კლიმატის ცვლილების გამო პოლარულ დათვებს გადაშენება ემუქრებათ

სამეცნიერო ჟურნალ „Nature”-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ყინულის საფარის დნობა დიდ საფრთხეს უქმნის პოლარულ დათვებს და მათ შესაძლო გადაშენებასაც მოასწავებს.

მეცნიერები 2100 წლისთვის პოლარული დათვების 19 არსებული პოპულაციიდან უმრავლესობის გადაშენებას ვარაუდობენ თუ გლობალური დათბობის ნეგატიური ტრენდები კვლავ გაგრძელდება. საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდა ანადგურებს პოლარული დათვების ბუნებრივ სამყოფელს. ყინულის საფარის დნობა კი პოლარულ დათვებს ნადირობის შანსებს უკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ პოლარულ დათვებს შეუძლიათ საკვების გარეშე თვეები გაძლონ, კლიმატის ცვლილება და ყინულის საფარის დნობა დრამატულად ახანგრძლივებს მათი შიმშილის პერიოდს და შესაბამისად ზრდის სიკვდილიანობას.

დღესდღეობით გლობალურმა დათბობამ კანადისა და ალასკის ტერიტორიაზე უკვე პოლარული დათვების ორ პოპულაციაზე მოახდინა გავლენა. მკვლევართა ვარაუდით, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად არსებული სხვადასხვა გეგმების მიუხედავად ამ სახეობის გადაშენების ალბათობა ძალიან მაღალია.

აღსანიშნავია, რომ 1970 წლის შემდეგ განადგურდა ყინულის საფარის 13%, რამაც ბუნებრივად გავლენა მოახდინა პოლარული რეგიონების ეკოსისტემებზე. ამჟამად ველურ ბუნებაში დაახლოებით 25000 პოლარული დათვი ბინადრობს, გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით კი 2050 წლისთვის მათი რაოდენობა შესაძლოა 30%-ით შემცირდეს.

No Comments Yet

Comments are closed