ინოვატორი ქალები დიზაინის სფეროში: ეიპრილ გრეიმენი

პირველი ამერიკელი დიზაინერი, რომელმაც ტექნოლოგიები გამოიყენა დიზაინის შესაქმნელად, დღეს ეიპრილ გრეიმენის სახელით არის ცნობილი. ის 1948 წლის 22 მარტს დაიბადა. გრეიმენმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯეიმ ოდგერსთან ერთად გაავრცელა ევროპაში არსებული მიმდინარეობა New Wave,  1970-იან და 1980-იან წლებში.

„ეიპრილი იყო ხიდი მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის, ის ინოვატორი და პიონერია გრაფიკული დიზაინის სფეროში.“

სტივენ ჰელერი, ისტორიკოსი

Photo Credits to ACME Studios, Inc.

თავად ეიპრილი თავს Transmedia artist-ს უწოდებს და ფიქრობს, რომ მისი ნამუშევრები გრაფიკულ დიზაინს უმეტესად სცდება. მისი ნიმუშები არაერთი დიზაინერისთვის ყოფილა ინსპირაციის წყარო და ის ამით ძალიან ამაყობს. გრეიმენი ნიუ-იორკში დაიბადა, მამამისი პროგრამისტი იყო, რომელმაც The Ventura Institute of Technology დაარსა, ბუნებრივია, ამ ყოველივეს გამო ეიპრილს ამ ტექნოლოგიასთან შეხება ბავშვობიდანვე ჰქონდა. გოგონამ სწავლა კანზასის ხელოვნების ინსტიტუტში განაგრძო, შემდეგ დიზაინერად მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში, მის დამქირავებლებს შორის იყო ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმიც.

Photo Credits to ACME Studios, Inc.

რამდენიმე წლის შემდეგ გრეიმენი შვეიცარიაში გაემგზავრა განათლების მისაღებად და Allgemeine Kunstgewerbeschule-ს სტუდენტი გახდა. 1976 წელს ეიპრილი ლოს ანჯელესში დაბრუნდა, საკუთარი სახელობის კომპანია შექმნა, რომელიც 1978-2004 წლებში ფუნქციონირებდა. 2005 წელს მან Made In Space დაარსა, ეს ფირმა კონსულტაციებს უწევს მომხმარებლებს დიზაინის შესახებ. ეიპრილი დღემდე აქ მუშაობს.

„ჩემთვის ციფრული სამყარო უდაბნოს ჰგავს, ორივე გასაოცარია.“

ეიპრილი ტექნოლოგიის განვითარებას დადებითად შეხვდა და გადაწყვიტა, უფრო მეტად გამოეკვლია ეს ყოველივე. წარმატებული კოლაბორაციის წყალობით ის სხვა არტისტებისგან მარტივად გამოირჩეოდა. 1982 წელს არტისტი კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. მან 1977 წელს ფოტოგრაფ ჯეიმი ოდგერსთან შექმნა ცნობილი პოსტერი ინსტიტუტისთვის, ამ ნამუშევრის პოპულარობა შტატის საზღვრებს გასცდა და ის ახალი ტაღლის სიმბოლოდ მიიჩნიეს. 1984 წელს ეიპრილმა დეპარტამენტის სახელის შეცვლაზე იზრუნა, რადგან ფიქრობდა, რომ ტერმინი გრაფიკული დიზაინი მომავალში პრობლემა გახდებოდა დიზაინერებისთვის. დეპარტამენტს Visual Communications დაარქვეს, ეს კი გრეიმენის დამსახურება იყო. მიუხედავად წარმატებისა, ის ფიქრობდა, რომ თავადაც სჭირდებოდა განათლების მიღება ამ სფეროში და თავადაც ამ ინსტიტუტის სტუდენტი გახდა.

Photo Credits to ACME Studios, Inc.

სწავლის დამთავრების შემდეგ ის კვლავ დაუბრუნდა საყვარელ საქმიანობას.1984 წელს ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის შექმნა პოსტერი, რომელიც დღემდე საკულტო ნიმუშად ითვლება. ტექნოლოგიის განვითარებამ მას კიდევ უფრო დიდი საშუალება მისცა, რომ ნამუშევრები უფრო დაეხვეწა. წლების განმავლობაში არტისტს არაერთი დამქირავებელი ჰყავდა. ჯილდოებს რაც შეეხება, ხელოვანს აქვს მოპოვებული ამერიკული ინსტიტუტის ოქროს მედალი, რომლის მოპოვებაც მხოლოდ განსაკუთრებულ არტისტებს შეუძლიათ.

2018 წელს ეიპრილმა Society of Typographic Arts-ის პრემიაც მოიპოვა. 1998 წელს Chrysler Award for Innovation პრიზი მისი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არტისტმა გამოაქვეყნა არაერთი წიგნი, მათ შორის April Greiman: Floating Ideas into Space და Something from Nothing. დღეს გრეიმენი ასწავლის არაერთ უნივერსიტეტში, მაგალითად, როსკის დიზაინისა და ხელოვნების სკოლა, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი, ვუდბურის უნივერსიტეტი. ის არასდროს ამბობდა უარს ექსპერიმენტებს და როგორც თავად აღნიშნავს, რისკზე წასვლა არ უჭირდა.

Photo Credits to ACME Studios, Inc.

გრეიმენის კარიერის გამო არაერთი გამოფენა მოწყობილა. 2006 წელს პასადენას მუზეუმმა ღონისძიება ჩაატარა, სახელწოდებით Drive-by Shooting: April Greiman Digital Photography, რომლის ფარგლებშიც მაყურებელმა ეიპრილის ნამუშევრები იხილა. მსგავსი გამოფენა მოეწყო პარიზშიც, რომელსაც არაერთი ცნობადი სახე დაესწრო. 2007 წელს ეიპრილმა შექმნა მურალი ლოს ანჯელესისთვის, რომელსაც არაერთი მნახველი ჰყავდა. 2014 წელს გრეიმენმა ლონდონში მდებარე ორგანიზაციასთან ითანამშრომლა, მათი ნამუშევრების ჩვენება კი Frieze Art Fair-ზე გაიმართა.

გრეიმენი ფლობს ხარისხს 4 უნივერსიტეტისგან:  Art Center College of Design, Los Angeles, California; Academy of Art University, San Francisco, California; College of Art and Design, Lesley University, Cambridge, Massachusetts ; და Kansas City Art Institute, Kansas City, Missouri. აღსანიშნავია, რომ ის არაერთი ცნობილი სიტყვის ავტორიცაა, მან გამოცდილება მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს გაუზიარა, მათ შორის იაპონია, ავსტრალია, ნიდერლანდები, ინდოეთი, საფრანგეთი და მრავალი სხვა.

ბუნებრივია, რომ ასეთი პროფესიონალი არაერთ პოზიციას იკავებდა წლების განმავლობაში, ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი არაერთ საერთაშორისო გამოფენაზე. მისი კლიენტების, პოსტერების, კერძო და საჯარო გამოფენების ჩამოთვლა არ არის მარტივი მათი რაოდენობის გამო. დღეს ეიპრილი 72 წლის არის, ის კვლავ ენერგიულად განაგრძობს ამ სფეროში მოღვაწეობას და ცდილობს, საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.