9 აპრილი სიმბოლურ მეხსიერებაში

1989 წლის 9 აპრილზე პირველად 7 წლისას მომიყვნენ – ნახატებს აგროვებდნენ სკოლაში გამოფენის მოსაწყობად და კლასის დამრიგებელმა დამავალა დამეხატა: ტიტები, ნიჩაბი, ტანკი, სამფერიანი დროშები. მიუხედავად ამბისა, რომ თურმე ტანკებმა და ნიჩბებმა სამფერიანი დროშებით ხელში მდგომი უდანაშაულო ადამიანები დახოცეს და მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ყოველ 9 აპრილს ტიტებს ვჩუქნით ერთმანეთს, მაინც მიჭირდა გააზრება, რა კავშირი იყო ნიჩაბსა და ტიტას შორის, თუ ისინი მებაღეს არ ეჭირა ხელში.

წლების შემდეგ, თითქოს ყველაფერი გასაგებია – საგანთა ეს უცნაური კომბინაცია ჩვენი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში საქართველოს უახლესი ისტორიის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღის მთავარ სიმბოლოდ იქცა. სიმბოლოები კი შესაძლოა იმაზე დიდხანს ინახავდნენ ამბავს, ვიდრე – თვითმხილველთა მეხსიერება. სიმბოლოები იმაზე ლაკონიურად და მრავალმნიშვნელოვნად ყვებიან, ვიდრე – ისტორიის სახელმძღვანელოები. სიმბოლოები მაშინაც კი აგრძელებენ თხრობას, როცა არქივებში შენახული ძველი გაზეთების პირველ გვერდებზე დაბეჭდილი სტატიებით სულ უფრო იშვიათად ინტერესდებიან. სიმბოლოები სახელს არქმევენ იმას, რისთვისაც ზოგჯერ ენა საკმარისად მძაფრი არაა ან პირიქით, მეტისმეტი პათეტიკა შეეპარება. მემორიალებსაც ხომ ეგ ფუნქცია აქვთ – მოვლენის მატერიალურ მეტაფორად რომ გადაიქცნენ.

9 აპრილზეც ასეა, ალბათ. თუ ამ მოვლენის გასახმოვანებლად დაწერილ რომელიმე ლექსს 31 წლის შემდეგ იმ ამბების არმომსწრე მკითხველმა შეიძლება უნებურად რითმა ან რიტმი დაუწუნოს, იური მეჩითოვის შავ-თეთრი ფოტო – ახალგაზრდა ქალი სამგლოვიარო დროშით ხელში, ასე რომ მიაგავს დელაკრუას „ბარიკადებზე მომავალ თავისუფლებას“, ბევრად უფრო მეტყველია, უშუალოა და მის მიმართ გულგრილობა არაა ადვილი. სიმბოლოები მეტყველებენ – მაშინაც კი, როცა მათი შექმნის ისტორია უფერულდება იმ მთავარი ამბით, რომელსაც ისინი გამოხატავენ.

ნიჩაბი

Photo Credits to Elefter Lapachi / NPLG

1989 წლის 9 აპრილს დილის 3 საათსა და 45 წუთზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები ჯარისკაცებმა და საბრძოლო ჯავშანტექნიკამ ალყაში მოაქცია. მშვიდობიანი აქციის დასარბევად თბილისში 2000-ზე მეტი ჯარისკაცი იყო მობილიზებული. აღჭურვილობაში შედიოდა ხელკეტები, ცეცხლსასროლი იარაღი, მომწამვლელი გაზი და სასანგრე ნიჩაბი. სწორედ ეს უკანასკნელი იქცა იმ სისასტიკის სიმბოლოდ, რომელიც რუსულმა ჯარმა მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ანატოლი სობჩაკის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია აქტიურად ამტკიცებდა, რომ დაღუპული დემონსტრანტები ჭყლეტაში ასფიქსიით გარდაიცვალნენ, აქციის მონაწილეების მეხსიერებასთან ერთად, სასტიკი ცემით გარდაცვლილთა ცხედრების ამსახველი სურათები ყვებიან გაუმართლებელი ძალადობის სისასტიკეზე, რომელიც ალესილი სასანგრე ნიჩბის სახით დარჩა მეხსიერების სიმბოლიკაში.

„მთავრობის სახლთან კიბეების გასწვრივ ტერასა იყო ხშირი ბუჩქებით. ერთ-ერთი „აწევის“ დროს დავინახე, რომ იქ რაღაც უცნაური ხდებოდა. ჯერ მომეჩვენა, რომ დესანტები ბუჩქებს ნიჩბებით ჩეხავდნენ. შემდეგ ბუჩქებში დამალული ადამიანები დავინახე.“ – იხსენებს ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იური როსტი.

ტიტები

Photo Credits to Ia Mtchedlishvili / NPLG

9 აპრილის დარბევის შემდეგ თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა. თუმცა მალევე დაიწყო სამოქალაქო გლოვა. 10 აპრილის დილიდან კვლავ დაიწყეს ახალგაზრდებმა თბილისის ქუჩებში გამოსვლა. რუსთაველის მოედანი მალევე აივსო უამრავი ყვავილით. გარდა თბილისისა, გამოსვლები დაიწყო ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში, დუშეთში. 1989 წლის 11 აპრილს მომზადებული მოხსენება ცენტრალურ მთავრობას ატყობინებდა, რომ საქართველოში „სიმშვიდის და წესრიგის აღდგენის“ მიუხედავად სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. როგორც 9 აპრილზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, ტრაგედიამ, გლოვამ და ბრაზმა რეჟიმისადმი უპრეცედენტო ერთიანობისა და სოლიდარობის ტალღა წარმოშვა. ტალღა, რომელიც უამრავ წითელი ფერის ყვავილში მატერიალიზდა. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსთველის მოედანზე დაღუპულთა პატივის მისაგებად დალაგებული ათასობით ყვავილი დაჭკნა, მორის ფოცხიშვილის ტექსტის მიხედვით შექმნილმა სიმღერამ „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ ეს ყვავილი, არა მხოლოდ ტრაგედიის, არამედ საზოგადოებრივი სოლიდარობის სიმბოლოდ აქცია.

დროშები

Photo Credits to Givi Nakhutsrishvili / NPLG

ცხრა აპრილის შემდგომი დღეების ამსახველ კადრებში ყვავილებთან ერთად სამფეროვანი დროშების სიმრავლე ადვილად მოხვდება მკითხველს თავში. შეგვხვდება, როგორც – ჰაერში მოფრიალე, ისე გლოვის ნიშნად დაბლა დაშვებული დროშების კადრები. ეს კიდევ ერთი სიმბოლოა – ოღონდ ამჯერად არა უფრო მეტად ტრაგედიის, ვიდრე დარბევამდელი პროტესტის და მისი მთავარი მოთხოვნების ხსოვნისა და აქტუალობისა, რომელიც შესაძლოა სწორედ ტრაგედიისა და დანაკარგის შემდეგ უფრო მწვავე იყო, ვიდრე ოდესმე. დროშა, ხომ პოლიტიკური პრეტენზიაა, მით უფრო, თუ ეს დროშა ჯერკიდევ იმ დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს სიმბოლიკა იყო, რომლის სუვერენიტეტი ბოლშევიკურმა რუსეთმა გადაყლაპა. 31 წლის თავზე 9 აპრილის ტრაგედიისა, როცა ამ თარიღთან განუყოფლადაა გადაჯაჭვული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა – დამოუკიდებლობის აღდგენა და საქართველოში საბჭოთა ძალადობრივი რეჟიმის დასასრული, შავ-თეთრ სურათებში ამოკითხული დროშის სამი ფერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, გარდა მსხვერპლისა, რა დაგვიტოვა 1989 წლის 9 აპრილმა.