ყველაფერი იწყება სივრცით | ინტერვიუ ლიზა ხუნდაძესა და ელენე პაპიაშვილთან

მიდიხარ და ეცნობი მის ისტორიას, კონტექსტს, რა დგას მის უკან, გრძნობ იმპულსებს, რომლებსაც ეს გარემო გაწვდის.

ერთია ფუნქცია, რაც მას გააჩნია, ხოლო მეორე, რა უნდა შეიქმნას მისგან.

ეს სწორედ ის სიმბიოზია, რომელიც იქმნება წარმოსახვაში, შემდგომ გადმოდის ფურცელზე და საბოლოოდ ყალიბდება კომფორტის ზონად.

რაც არ უნდა შეიქმნას მისგან, აუცილებელია შეძლო კომფორტის პოვნა.

რთულია ეს, რადგან აქ ისევე უნდა იგრძნობოდეს სხვადასხვა ელემენტების კონტრასტი, როგორც მათი სინთეზი.

ყველაფერი იწყება სივრცით, ერთი დიდი თეთრი სივრცით და ამ სივრცეში შენ გხვდება ძველებურ კარნიზებს შემოხვეული მცენარეები, კარი – საუკუნოვანი ისტორიებით, ფანჯარა – სიძველისა და თანამედროვეობის ხიდად და აგურის კედელი, რომელიც სიძველეში ახალ სხეულად ფორმირდა.

ეს Z 10-ია, ფრანგული ინვესტიცია თბილისში, სასტუმრო ამრეკლავი დეტალების ერთიანობით, ბევრი სიურპრიზითა და სივრცული თავისუფლებით.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

როგორ იწყება ინტერიერის დიზაინზე მუშაობის პროცესი?

„ჩვენ გამოვდივართ იმ კონტექსტიდან, რასაც ეს ადგილი გვაძლევს და მიზნიდან, ანუ რაც უნდა შესრულდეს. იმისთვის, რომ განავითარო სივრცე, პირველ რიგში, კარგად უნდა გაიცნო ის და მიხვდე, რას გთავაზობს, რა შეგიძლია რომ შეინარჩუნო, დატოვო მისგან და რა არა. Z 10-ს ძეგლის სტატუსი აქვს, საკმაოდ ძველია ეს შენობა, შესაბამისად ორმაგი სიფრთხილეა საჭირო ასეთ დროს. აუცილებელია დარჩეს სიძველის მუხტი“. – ელენე პაპიაშვილი, Z 10-ის არქიტექტორი.

როგორ მიდიხართ იდეიდან მის განხორციელებამდე?

„იდეის დონეზე დამკვეთის სურვილი იყო რომ Z 10-ს ღირებულებითი დატვირთვა ჰქონოდა, ყოფილიყო სიძველის ესთეტიკის მატარებელი და მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ეს დეტალები. ჩვენ შემოვიტანეთ თანამედროვე ელემენტები და Z 10 ვაქციეთ სიძველისა და სიახლის შერწყმად.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების საფუძველზე განხორციელდა შენობის სრული გამაგრება-რეაბილიტაცია და ფასადის აღდგენა, ასევე მოხდა არსებული სხვენის რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობს თანამედროვე ხერხით გადაწყვეტილი ჩანართის მოწყობას. კონცეპტუალური იდეა არის ქანობიანი გადახურვის „ამობრუნებული“ ვარიანტი, რომელიც მოპირკეთებულია ამრეკლავი, კომპოზიტური პანელებით. ასე მოხდა ძეგლის სრული რეკონსტრუქცია და მისი ჩასმა თანამედროვე არქიტექტურულ ჩარჩოში.

(პროექტის ავტორები: ნიკა ჩხაიძე, ელენე პაპიაშვილი, ლიზა ხუნდაძე)

რაც შეეხება ინტერიერს, აქ მაქსიმალურად შევინარჩუნეთ ამ შენობის ისეთი ღირებული დეტალები, როგორიც არის დარაბები, კარნიზები, კარები და კარის სახელურები“ – ლიზა ხუნდაძე, Z 10-ის არქიტექტორი.

რა არის თქვენთვის კომფორტი და თავად როგორ ქმნით მას?

ლიზა ხუნდაძე: კომფორტის აღქმა საკმაოდ ინდივიდუალურია და ასევე გამოდის სივრცის კონცეპტიდან, იმ სამომავლო იდეიდან, რაც ჩაფიქრებულია ამ სივრცისთვის.

Z 10 ორიენტირებულია სასტუმროს ტიპის აპარტამენტზე, შესაბამისად, რაც სასტუმროებში წარმოადგენს ხოლმე კომფორტის ზონას, იგივე უნდა ყოფილიყო აქაც. მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ეს სახლური ტიპის სასტუმროა, რადგან მეტწილად თავს ისე გრძნობ აქ, როგორც საკუთარ სახლში. გარემო თბილია და მყუდრო, პრინციპში ისეთი, როგორსაც შენს სახლში ინატრებ რომ გქონდეს. რამდენი დღითაც არ უნდა გაჩერდე, აქ, შეგიძლია ყოველდღე რაღაც ახალი აღმოაჩინო, დეტალი, რომელიც სულ სხვანაირად დაგანახებს ამ სივრცეს.

როდესაც ახალ სივრცეზე იწყებთ მუშაობას, რას აკვირდებით პირველად, რის აღმოჩენას ცდილობთ?

ელენე პაპიაშვილი: ყველაზე მთავარია იპოვო ის, რაც შეიძლება რომ შეინარჩუნო და იდილიაში მოიყვანო ახალ დეტალებთან. ხშირად, როდესაც ძველ შენობებს აღდგენას უპირებენ, უკეთებენ რესტავრაციას, იმდენად არემონტებენ, რომ სწორედ ეს სიძველე იკარგება. ჩვენთვის შთამბეჭდავი ამ სახლის ძველი სულია, ამიტომ ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა ფასადი ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო. თუმცა შემოხვალ თუ არა Z 10-ში, შენ აუცილებლად თანამედროვეობაში დაიკარგები.

ლიზა ხუნდაძე: პირველი, რამაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე, იყო სივრცე, თავისი ყველა დეტალით. საოცარი სადარბაზო აქვს ამ სახლს, ამანაც დიდი ინსპირაცია მოგვცა, კიდევ აქ ძალიან ძველი ფანჯრები, კარებები და კარნიზები იყო, რამაც შეიძლება ითქვას მთლიანად ჩაგვითრია ძველებური ესთეტიკის მორევში. მას შემდეგ, რაც პროექტი დავასრულეთ, საკმაოდ შეიცვალა შიდა სივრცე, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ მაინც ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის, ამიტომაც კონკრეტული დეტალს ვერ დავასახელებ, საიდანაც გამოვედით და მასზე დავაშენეთ ყველა დანარჩენი.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

როგორია საკუთარი თავის შეცნობის პროცესი თქვენს საქმეში?

ელენე პაპიაშვილი: მუშაობის პროცესში ძალიან ბევრი რამ ყალიბდება და იცვლება. ამ დროს შეგიძლია უკეთესად გაიცნო შენი თავიც, იდეებიც, ხედვა… ჩანაფიქრი შეიძლება იყოს ყველანაირი, მაგრამ ასევე აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს დამკვეთის ხედვა, ამიტომაც ხშირად უკვე გაკეთებულის შეცვლაც კი გვიწევს, რაც საკმაოდ გულსატკენია, მაგრამ ყოველ ახალ მცდელობაზე ახალი თავგადასავალი იწყება, ამიტომ ვერასდროს მოიწყენ ამ პროცესში, სულ ახალ აღმოჩენებში ხარ…

ლიზა ხუნდაძე: თითოეულ ახალ პროექტზე მუშაობა ახალი, დიდი და რთული პროცესია; იდეა ფურცლიდან რეალობად უნდა აქციო. Z 10-ის შემთხვევაში თვითონ შენობაზე მუშაობისას გამოიკვეთა ბევრი რამ, რაც შემდეგ ინსპირაციად ფორმირდა. აი წარმოიდგინეთ, სახლში, რომელიც ძეგლის სტატუსს ატარებს, ყოველ დეტალს ისტორია დაჰყვება, ერთმა პატარა დეტალმა, რომელიც მანამდე არ ჩანდა და უცბად იპოვე, შეიძლება მთლიანი ჩანაფიქრი საპირისპიროდ დაატრიალოს.

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, რას ნიშნავს ის თქვენთვის?

ლიზა ხუნდაძე: ჩემი პროფესია ალბათ ჩემი ოჯახიდან მოდის. მამა არქიტექტორი, დედა – მხატვარი. მთელი ბავშვობა ძალიან მაინტერესებდა ეს სფერო და ჩემთვის ამოუწურავი სიახლეების ადგილი იყო. მიზიდავდა სივრცეების მოწყობა, როგორც ერთი დიდი თავგადასავალი. მერე იმდენად შემიყვარდა, რომ საბოლოოდ ჩემი პროფესიაც კი გახდა, მაგრამ ალბათ თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი საქმე ის იქნებოდა, რაც ასე ძალიან მიყვარდა.

ელენე პაპიაშვილი: მე არ მიფიქრია ბავშვობაში არქიტექტორობაზე, უბრალოდ ძალიან ბევრს ვხატავდი, თითქმის სულ და ამიტომაც მინდოდა რომ ფერწერა მესწავლა. 15-16 წლის ასაკში ხაზვასთან პირველად მომიწია შეხება და ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს პროცესი. მახსოვს ჩემი პირველი ნამუშევარი, როცა რაღაც დეტალი გავაკეთე, იმდენად ჩამითრია ამან, იმდენად აზარტული გამოდგა, რომ მერე ბევრი აღარც მიფიქრია, უკვე ვიცოდი რომ სხვა პროფესია აღარ იქნებოდა საინტერესო და არქიტექტორობა ყველაზე დიდ ბედნიერებას მომანიჭებდა. მგონია, რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე.

რომელია თქვენი საყვარელი ნამუშევარი?

ლიზა ხუნდაძე: მე და ელენე ერთად ვსწავლობდით და მას მერე ერთად მოვდივართ, ახლაც ერთად ვმუშაობთ. აქამდე იყო სხვადასხვა პროექტები, სახლები, სასტუმროები და სხვადასხვა სივრცეები, თუმცა, ჩვენი საყვარელი ნამუშევარი ეს სასტუმროა. ამ პროექტმა თითქოს ყველაზე მეტად მოგვცა ჩვენი შემოქმედებითობის გამოვლენის საშუალება, აქ თითქოს მართლა თავისუფლება ვიპოვეთ, ამიტომ ყველაზე მეტად გვიყვარს. ბოლო ორი წელია Z 10 ჩვენი განუყოფელი ნაწილი გახდა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რა არის ის ინსპირაცია, რომლის გარეშეც Z 10-ის დიზაინს ვერ გააკეთებდით?

ელენე პაპიაშვილი: ზედაპირი, რომელიც ირეკლავს ყველაფერს – მგონია, რომ ეს დეტალი ძალიან ბევრ რამეს ამბობს როგორც ამ ადგილზე, ისე ჩვენს ხასიათზეც. ჩვენ გვინდოდა, რომ ბოლომდე გადმოგვეცა ის, რაც ჩვენს წარმოსახვაში იდო, სიძველისა და თანამედროვეობის სინთეზი, ამიტომაც შევქმენით ამრეკლავი ზედაპირები, რათა თანამედროვეობამ აირეკლოს სიძველე.

რას აღმოაჩენს Z 10-ის სტუმარი ამ ადგილას და რა არ დაავიწყდება თუნდაც, ერთდღიანი ვიზიტის შემდგომ?

ელენე პაპიაშვილი: მყუდრო გარემო. ისეთი შეგრძნება ექნება, რომ ეს მისი სახლია, მაგრამ თან პირველად არის აქ. სიმშვიდეს იპოვის, დაისვენებს, აქაურობა მოწყვეტილია ხმაურს, უბანიც საკმაოდ მშვიდია, თუმცა, მაინც ქალაქის შუაგულში ხარ. სასიამოვნოდ კონტრასტულია Z 10 და ჩემი აზრით, ზუსტად ეს კონტრასტები არ დაავიწყდება მის ნებისმიერ სტუმარს.

ლიზა ხუნდაძე: Z 10 თბილისური ტიპის ერთი ძველი სახლია, რომელიც ბევრ თანამედროვე სიურპრიზს იტევს, თან, ეს ისეთი ადგილია, საკმაოდ განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებსაც, რომ მოეწონებათ, მიმზიდველია როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩემი აზრით, ამ სასტუმროთი ახალგაზრდებიც მოიხიბლებიან და მათთვის საკმაოდ კომფორტული გარემო აღმოჩნდება, მაგრამ, ამავდროულად, ძველი თბილისური არქიტექტურული ტრადიციების მოყვარულ ადამიანსაც დააინტერესებს. სულ რომ არ გაიხედო გარეთ და შიგნით, სახლში იყო, მაინც მიხვდები რა გარემოში ხარ – ალბათ ეს აქვს ყველაზე გამორჩეული Z 10-ს.

ამ პროექტზე მუშაობის პროცესში, მოგვივიდა იდეა, რომ შეგვექმნა პანო ჩვენი დიზაინით, ეს არის ერთგვარი ნაჭრის აპლიკაცია, რომელიც ერთ-ერთ საძინებელში დავკიდეთ და სამომავლოდ ვაპირებთ გავაკეთოთ მსგავსი პანოების სხვადასხვა ვარიანტები.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ელენე პაპიაშვილი: ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, ვისთანაც სრულ კომფორტში ხარ, იდეალურად იკვეთება თქვენი ხედვები და წარმოდგენები და თავად ძალიან ბევრს სწავლობ მისგან. მე და ლიზა ბევრი წელია ერთად ვმუშაობთ და მართლა საოცრად გვესმის ერთმანეთის. მე მომწონს, როდესაც გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ, მე ისიც მიყვარს, როდესაც აზრს იმ ადამიანს ვეკითხები, ვისი ხედვა თუ გემოვნება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ზოგჯერ სხვისი თვალითაც შეხედო იმას, რაც შენ ძალიან მოგწონს. ასე უფრო ეფექტური გამოდის პროექტიც და ალბათ მუშაობის პროცესიც უფრო სასიამოვნოა. სამომავლოდ კვლავ გვინდა ბევრ არქიტექტურულ თავგადასავალში აღმოვჩნდეთ და ჩვენი იდეები რეალობად ვაქციოთ.