“წიგნების თარო” ონლაინ სკოლას ქმნის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გასართობ-საგანმანათლებლო სატელევიზიო პროექტი “წიგნების თარო” ონლაინ სკოლას ქმნის, რომელიც იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, კლასგარეშე გაკვეთილებს შესთავაზებს.

„გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ იზოლაციაში მყოფი პატარების ცოდნის ამაღლებაში. სწორედ ამიტომ, „წიგნების თარომ“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წამოიწყო სოციალური კამპანია „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“, რომელიც გათვლილია დაწყებითი კლასის მოსწავლეებზე. პროექტი არის უფასო, ყველასათვის ხელმისაწვდომი… პატარებს პედაგოგობას გაუწევენ თაროელი სტუდენდები და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარ მოქალაქობრივ ვალდებულებად მიიჩნიეს ბავშვებზე ზრუნვა,“ – ამბობს გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, სასწავლო პროცესი იქნება ინტერაქციული და გასართობი. ბავშვები შეისწავლიან სასკოლო და არასასკოლო საგნებს და, რა თქმა უნდა, მსოფლიო ლიტერატურას.

ონლაინ სკოლა 21 აპრილიდან იწყება. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა საგნების სპეციფიკის გათვალისწინებით განისაზღვრება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ერთ, ისე რამდენიმე საგანზე, 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით.

როგორც ცნობილია, ერთი გაკვეთილის ხანგძლივობა 30 წუთია. ეტაპობრივად კი გაკვეთილები ათასობით ბავშვისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ონლაინ სკოლაში დარეგისტრირება ამ ბმულის საშუალებით შეგიძლიათ;

უფრო მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ წიგნების თაროს ფეისბუქ-გვერდს;