აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, “დემოკრატიული პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის, მხარდასაჭერად Twitter-ის პირად ანგარიშზე ვრცელ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„იმ სახის მმართველობა, რომელიც ხორციელდება ცოდნითა და გამოცდილებით, გულწრფელობითა და თავმდაბლობით, ემპათიითა და ღირსებით – არის მმართველობის ის სახე, რომლის ადგილიც არ არის მხოლოდ ჩვენი შტატების მმართველობისა და მერების ოფისებში. მისი ადგილი თეთრ სახლშია. სწორედ ამიტომ, სიამაყით ვუჭერ მხარს ჯო ბაიდენს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში“ – ამბობს ბარაკ ობამა აღნიშნულ მიმართვაში.
ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ობამა თავისი პრეზიდენტობის პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებას უწოდებს და ხაზს უსვამს მისი თანამონაწილეობის მნიშვნელობას ისეთ პროცესებში, როგორებიცაა დიდი რეცესიის შემდგომი პერიოდის გამოწვევები, H1N1 ვირუსის გავრცელებისას და ებოლას ეპიდემიის დასაძლევად მიღებული ზომები, საავტომობილო ინდუსტრიის გადარჩენა და მოსახლეობისთვის მილიონობით სამუშაო ადგილის შენარჩუნება.
„ჯოს აქვს ის პიროვნული ხასიათი და გამოცდილება, რომელიც გვეხმარება, დავძლიოთ ყველაზე რთული პერიოდები“ – აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.
ვიდეომიმართვაში ბარაკ ობამა “რესპუბლიკურ პარტიას” აკრიტიკებს და ამბობს, რომ ერთი რამ, რაც თითოეულმა ადამიანმა შეიტყო, არის ის, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წევრები დაინტერესებულები არიან არა პროგრესით, არამედ – ძალაუფლებით.
საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.