WhereNext – ინტერვიუ ნინო ზამბახიძესთან

ნინო ზამბახიძის პროფესიული ბიოგრაფია ერთი დიდი თავგადასავალია. ცვლილებები არ აშინებს. მეტიც – დროდადრო კომფორტის ზონიდან გამოსვლა ისე უნდება ხოლმე, რომ მზადაა ასე, უბრალოდ, ადგეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარეა, „მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის“ ახალგაზრდა გლობალური ლიდერი, არაერთი ასოციაციის და კომპანიის დამფუძნებელია.

ფოტო: ანა ბოკო

პროფესიით თარჯიმანმა განათლება მსოფლიოს ისეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღო, როგორიცაა: გრენობლის ეკონომიკური სკოლა, კემბრიჯის კოლეჯი, ოქსფორდის და სტენფორდის ლიდერობის სკოლა, არის არაერთი ჯილდოს მფლობელი; როგორც „ქალი მეწარმეა“, ასევე „ახალგაზრდა ლიდერი ქალი“. 2017 წელს კი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ ახალგაზრდა ლიდერად დაასახელეს.

მერე, როგორც სჩვევია, ადგა, ახალციხეში საქონლის ასსულიანი თანამედროვე ფერმა შექმნა და რამდენიმე წლით თბილისსა და რეგიონს შორის გამოეკიდა. იმ პერიოდში სხვა საქმეებითაც იყო დაკავებული: ხილის ბაღებით, ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობით, ტრენინგ-ცენტრით, სადაც სოფლის მეურნეობაზე შეყვარებულ ახალგაზრდებს ნინო საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა.

საუბრისას ამას არ იხსენებს, თუმცა ნინო ზამბახიძეზე ყველაზე მეტი მაშინ ილაპარაკეს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას თეთრ სახლში, საკუთარ კაბინეტში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს შორის უმასპინძლა.

პროფესიული რეპუტაცია მხოლოდ თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოვიდა. წინააღმდეგობა იმაზე მეტი შეხვდა, ვიდრე წარმოიდგენდა, თუმცა, მალევე მიეჩვია, რომ გზადაგზა წარმოქმნილი ნებისმიერი დაბრკოლება გამოწვევად მიეღო და განვითარების ახალ შესაძლებლობად ექცია.

ფოტო: ანა ბოკო

რა იყო თქვენს პროფესიულ ბიოგრაფიაში ისეთი, რამაც ბევრი აალაპარაკა, რის შემდეგაც გაგიცნეს?

ალბათ, ხალხი აალაპარაკა იმან, რომ ფარ-ხმალს არ ვყრიდი, არადა, ის გზა, რომელიც ავირჩიე, იოლი არ იყო. მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ არ მიწევდა მხოლოდ პროფესიული განვითარება და ამ კუთხით საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა. პარალელურად მიხდებოდა მენტალობასთან შეჭიდება. არსებულ სტერეოტიპთან გამკლავება კი უფრო რთული იყო, ვიდრე არჩეულ სფეროში, ამ პროფესიულ არეალში მუშაობა და თავის დამკვიდრება. ამის მიზეზი ისაა, რომ კულტურული სხვაობები არსებობს და თან ძალიან ძლიერი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ქვეყანაა, მის ფარგლებში ხედვა და ღირებულებები ძალიან განსხვავებულია. ამ განსხვავებებმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემიქმნა, უამრავი სტრესის გადატანა მომიხდა. ეს პროცესი მარტივი არ იყო. ბევრი ფიქრი ახლდა, ღირდა თუ არა ის, რასაც ვაკეთებდი, ამდენი დაბრკოლების გადასალახად. საერთოდ, რამდენად ღირებული იყო ის, რაც წამოვიწყე.

რა იყო ამ პროფესიაში მთავარი გამოწვევა თქვენთვის?

ის, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავდი. ზოგადად, ძალიან პრინციპული ადამიანი ვარ და თუ რაიმე ფასეულობა და ღირებულება მაქვს, არასდროს არ მინდა ამ ფასეულობიდან და ღირებულებიდან გადახვევა. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ზუსტად ვიცი – ვარდებით მოფენილი გზა არავის არ აქვს. ყველა შედეგის უკან დიდი შრომაა. ეს მაძლევდა იმის სტიმულს, რომ რაც დავიწყე, ის ბოლომდე მიმეყვანა.

რა იყო მთავარი სირთულე, რომლის გადალახვაც მოგიხდათ?

უპირველესი დაბრკოლება, რომელსაც შევეჯახე, ის იყო, რომ ქალი ვიყავი და ისეთ სფეროში შევედი, რომელიც ძალიან მასკულინურია. დომინანტი ამ სფეროში იყო მამაკაცი, შესაბამისად, მიმღებლობა დაბალი გახლდათ, თუმცა ამასაც ისე შევხედე, როგორც ერთგვარ გამოწვევას. მთავარ სირთულეებს შორის იყო ისიც, რომ, ფაქტობრივად, გადავსახლდი ახალციხეში და შვილები თბილისში დავტოვე. ეს ბევრ შფოთვასა და მღელვარებას უკავშირდებოდა. მუდმივად მქონდა განცდა, რომ საქმის გამო შვილებს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვაკლებდი; მქონდა კითხვები, რამდენად ღირდა არჩეული გზა ამ მსხვერპლად. ეს იყო უწყვეტი, ძალიან რთული ბრძოლა საკუთარ თავთან.

რა ხდება მაშინ, როცა კომფორტის ზონას ვტოვებთ და საკუთარ თავს ახალი გამოწვევის წინაშე ვაყენებთ?

მე მგონია, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლის გამბედაობაში ყველაზე მეტად ჩანს ადამიანის სიძლიერე. ეს არაა იოლი პროცესი, ბევრ დისკომფორტს, ბევრ იმედგაცრუებას, გადაფასებას უკავშირდება, თუმცა მხოლოდ კომფორტის ზონიდან გამოსვლით ახერხებს ადამიანი ხედვის რაკურსის შეცვლას. ეს პროცესი ეხმარება მას, იმის გაანალიზებასა და განსაზღვრაში, თუ რა უნდა, რისკენ მიისწრაფვის, სად უნდა იცხოვროს თვითონ და სად უნდა იცხოვრონ მისმა შვილებმა. მე მგონია, რომ თუ კომფორტის ზონას შენთვის ეგოისტურად შეიქმნი, არის საფრთხე, რომ ის შენი შვილებისთვის დისკომფორტის ზონად იქცეს. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ კომფორტის ზონის დატოვებაა შანსი – როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო. ახალ ნაბიჯებს თან ყოველთვის ახლავს ტკივილი, წყენა, ტკენა, მაგრამ როცა ამ ყველაფერს გადალახავ, ყველაზე დიდი კომფორტის ზონაში სწორედ მაშინ შედიხარ.

რა იქნება შემდეგ?

რა იქნება შემდეგ? რა იქნება და, ალბათ, ჩემი პროფესიული მიმართულების გაციფრულება. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობას იმ მიმართულებებით განვითარება, როგორიცაა, გაციფრულება, ხელოვნური ინტელექტის ჩართვა. ზოგადად, მომხრე ვარ თანამედროვე სტანდარტს მოვარგოთ ყველაფერი, რაც არც წარსულს დაგვავიწყებს და, ამავდროულად, მომავალთანაც დაგვაკავშირებს. კორონავირუსის პანდემიაც იმის ერთგვარი დასტური აღმოჩნდა, რომ რა ხედვაც მქონდა, სწორი იყო. ამ საკითხზე მანამდეც დიდხანს ვფიქრობდი და ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არ ვცდებოდი. 21-ე საუკუნეში სოფლის მეურნეობის გაციფრულება აურაცხელ ახალ შესაძლებლობას შექმნის. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში ჩვენი შვილებისთვის სწორედ ეს იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმ პროფესიების გასაგრძელებლად, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით და ძალ-ღონეს არ ვზოგავთ, რომ ფეხზე დავაყენოთ. ზოგადად, ჩვენი მომავალი დგას იმაზე, რომ მაქსიმალურად დიდი ინვესტიცია ჩაიდოს ახალგაზრდების განათლებაში. არ აქვს მნიშვნელობა, სოფლის მეურნეობა იქნება ეს, ეკონომიკა თუ სხვა სფერო, განათლება გადამწყვეტია. ჩემი ხედვის ნაწილი გახლავთ ის, რომ ახალმა თაობამ აუცილებლად უნდა ისწავლოს ინგლისური ენა, პროგრამირება და კოდირება. ეს წარმატების მიღწევას მაქსიმალურად გაუადვილებს მათ. რაც უფრო განვითარდება მსოფლიო, მით უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დადგებიან ადამიანები. კარგი პროფესიული განათლება მათ მანევრირებისა და სწრაფი ადაპტირების საშუალებას მისცემს. ამიტომ მოქნილობა – განსაკუთრებით ფასეული უნარია დღეს და ასე იქნება მომავალშიც. მოქნილი ადამიანი აუცილებლად შეძლებს საკუთარი და, მასთან ერთად, ქვეყნის მომავლის განვითარებას.