მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების კომპეტენციის სფეროს შეზღუდვის მცდელობითა და ოპოზიციურად განწყობილი მედიის შერჩევითი კრიტიკით “კომუნიკაციების ეროვნული კომისია” ქართულ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას საფრთხეს უქმნის.
მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია” მუდმივმოქმედი და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოა, რომელიც, სხვა საქმიანობებთან ერთად, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე, ავტორიზაციის მოდიფიკაციასა და მის შეჩერებაზეა პასუხისმგებელი.
მიუხედავად ამ ვალდებულებისა, კომისიის შექმნიდან დღემდე მისი საქმიანობის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ხშირად ჩნდებოდა შეკითხვები. კომისიის ბოლოდროინდელმა ინიციატივებმა, მათ შორის მედიის კონტენტის რეგულირებაში ჩარევის მცდელობამ და მედია წიგნიერების ამაღლების მიზნით ოპოზიციურად განწყობილი მაუწყებლების შერჩევითმა კრიტიკამ, მარეგულირებელთან მიმართებით არსებული შეკითხვები გაამწვავა.
ევრორეგულაციის ფაქტორი
2018 წლის დეკემბერში მარეგულირებელმა კომისიამ საქართველოს პარლამენტში “მაუწყებლობის კანონში” შესატანი ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კანონმდებლობა მარეგულირებელ კომისიას, სასამართლოებთან ერთად, საშუალებას მისცემს ჩაიბაროს და განიხილოს მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჩივრები სიძულვილი ენის შემცველი შინაარსის შესახებ. არასამთავრობო სექტორისა და სფეროს ექსპერტების განცხადებით, წარდგენილი ცვლილებების ამოქმედებით საქართველოში მედიის თავისუფლება და კრიტიკული ჟურნალისტიკა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელ დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, მარეგულირებელი კომისია ამ ფორმით პირველად ცდილობს თვითრეგულირების კომპეტენციის გადატანას რეგულირების სფეროში, რაც შეშფოთების მიზეზს აჩენს. მაუწყებლობის კანონის მიმდინარე ვერსიის მიხედვით, სიძულვილის ენის ზეგავლენის კონტროლი მაუწყებლების შიდა, თვითრეგულირების ორგანოების ვალდებულებაა.
მარეგულირებელი კომისიის ინიციატივა მოტივირებულია ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის (2010/13/EU) მოთხოვნით. დირექტივასთან მაუწყებლობის კანონის ჰარმონიზება საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განახორციელოს.
აღსანიშნავია, რომ ევროდირექტივა სახელმწიფოებისგან არ მოითხოვს თვითრეგულირების ორგანოთა კომპეტენციის აუცილებელ შესუსტებას. კანონის 44-ე მუხლის მიხედვით, თუკი არსებული რეგულირების მექანიზმები ეფექტურად მუშაობს, სახელმწიფოების მხრიდან მათი ფუნქციების კორექტირება მიზანშეწონილი არ არის.
მარეგულირებელი კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ივანე მახარაძის განცხადებით, ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივასთან ჰარმონიზების შესაძლებლობებს მარეგულირებელი კომისია საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციებთან ერთად 2 წლის განმავლობაში სწავლობდა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, არსებული მოდელი თვითრეგულირების ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრებას არ ითვალისწინებს, რაც ევროდირექტივასთან მოდის წინააღმდეგობაში.
შეფასებების მიუხედავად, დაგეგმილი ცვლილებები მედიაცენზურის საფრთხეს აჩენს.
“ჩვენ არ გვითქვამს, რომ თვითრეგულირების მექანიზმებს დახვეწა არ სჭირდებოდა. მათი გაუმჯობესება პრიორიტეტი უნდა იყოს. თუმცა, ამ მექანიზმების გაძლიერებაზე ზრუნვა მარეგულირებელი კომისიის ვალდებულებაა, რომელსაც ის არ ახორციელებს.”-გვითხრა მარიამ გოგოსაშვილმა.
საკანონმდებლო ინიციატივაზე კრიტიკის პარალელურად, 2019 წლის დასასრულს საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ მედია კრიტიკის პლატფორმა ამავე სახელწოდებით (“მედიაკრიტიკა”) შექმნა. “მედიაკრიტიკა” კომისიის მიერ განხორციელებული მედიაწიგნიერების კამპანიის ნაწილად მიეწოდა საზოგადოებას. ივანე მახარაძის თქმით, პლატფორმა “საზოგადოებასა და მედიას შორის გზამკვლევია”.
პირველი შთაბეჭდილება გატყუებთ
“მედიაკრიტიკა” ჟურნალისტიკის ხარისხობრივი შეფასების ნაცვლად კომისიის მხრიდან მედიის კონტროლის კიდევ ერთ მცდელობას ჰგავს.
დამოუკიდებელი მედია ექსპერტების შეფასებით, პირველი შთაბეჭდილებით, “მედიაკრიტიკა” პრობლემურად არ მიიჩნეოდა. “მასში ნიშანდობლივი საფრთხე არავის დაუნახავს” – აღნიშნა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია კომუნიკაციების პროფესორმა, მაია მიქაშავიძემ.
“მედიაკრიტიკის” მთავარი პრობლემა მასში მონაწილე, მთავრობასთან აფილირებული სახეების სელექციური შეფასებებია.
მედიაკრიტიკოსებიდან ერთ-ერთი “პოსტ ტვ”-ის ჟურნალისტი, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გური სულთანიშვილია. 20 თებერვალს მის მიერ გამოქვეყნებულ კრიტიკაში “ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება და მედია” სულთანიშვილი შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს საქართველოს ყოფილი პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბშვილის გათავისუფლებაზე ყველა ქართული მედია საშუალების მიერ გავრცელებულ შინაარსს განიხილავს. სტატიის წაკითხვისას მასში მხოლოდ “მთავარი არხის” კრიტიკას ვხვდებით.
“მედიაკრიტიკის” ამგვარი მიკერძოება გამონაკლისი არ არის.
“მაკრიტიკებელი მხარის კრიტიკა რომ ობიექტურად მიიღებოდეს, მას ამგვარ კრიტიკაში უნდა ენდობოდნენ. მთავრობასთან ასოცირებულ კრიტიკულ შეფასებებს კი ლეგიტიმაცია ვერ ექნება” – გვითხრა მაია მიქაშავიძემ.
“მედიაკრიტიკა” “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის” დაფინანსებული პროექტია. გარდა გური სულთანიშვილისა, მედიაკრიტიკოსების სიაში არიან ზვიად ავალიანი, რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის, “ობიექტივის” წამყვანი და შორენა შავერდაშვილი, გამოცემა “ლიბერალის” რედაქტორი, რომლის “ლიბერალში” გამოჩენის შემდეგაც თანამშრომლებმა გამოცემა დატოვეს.
დემოკრატია და მედია: ორივე საფრთხეში
მარეგულირებელი ინსტიტუტი სახელმწიფოს ხელში მედიის რეპრესიის ინსტრუმენტია, გვითხრა ნათია კაპანაძემ, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” კოორდინატორმა. “ჩემთვის ნათელია, რომ კომუნიკაციების კომისია პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი არ არის და მისი ბოლოდროინდელი ნაბიჯები საქართველოში მედიისთვის განკუთვნილ პროფესიულ სივრცეებს უფრო მეტად ავიწროებს” – აღნიშნა კაპანაძემ.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის აღნიშნული ნაბიჯები ქართული თავისუფალი ჟურნალისტიკის მომავალს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. ბოლო დღეებში ქართული საზოგადოება მედიის დისკრედიტაციის არაერთი მცდელობის მომსწრე გახდა. კომისიის გადაწყვეტილებები ამგვარ დამაზიანებელ პრაქტიკას მხოლოდ აძლიერებს, რაც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს აყენებს ჩრდილს.
ავტორი: ლევან თევდორაძე
სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია დაიწერა “ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის” “მედიის, მონაცემებისა და საზოგადოების ცენტრის (CMDS) Medium ბლოგისთვის.