დიზაინში თავის დამკვიდრება განსაკუთრებით რთულია იმის გამო, რომ კონკურენცია გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა სფეროებში. შესაბამისად, ფლორენს ნოლისთვის კარიერის აწყობა არ ყოფილა ადვილი. დღეს მისი ნამუშევრები განსაკუთრებული და უჩვეულოა, ის ერთ-ერთ ინოვატორ დიზაინერად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მან შექმნა საოფისე ავეჯის დიზაინები, რომელიც დღეს ყველგან გვხვდება.
ფლორენსი 1917 წლის 24 მაისს დაიბადა მიჩიგანში. მისი მშობლები დიზაინის სფეროში არ მოღვაწეობდნენ, თუმცა ნოლს ეს ყოველივე ბავშვობიდან აინტერესებდა. სამწუხაროდ, ის 12 წლის ასაკში დაობლდა, მისი მშობლები ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლნენ. დიზაინერის მეურვეებმა ის კინგსვუდის სკოლაში შეიყვანეს, რომელიც ფინელი არქიტექტორის, ელიელ სარინენის მიერ იყო დაფუძნებული. ამ დაწესებულებაში ფლორენსი დაეუფლა არქიტექტურისა და ხელოვნების საფუძვლებს, სწორედ აქ მიხვდა ნოლი, რომ ამ სფეროში სურდა მოღვაწეობის გაგრძელება.
ნოლი იმდენად გამორჩეული მოსწავლე იყო, რომ სკოლის დამფუძნებელმა ის დაასაქმა და საბოლოოდ ისინი მეგობრები გახდნენ. ფლორენსმა მასთან ერთად კოლექციაც შექმნა რამდენიმე წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ნოლმა ეს სკოლა წარჩინებით დაამთავრა, მან იცოდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. ის ბლუმფილდში გაემგზავრა, რათა კრანბროკის ხელოვნების აკადემიაში ესწავლა – ელიელ სარინენის რეკომენდაციის წყალობით ის მაშინვე მიიღეს. 1935 წელს მან სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, თუმცა სხვადასხვა პერსპექტივის დასანახად მისთვის სხვა ქვეყანაში სწავლაც საჭირო იყო. ამ მიზეზის გამო, ის ლონდონში გაემგზავრა და იქაურ კოლეჯში დაიწყო სწავლა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო მას მოუწია უკან დაბრუნებულიყო. ამ დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, ნოლმა ილინოისის უნივერსიტეტში სტაჟირება გაიარა ისეთ არქიტექტორებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ალვარ აალტო, მარსელ ბრეუერი, ლუდვიგ მიეს ვან დერ როჰე და მრავალი სხვა.
სწავლის დამთავრების შემდეგ, 1941 წელს, ფლორენსი ჰანს ნოლს შეხვდა ნიუ-იორკში და სწორედ აქ დაიწყო მისი კარიერა. ჰანსი ახალგაზრდა დიზაინერი იყო, რომელსაც სურდა თანამედროვე ავეჯის შექმნა, მისთვის საუკეთესო პარტნიორი კი ფლორენსი აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროპული მოდერნიზმი არ იყო გავრცელებული და ამ ყოველივეს შეცვლა სურდა ჰანსს. 1946 წელს წყვილი დაქორწინდა და კომპანიას „ნოლი და პარტნიორები“ დაერქვა. ფლორენსი კრეატიული დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო ჰანსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
ფლორენსი ძალიან მალე გახდა ამ სფეროს განუყოფელი ნაწილი. მან ნოლის გეგმა შექმნა, რომლის საშუალებითაც ინტერიერის დიზაინს საკმაოდ სწრაფად და გამორჩეული სტილით ქმნიდა. დღეს ნოლის გეგმა თანამედროვე ინტერიერის ფუნდამენტური ნაწილია, ამ ყოველივეს წყალობით ქალბატონი ფლორენსი ძალიან გავლენიანი და მისაბაძი გახდა ამ ინდუსტრიაში. მისი კლიენტები იყვნენ CBS, GM, და IBM. ამ დამკვეთების წყალობით ნოლის სახელი კიდევ უფრო პოპულარული გახდა.
1940-იან და 50-იან წლებში ქალბატონი ფლორენსი ავეჯის ინდივიდუალურ მოდელებსაც ქმნიდა. როგორც აღნიშნავდა, მისთვის ინსპირაციის წყარო ჰარი ბერტოიას, ისამუ ნოგუჩის, ჯორჯ ნაკაშიმას და ერო საარინენის ნამუშევრები იყო. პერიოდის გათვალისწინებით, დიდი მოთხოვნა არ იყო ავეჯზე, შესაბამისად, ნოლმა სკამების, მაგიდების და საყოფაცხოვრებო ნივთების დაპროექტება დაიწყო. ის იმდენად წარმატებული იყო, რომ კომპანიის ოფისები ბელგიაში, კანადაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გახსნა. ჰერბერტ მატერმა ნოლის იმიჯზეც იზრუნა და ის საერთაშორისოდ აღიარებულ დიზაინერად აქცია.
ნიუ-იორკ თაიმსი და არაერთი სხვა გავლენიანი გამომცემლობა მუდმივად ცდილობდა, მისგან ინტერვიუ მოეპოვებინათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რადგან ფლორენსს მედიასთან ურთიერთობა არ უყვარდა. 1955 წელს მისი მეუღლე ავტო-შემთხვევის დროს გარდაიცვალა და ამ ტრაგედიის გამო ის კომპანიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ეს მისთვის არ ყოფილა ადვილი, თუმცა საქმეს თავი არ დაანება. 1957 წელს მან მუშაობა დაიწყო მაიამის ეროვნულ ბანკთან ერთად და 1958 წელს ბანკის მმართველზე იქორწინა. 1959 წელს ნოლმა კომპანია „ნოლი და პარტნიორები“ გაყიდა, მიუხედავად ამისა, ფირმა დღემდე იმ ნამუშევრებით ხელმძღვანელობს, რომლებიც ფლორენსმა შექმნა. ფირმის აღმასრულებელი დირექტორი, კესი ბრედლი აღნიშნავს, რომ „ფლორენსმა გააერთიანა სახლისა და ოფისის დიზაინი. მისი წყალობით ოფისი ბევრად უფრო მყუდრო გახდა, რის გამოც ის მუდმივად იქნება ინსპირაციის წყარო შემდეგი თაობებისთვის.“
ფლორენს ნოლის წარმატება იმით იყო გამოწვეული, რომ ის დეტალებს უდიდეს ყურადღებას აქცევდა. შესაბამისი, თანამედროვე საჭიროებებს მორგებული, უნიკალური და მრავალფეროვანი დიზაინის შექმნის გამო დღეს ფლორენსი ლეგენდად მიიჩნევა. მიუხედავად ორი ტრაგედიისა, მან გააგრძელა საქმიანობა და ყველასთვის მისაბაძი აღმოჩნდა. 87 წლის ასაკში მისთვის ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმმა გამოფენა მოაწყო, 2002 წელს მან ეროვნული პრემია მიიღო მიღწეული წარმატებისთვის. ეს ჯილდო მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გადასცა. მისი ნამუშევრების დათვალიერება დღეს ნიუ-იორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმსა და the Musée des Arts Décoratifs-ში, პარიზშია შესაძლებელი. ფლორენს ნოლი 2019 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა, ის 101 წლის იყო. მისი ნამუშევრების, საქმიანობის და უნიკალურობის გამო ის დიზაინის სფეროს განუყოფელი ნაწილია.