ტექნოლოგიური გიგანტები კორონავირუსის წინააღმდეგ

Photo Credits to Johannes Eisele

კორონავირუსი თანამედროვეობის გლობალურ გამოწვევად იქცა. პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოების მთავრობებთან ერთად მსხვილი კომპანიები ერთიანდებიან და სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ კრიზისულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებს.

ამ ეტაპზე, ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და დაავადების გავრცელების ტემპებიც ჩქარდება. გასულ კვირას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პანდემიის პირობებში სამედიცინო აღჭურვილობის შესაძლო დეფიციტზე გააკეთა განცხადება. საპასუხოდ რამდენიმე ბიზნეს-გიგანტმა ამერიკის მთავრობას ნიღბების უზარმაზარი პარტია სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

როგორც ცნობილი გახდა, კომპანია Apple სახელმწიფოს 9 მილიონ დამცავ ნიღაბს გადასცემს. ამის შესახებ განცხადება სამშაბათს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა. მაიკ პენსის განცხადებაში ნათქვამია, რომ Apple-ის აღმასრულებელ დირექტორს ტიმ ქუქსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია მილიონობით ნიღაბს მიაწვდის სამედიცინო დაწესებულებებს მთელი ქვეყნის მაშტაბით.

„Apple-ის გუნდი მუშაობს, რათა დაეხმაროს ჯანდაცვის სფეროშ მომუშავე მიმწოდებლებს COVID-19-თან ბრძოლაში. ჩვენ მილიონობით ნიღაბს გადავცემთ ამერიკასა და ევროპაში მომუშავე პროფესიონალებს. მადლობას გიხდით ყველა გმირს, რომელიც წინა ხაზზე იბრძვის“- დაწერა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ზე.

კვირას Facebook პოსტი გაავრცელა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმაც, სადაც იგი აღნიშნავს, რომ კომპანიას გადაუდებელი საჭიროებისთვის არსებულ მარაგებში 720 000 სახანძრო აირწინაღი აქვს, რომელთაც სრულად გადასცემს ამერიკულ საავადმყოფოებს. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ კომპანიის მხარდაჭერა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ამით არ ამოიწურება და მხოლოდ გაიზრდება უახლოეს მომავალში.

https://www.facebook.com/zuck/posts/10111697064311151

საავადმყოფოებისთვის სახის ნიღბების მიწოდება დაიწყო Tesla-მაც. ილონ მასკი ამერიკულ ჯანდაცვის სისტემას 250 000 ნიღაბს და 1000-მდე ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიაწვდის. რამდენიმე დღის წინ მასკმა Twitter-ზე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში Tesla-სა და SpaceX-ის საწარმოები ხელოვნური სუნთქვის აპარატების დასამზადებლად გადაეწყობა.