აშშ საქართველოს დამატებით 600,000 დოლარით დაეხმარება

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დამატებით 600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხები კორონავირუსის პირობებში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე დაიხარჯება. მთლიანობაში ამერიკის მთავრობა USAID-ის საშუალებით საქართველოს 1.7 მილიონი დოლარით დაეხმარება.

უცვლელად გთავაზობთ USAID Georgia-ს გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას:

„ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი 600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხები კორონა ვირუსის დამარცხების მიზნით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება. მთლიანობაში ამერიკის მთავრობამ USAID-ის საშუალებით კორონა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად 1.7 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის USAID-ის მიერ გამოყოფილი 1.7 მილიონი დოლარის ფარგლებში შესაძლებელი იქნება: ინფექციის პრევენცია და კონტროლი, დაავადებების შემთხვევების გამოვლენა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების ზედამხედველობა, ტექნიკური დახმარება სწრაფი რეაგირებისა და მობილიზაციისთვის, რისკ ფაქტორების შესახებ გაძლიერებული კომუნიკაცია და სხვა.

ამერიკის მთავრობა წლების განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ს მთავრობამ ეკონომიკური, საჯარო სამსახურების, საქართველოს ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით USAID-ის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საშუალებით საქართველოს დაახლოებით 140 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.

ვამაყობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან, ჯანდაცვის სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხელს ვუწყობთ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.“