ინოვატორი ქალები დიზაინის სფეროში: ზაჰა ჰადიდი

ორდინალური შენობები არასდროს ყოფილა ზაჰა ჰადიდის სტილი. არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა სასურველი შედეგის მისაღწევად. ის ხშირად არღვევდა „წესებს“ არქიტექტურაში, რის გამოც არაერთი წინააღმდეგობა შეხვედრია, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ აძლიერებდა მას.

Photo Credits to Zaha Hadid Architects

ზაჰა ჰადიდი ბაღდადში დაიბადა 1950 წელს. მან განათლება ბრიტანეთსა და ბეირუთში მიიღო. ის ლონდონის არქიტექტურული ასოციაციის გამორჩეული სტუდენტი გახლდათ. როგორც თავად ამბობდა, სწორედ აქ მიხვდა, როგორი ნამუშევრები უნდა შეექმნა. კომპლექსურობა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება და ხისტი ხასიათი სწავლის პერიოდში ჩამოუყალიბდა, ეს თვისებები კი წარმატების მიღწევის წინაპირობა აღმოჩნდა. ლონდონში მან გაიცნო ელია ზენგელი და რემ კოლჰაა, რომლებთან ერთადაც მეტროპოლიტენის ოფისის დიზაინზე იმუშავა. ჰადიდმა 1980 წელს საკუთარი სახელობის ფირმა დაარსა, ეს ნაბიჯი საკმაოდ ამბიციური იყო იმ პერიოდისთვის, თუმცა ზაჰამ დაამტკიცა, რომ ეს სულაც არ ყოფილა არაჯანსაღი ამბიცია.

Photo Credits to Zaha Hadid Architects

1982 წელს ჰადიდმა ჰონგ-კონგში ასაშენებლად კერძო კლუბის პროექტი წარადგინა, სწორედ ამ დროს შეიცვალა არქიტექტურაში ბევრი რამ. ჰადიდმა საერთაშორისო დონეზე მოიპოვა აღიარება. აგრესიული გეომეტრიული დიზაინი, ფრაგმენტებზე ყურადღება, არასტაბილურობა – ამ სიტყვებით შეიძლება მისი პარკის დახასიათება. სწორედ ამიტომ მას კონსტრუქტივისტის საპირისპირო წოდება მიენიჭა. ეს მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1988 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ამ თემასთან დაკავშირებით გამოფენაც კი მოეწყო.

ამ წარმატებული პროექტის შემდეგ, ჰადიდის დიზაინზე მოთხოვნა გაიზარდა. მან ბერლინში, კარდიფსა და უელსში შექმნა ნაგებობები, რომელთა წყალობით ის არ კარგავდა აქტუალობას. ზაჰას „ქაღალდის არქიტექტორადაც“ მიიჩნევდნენ, რადგან მისი პროექტები ისეთი უჩვეულო იყო, რომ ბევრი ფიქრობდა, მათი აშენება შეუძლებელი იყო. 1990-იან წლებში მისი ყველაზე დიდი პროექტი ვიტრას სადგურის აშენება იყო გერმანიაში, რომელიც დღეს მის საკულტო ქმნილებად ითვლება. 2000-იან წლებში ჰადიდის რეპუტაცია კიდევ უფრო გაიზარდა და მას ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მიეცა მუშაობის შესაძლებლობა. მან ლოის და რიჩარდ როზენთალების თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ააშენა ოჰაიოში. 2003 წელს გახსნილი ნაგებობა პირველი ამერიკული მუზეუმი იყო, რომელიც ქალმა დააპროექტა.

Photograph Dan Chung/The Observer

2010 წელს ზაჰამ რომშიც იმუშავა, მან შექმნა MAXXI-ის თანამედროვე ხელოვნებისა და არქიტექტურის მუზეუმი. ამ ქმნილების გამო მან პრიზი Royal Institute of British Architects (RIBA) მოიპოვა. ეს არ იყო მისი ერთადერთი ჯილდო, მან მეორედ ეს პრიზი 2011 წელს მოიპოვა, როდესაც ეველინ გრეისის აკადემია დააპროექტა ლონდონში. 2014 წელს ჰადიდმა ლონდონის დიზაინის მუზეუმის ჯილდო Design of the Year მოიპოვა, ბაქოში დაპროექტებული ალიევის ცენტრისთვის. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ჰადიდის მიღწევები კიდევ უფრო შთამბეჭდავია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის ისეთ სფეროში მოღვაწეობდა, რომელსაც, ძირითადად, კაცები ხელმძღვანელობდნენ. ის ისეთ წინააღმდეგობებს აწყდებოდა, რომლებსაც მისი მამაკაცი კოლეგები არ ხვდებოდნენ, თუმცა, როგორც მისი გულშემატკივრები ამბობენ, ეს მისთვის მოტივაცია იყო. სწორედ ამ დაბრკოლებებმა ის ინოვატორ არქიტექტორად აქცია.

Photo Credits to Zaha Hadid Architects

ჰადიდი არამარტო დიზაინებს ქმნიდა, არამედ ლექტორადაც მუშაობდა, რადგან სურდა, რომ საკუთარი გამოცდილება ახალი თაობისთვისაც გაეზიარებინა. ის ასწავლიდა არქიტექტურის ასოციაციაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჩიკაგოს უნივერსიტეტსა და იელის უნივერსიტეტშიც. ის ასევე ქმნიდა ავეჯის, სამკაულების, ფეხსაცმელების, ჩანთების და ინტერიერის დიზაინსაც, თუმცა მისთვის უმთავრესი მაინც ნაგებობების დაპროექტება იყო.

2016 წელს, 65 წლის ასაკში, ჰადიდი მოულოდნელად გარდაიცვალა გულის შეტევით. მან 36 დაუსრულებელი პროექტი დატოვა, მათ შორის 2022 წლის მსოფლიო თასის სტადიონი, ანტვერპენის სპორტის სასახლე და მრავალი სხვა. მისი ბიზნეს-პარტნიორი, პატრიკ შუმახერი, კომპანიის ლიდერი გახდა, ჰადიდის ფირმა კი კვლავ ინარჩუნებს ზაჰასთვის დამახასიათებელ სტილს.

Photo Credits to David Hughes

პრიცკერისა და სტირლინგის პრესტიჟული ჯილდოების გარდა, ჰადიდს მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო იაპონიის ხელოვნების ასოციაციისგან, მათ შორის Praemium Imperiale პრიზი 2009 წელს, ასევე სამეფო ოქროს მედალი კარიერისთვის 2016 წელს. ის იყო Encyclopædia Britannica საბჭოს მრჩეველი 2005-2006 წლებში. თავდაუზოგავი შრომის, მიზანდასახულობის და პროფესიონალიზმის წყალობით, ზაჰა ჰადიდი ერთ-ერთი პიონერი არქიტექტორია მსოფლიოს მასშტაბით, რომელმაც ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი.