Women in Wine Expo 2021 წლამდე გადაიდო

საქართველოში დაგეგმილი ქალი მეღვინეების პირველი საერთაშორისო გამოფენა Women in Wine Expo კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2021 წლამდე გადაიდო.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად ღონისძიების ორგანიზატორები ავრცელებენ ფეისბუქ გვერდზე და აღნიშნავენ, რომ ამჟამად მთავარი პრიორიტეტი საზოგადოების ჯანმრთელობაა.

Women in Wine expo-ს მთავარი მიზანია გაზარდონ ქალების ჩართულობა ღვინის ინდუსტრიაში, მისცენ მათ ახალი შესაძლებლობები და ხელი შეუწყონ მეღვინეობაში გენდერული ბალანსის დამყარებას.

გამოფენა პირველად 2019 წლის 24 მაისს ნიდერლანდებსა და ბელგიაში ჩატარდა. ღონისძიებაში ჩართული იყო 8 ქვეყნის წარმომადგენელი 30 ქალი, რომელთაგან 8 საქართველოს სახელით მონაწილეობდა.

ღონისძიება საქართველოში 6-8 მაისს უნდა ჩატარებულიყო ლოპოტას ტბაზე. გამოფენის ფარგლებში რეგიონს არა მხოლოდ მეღვინე ქალები, არამედ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და ბლოგერები ეწვეოდნენ, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ლოკაციისა და დროის უცვლელად გამოფენა 2021 წელს გაიმართება. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დარეგისტრირებულებს თანხა უკან დაუბრუნდებათ, ხოლო თუ კვლავ დარჩებიან პროექტში, მომავალ წელს გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ.