,,რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო მეტი აღსანიშნავი დღე აქვს, ტკბილიც და მწარეც“, – ვკითხულობთ ოთარ ჭილაძის ჩანაწერების კრებულში ,,ცა მიწიდან იწყება“. წიგნის სარჩევს თუ მივყვებით, 1989 წლის მოვლენების თანმიმდევრულ განვითარებასაც მივაგნებთ:
7 აპრილი
ისევ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით.
ისევ დაიძაბა ქალაქში (ქვეყანაში) მდგომარეობა.
ცირკთან ჯავშნიანი მანქანები დგანან…
8 აპრილი
დღეს ტანკი შევარდა რუსთაველის პროსპექტზე – ახალგაზრდები დაუწვნენ წინ!..ხვალ უარესია მოსალოდნელი!
პლაკატები: ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ,,გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ საქართველოს“, ,,საბჭოთა კავშირი – ხალხთა საპყრობილეა“, ,,ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“, ,,ოკუპანტებო, გაეთრიეთ საქართველოდან“.
რუსთაველზე ტანკის ,,გასეირნების“ შემდეგ, ვიღაცა გოგოსა და ბიჭს, მკაცრად მოღუშულებს, ასეთი პლაკატი მოჰქონდათ: ,,არ შეგეშინდეთ ამ ტილიანების“. საკუთარი პლაკატით მოვიდნენ ფერეიდნელი ქართველები.
9 აპრილი
დილის 4 საათზე ჯარის სპეციალურმა ქვედანაყოფებმა ნიჩბებითა და კეტებით დაარბიეს გაფიცულები – უფრო სწორად, ამოხოცეს, განურჩევლად, გაუფრთხილებლად, სრულ სიბნელეში – მათთვის სულერთი იყო თერთმეტი წლის ბიჭიცა და ოთხი თვის ფეხმძიმე ქალიც!
9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ ორი სატვირთო მანქანა ფეხსაცმელი მოაგროვეს…
,,რუსთაველი რახანია გადაკეტილია. დღეს დილით სამ მწკრივად იდგნენ ბეტონის ლოდებით დატვირთული „კამაზები“. ახლა, შეიძლება, უკვე ოთხ მწკრივად დგანან. ბევრი ხალხი იყრის თავს სეირის სანახავად. შავ ტბორებად გროვდებიან და ყრუდ გუგუნებენ. ბავშვები ხომ იქ ათენ-აღამებენ, არაფერი გამოგვრჩესო. ჩვენი ხვალინდელი დღე. დღეს რაც ხდება, იმათთვის ხდება, კარგიც და ცუდიც. რასაც დღეს შეითვისებენ, ხვალ გამოიყენებ. ამდენს, ეტყობა, თავადაც ხვდებიან და ერთი წუთითაც არ იცვლიან იქიდან ფეხს. მამა არა, ტოროლა! არაფერი აღარ უნდათ, არც როკის კლიპები, არც პორნოფილმები, არც კევი და არც კოკა-კოლა.“ – ვკითხულობ ოთარ ჭილაძის რომანში ,,აველუმი“, რომელიც 9 აპრილის მოვლენებს სურათებივით ასახავს. თვითონ სიტყვა აველუმი თავისუფალ და სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს. რუსთაველის გამზირზე მდგარმა ადამიანებმა ამ სტატუსს სიმბოლურად იმავე დღეებში მიაღწიეს, მაგრამ თავისუფლება ოფიციალურად ორი წლის თავზე მოიპოვეს.
ყოველი წლის ცხრა აპრილს ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვცდილობთ, რომ 1989 წელს რუსთაველზე მდგარ ადამიანებს გადავუხადოთ #მადლობათავისუფლებისთვის. უკვე უამრავი სტატიას წავიკითხავდით გმირებზე, მაგრამ იმ დღის ზუსტ სურათს იშვიათად თუ აღვიდგენთ-ხოლმე.
რატომ ლიტერატურული რეპორტაჟი? იმიტომ, რომ სწორედ მწერლები გვაძლევენ საშუალებას, წლების წინ მომხდარი ამბები ჩვენც ისევე განვიცადოთ, როგორც იმ მომენტში „თბილისელი გოგო“ განიცდიდა.
,,ვინ შეიძლება არ იყოს შეყვარებული დღესო – კითხულობს ფოტო-პოეტი – მარტოსულად გრძნობდეს ამ დროს თავსო? ვინ და, ვთქვათ, საბჭოთა არმიის ჯარისკაცი და ქართველი გოგონა. ერთი კლავს, იმიტომ რომ ყველაფერი სძულს, მეორე კი იმიტომ კვდება, იმასაც ყელში რომ ამოუვიდა ყველაფერი… საწყალი თბილისელი გოგო კი არწყევს, ჭადრის ძირას წაკუზულა, თავი ლამის გაუსკდეს, გული უღონდება, ჰაერს ვეღარ ყლაპავს, ყელი ჩასწვია, გრიგალისებური ძალით ბრუნავს მუცელში ტკივილის აწყვეტილი ზამბარა. რუსი ჯარისკაცი კი ისე აჰყოლია გადმონთხეულ სიძულვილს, გასაყიდად გადამალულ გაზის ბალონსაც ესვრის გაქცეულთა ზურგებს. ბალონი ჰაერშივე სკდება და მხუთავი გაზის ნაცრისფერი ურჩხული ამაზრზენად იგრაგნება მთელი პროსპექტის სიგრძეზე. შენ კი, კიდევ ერთი გაზაფხულის უშუალო მონაწილე, მაინც ბედნიერად თვლი თავს, თუმცა, შენცა და შენი მეუღლეც ჯერ კიდევ ლეკვდაკარგული მგლებივით დაძრწით გამოცარიელებულ ქალაქში, მაგრამ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, თქვენი ლეკვი არც დაღუპულთა და არც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორისაა მოხსენიებული.“
ჯარისკაცია სტასიკი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „ორნი აქა-იქა“. სტასიკი 9 აპრილს ახალგაზრდების დასარბევად გამოგზავნილი ჯარისკაცია, რომელიც პატარა გოგონას კლავს.
„დოსტოევსკიც აღარ ახსოვდათ, თუმც ეგებ წაუკითხავ რასკოლნიკოვს უფრო გრძნობდა წყეული სტასიკი, რადგან ნაჯახზე არანაკლებ, უფრო მჭრელიც კი, ბარი რომ შემართა, გოგონა იდგა მის წინ წყნარი, და შიშით კი არა, გაოცებული შესცქეროდა მხოლოდ, და გამოზოგილი სიამოვნებით, ნელა შემართა სტასიკმა ხელი, ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: „ვოტ ტებე…“ და მთელი თავისი იმ არსებით მძლავრად, ღონივრად რომ დაიქნია კუთვნილი ბარი, თან დააყოლა: ზა სტალინა…თავგაპობილი იწვა გოგონა, დაჩერებოდა ვალმოხდილი ჭაბუკი სტასიკ. ეგონა, მოსპო.
რუსთაველის სისხლდაღვრილ პროსპექტზე იჯდა სტასიკ, ირგვლივ კი რა აღარ ეყარა – ქალის ფეხსაცმელები, ლეიბები, თავსაბურავები, კაშნეები, ჩანთები, ცხვირსახოცები, წიგნები, ნოტები…
და ერთიც ჩანთა, თბილ წინდებიანი.
სტასიკს ამეებისა დარდი არა ჰქონდა, სისხლში იჯდა და გულიაშს შეექცეოდა. ბისკვიტს ატანდა ზედ.“