და საზოგადოებრივი ინტერესი, 5-7%-ით მეტ მოგებას აგენერირებენ და გაცილებით სწრაფად იზრდებიან და მეტ ბაზრის წილს ფლობენ. 2019 წელს აშშ-ს კორპორაციული ლობის ყველაზე ძლიერმა ორგანიზაციამ „ბიზნესის მრგვალმა მაგიდამ“ (Business Roundtable), რომელიც წამყვანი გლობალური კომპანიების 181 მთავარი აღმასრულებელი პირისგანაა დაკომპლექტებული (ამ კომპანიების ჯამური კაპიტალიზაცია ამერიკის ეკონომიკის 30%-ს შეადგენს), ახალ დოკუმენტს მოაწერა ხელი და გადააკეთა მანამდე არსებული ბიზნესის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი დოქტრინა (Purpose of a corporation). კომპანიის აქციონერს (ერთადერთ ფაქტორს), დაემატა ოთხი: მომხმარებელი, თანამშრომელი, მომწოდებელი (პარტნიორები) და საზოგადოება (community). ეს ისტორიული მომენტი იყო, რადგან დეკლარირება მოხდა იმ ფაქტის, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინების გარეშე, ბიზნესის განვითარებას და გრძელვადიანი მოგების გენერირებას საფრთხე ექმნება და ფრიდმანისეული პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი პარადიგმა (ბიზნესი პასუხისმგებელია მხოლოდ მისი აქციონერის წინაშე) ახალ კონტექსტში მოაქცია.

პანდემიის პირობებში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დამდგარმა ბევრმა კომპანიამ სწორედ ახლა აღმოაჩინა, ან ვინც ამ თვითშეგნებით დიდი ხანია მუშაობდა, გაიძლიერა წარმოდგენა, თუ როგორ არის გადაბმული ბიზნესის სიკეთეები სოციალურ სიკეთეებზე.

COVID-19-ის კრიზისი კრისტალიზაციის მომენტია ბევრი კომპანიისთვის და, ზოგადად, კაპიტალიზმისთვის, თუმცა ეს ხმამაღალი განცხადება არ ნიშნავს, რომ კაპიტალიზმს საფრთხე ემუქრება – პირიქით, ისევ ყველაზე ძლიერები გადარჩებიან, უბრალოდ ძლიერი, ნიშნავს სოციალური სიკეთეების მომტან ბიზნესს, რადგან გრძელვადიანი მოგების გენერირება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე, გამძლე და ინოვაციური სისტემებით, რაც უკვე თავისთავად არის სოციალური პასუხისმგებლობა.