WHO: კორონავირუსისათვის სულ მცირე 20 ვაქცინა მუშავდება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მეცნიერებთან ერთად კორონავირუსის სულ მცირე 20 ვაქცინაზე მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ზოგი მათგანი უკვე კლინიკურ შემოწმებას გადის.

„ვაქცინები ჯერ კიდევ შორსაა, რათა ხელმისაწვდომი გახდეს საჯარო გამოყენებისათვის“ – გვაფრთხილებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. როგორც წამყვანი მეცნიერები ამბობენ, ბაზარზე სრულყოფილი, ქმედუნარიანი ვაქცინის გატანას 18 თვე სჭირდება.

WHO-ის საგანგებო პროგრამების დირექტორი, ექიმი მაიკ რაიანი, ამბობს, რომ ვაქცინების მოსინჯვა აუცილებელია, რადგანაც „მხოლოდ ერთი რამეა ცუდ ვირუსზე საშიში და ესაა ცუდი ვაქცინა“. „ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან ფრთხილად პროდუქციის შემუშავებისას, რადგანაც ინექციის პოტენციურ გამკეთებელთა ჯგუფი მთელი მსოფლიოს მოსახლეობაა“. აქვე რაიანი ხაზს უსვამს სახელმწიფოთა ჩართულობის როლს ერთიან პროცესში, რადგანაც რომ არა ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიერ მიწოდებული ინფორმაცია COVID-19-ის თვისებების შესახებ, ვერავინ დაიწყებდა ასე სწრაფად ვაქცინაზე ფიქრს.

Photo Credits to Jalaa Marey / AFP

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ ვაქცინის აღმოჩენის შემდეგ სხვა პრობლემებთან მოგვიწევს გამკლავება – ესაა მასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური, ფინანსური და ეთიკური დაბრკოლებები.

„სულაც ახლავე რომ აღმოვაჩინოთ ეფექტური ვაქცინა, ის უნდა გვქონდეს ყველასათვის. ამ საქმეში გვჭირდება ორი რამ – მიუკერძოებლობა და სამართლიანობა. როგორ უნდა გავცეთ გარანტია იმისა, რომ საკმარისი ვაქცინა დროულად გვექნება და ყველას გავუნაწილებთ დედამიწაზე, ამის შემდეგ კი დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ინექცია აუცილებელია.“