Vinotuta ყვარელში, სოფელ წიწკანაანთსერში მდებარე ღვინის კომპანიაა, რომელიც 2020 წელს შეიქმნა, გაყიდვაში კი მისი პროდუქტი აქტიურად 2022 წლიდან ჩაეშვა. მიუხედავად არსებობის მოკლედ ისტორიისა, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს და ამავდროულად, საერთაშორისო ბაზრის ათვისების კუთხით პირველ ნაბიჯებს დგამს.
ბრენდის შექმნის ისტორიაზე, ბიზნესში პირველ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე ბევრ სხვა მნიშვნელოვან დეტალზე Forbes Woman-ს Vinotuta-ს დამფუძნებელი, თუთა გალეგაშვილი ესაუბრა.
როდის და საიდან გაგიჩნდათ ამ ბიზნესის წამოწყების იდეა? რა გზის გავლა დაგჭირდათ ამ იდეის ხორცშესხმამდე?
ღვინის წარმოების სურვილი ბაბუაჩემს ჰქონდა, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას დებდა აღნიშნული იდეის ხორცშესხმაში. თითქმის ყველაფერი დასრულებული იყო იმისათვის, რომ წარმოება დაწყებულიყო, თუმცა ბაბუა გარდაიცვალა და ოცნება აუხდენელი დარჩა.
გავიდა პერიოდი და სურვილები დავიწყებას მიეცა. ბაბუასთან ახლო ურთიერთობა მქონდა და ამ ყველაფერზე გული ძალიან მწყდებოდა. 29 წლის ასაკში საფრანგეთში ყოფნისას გამიჩნდა სურვილი ბაბუის მიერ წამოწყებული საქმიანობა ხარისხიან პროდუქტად და წარმატებულ ბიზნესად მექცია.
გავიაზრე, რომ დილეტანტი განსაკუთრებულს ვერაფერს მოვახერხებდი. ამიტომ, ადგილობრივი ტრადიციული მეთოდების გაცნობის შემდეგ გადავწყვიტე, ცოდნა თეორიულიც და პრაქტიკულიც, საფრანგეთში გამეღრმავებინა, რადგან საინტერესოდ მივიჩნიე ტრადიციული და ევროპული მეთოდოლოგიის შერწყმა. ინტერესს ევროპული ღვინის განსაკუთრებულობა მიღრმავებდა.
გავემგზავრე ბორდოში „Cafa wine school“-ში ევროპული ტრადიციებისა და პრაქტიკული წარმოების შესასწავლად. აღმოვაჩინე, რომ ფრანგებს განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა აქვთ ღვინის წარმოებასთან. შემდეგ იყო პრაქტიკული, ძალიან საინტერესო სწავლება „Chateau Luchey Halde“-ში, სადაც უშუალოდ ვცდილობდი აღმომეჩინა კონკრეტული განსხვავება ქართულ და ევროპულ ტრადიციებს შორის ღვინის წარმოების კუთხით.
მოგვიყევით Vinotuta-ს პირველი ნაბიჯების შესახებ. როდის გამოჩნდა ბრენდი ბაზარზე?
ბორდოდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთე ყველა სამუშაოში, რომელიც დაკავშირებული იყო ღვინის დაყენებასთან. შევქმენი „ვინო თუთას“ გუნდი, რომელიც აქტიურად ამუშავდა ბაზარზე გამოსაჩენად, თითოეული დეტალის გათვალისწინებით და დაცვით. თავდაპირველად გაჩენილი იუმორისტული დამოკიდებულება ჩემ მეღვინეობასთან დაკავშირებული ნელ-ნელა იცვლებოდა.
ჩემ მიერ წარმოებულმა ღვინომ წარმატებით გაიარა ყველა საჭირო ლაბორატორიული შემოწმება და ხარისხის დამაკმაყოფილებელი ინსტანცია. ამ ყველაფერმა მოტივაცია განმიმტკიცა. აღარ გადავდე და წამოწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანე. დაიბრენდა პროდუქტი, შესაბამისად შეიქმნა Vinotuta – ეს ხდება 2020 წელს. ხოლო ბრენდი აქტიურად ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა.
როგორია მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე? სად არის შესაძლებელი Vinotuta-ს ღვინოების შეძენა?
ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მოთხოვნა შედარებით სტაბილურია, რადგან არჩევანი ძალიან დიდია და უპირატესობის მოპოვება – რთული. Vinotuta-ს პროდუქციის შეძენა ძირითადად ღვინის ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი, მათ შორის 8000 მოსავალში, ღვინის მაღაზია ციცქაში, ღვინის რესტორან არქივში, აგროჰაბში, ნატურველი და ა.შ.
საერთაშორისო ბაზრის ათვისების კუთხით რა ეტაპზე ხართ?
რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ამ კუთხით კონკრეტული გეგმები მაქვს შვედეთსა და აშშ-ში, ასევე სადეგუსტაციოდ ღვინოები დაახლოებით 14 ქვეყანაში მაქვს გაგზავნილი. ამ ქვეყნის წარმომადგენლები ბორდოში სწავლის პერიოდში გავიცანი.
რომელი ჯიშის ვაზისგან იწურება Vinotuta-ს ღვინოები? ამჟამად წარმოების რა მასშტაბებზეა საუბარი და სამომავლოდ გაფართოებას თუ გეგმავთ?
ღვინო იწურება ქინძმარაულის მიკრო ზონის საფერავის ჯიშის ყურძნისგან, ასევე იგივე ზონაში გაშენებული ქისის ყურძნისგან, რომელიც გაყიდვაში ზაფხულიდან ჩაეშვება. გარდა ამისა, ვაწარმოებ ჭაჭას, რომელიც ასევე ზაფხულში ჩაეშვება გაყიდვაში.
ამჟამად ვენახი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გაშენებული და შემიძლია, დაახლოებით 30 000 ბოთლი ღვინო ვაწარმოო. თუმცა სამომავლოდ, მოთხოვნის შესაბამისად, წარმოება გაიზრდება.
დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ ახლო და შორეულ მომავალში?
გეგმებს თანმიმდევრულად მივყვები. ამ ეტაპზე ვცდილობ, შექმნილი სტაბილურობა შევინარჩუნო, ხოლო სამომავლოდ, დიდი სურვილი მაქვს, ღვინო ადგილზე უცხოური ჯიშის ყურძნისგან ვაწარმოო და უცხოელი პარტნიორები დავაინტერესო ყურძნის ქართული ჯიშით დავაინტერესო. ეს ნამდვილად შესძენს Vinotuta-ს სხვა ბრენდებისგან განსხვავებულობას.