თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 10.5% შეადგინა, რაც თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის ბოლო, სრული 2022 წლისათვის 10.6%-იან საბაზო სცენართან. ამასთან, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი დინამიკა მცირედით, თუმცა მაინც უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. გასულ კვირას ასევე გამოქვეყნდა მე-2 კვარტლის საგადასახდელო ბალანსისა და მშპ-ის დანახარჯების მიხედვით გაანგარიშების ამსახველი მაჩვენებლები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება და საინვესტიციო მოთხოვნის მკვეთრი მატება ეკონომიკის ზრდის მსგავსად, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია.

ამავდროულად, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებასთან ერთად, გრძელდება საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდურობის დაგროვება. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მიგრანტების მზარდი დეპოზიტების შედეგი არაა. არამედ, სეზონური გაუფასურების მოლოდინების გამო, ბოლო პერიოდში რეზიდენტების მხრიდანაც ვალუტაში მეტად დაზოგვა და ლარში მეტად სესხება იკვეთება. თავისთავად, ეს ლარის კურსისთვის ნეგატიურია, თუმცა, საპირისპიროდ, მას შემდეგ რაც აღნიშნული ტენდენცია შეიცვლება.

ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია ლარის კურსს ხშირად მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე უფრო მეტადაც კი განსაზღვრავს. როდის შეიძლება ველოდეთ განწყობებში ცვლილებებს? სავარაუდოდ წელსვე, როდესაც ბაზრის მონაწილენი უფრო მეტი რწმუნებით ჩათვლიან, რომ ლარის სეზონური ფაქტორები მის სადღეისო კურსში უკვე წინმსწრებად ასახულია. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ ძლიერი საინვესტიციო მოთხოვნა, უცხოურ ვალუტაში მეტი ბიზნესსესხის გაცემას ნიშნავს, ვინაიდან გრძელვადიანი ბიზნესპროექტების დაფინანსება სწორედ პრაქტიკულად მთლიანად უცხოურ ვალუტაშია. ასევე, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები დოლარის დეპოზიტებზე მათი თუნდაც ნაწილის გახარჯვას განაპირობებს, რაც როგორც ეკონომიკის ზრდის, ასევე ლარის კურსის კუთხით თავისთავად პოზიტივია.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.