ნულიდან მილიონებამდე: ბელინდა ჯონსონი

ხალხზე ორიენტირებული იურისტი – ასე ახასიათებენ თანამშრომლები ბელინდა ჯონსონს, ბიზნეს-სამართლის სპეციალისტს, რომელსაც ორ ათწლეულზე უფრო დიდი გამოცდილება აქვს სფეროში.

2011 წელს იგი შეუერთდა კომპანიას Airbnb, როგორც გენერალური მრჩეველი, მაგრამ მას შემდეგ მისი როლი გაიზარდა მთავარი ოპერაციული დირექტორის პოზიციამდე (COO). ბელინდა კომპანიის თანამშრომლებს შორის ყველაზე მაღალი რანგის ქალია. დღეს იგი ითვლება მთავარ ადამიანად, რომელმაც Airbnb-ის ბიზნესის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი.

54 წლის ბელინდა ჯონსონი 2017 და 2018 წლებში Forbes-ის 100 ყველაზე ძლიერი ქალების სიაში შედიოდა. 2020 წლის Self-Made და ყველაზე მდიდარი ქალების სიაში კი ის 82-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება, რომელიც მან თავისი შრომით გამოიმუშავა, 245 მილიონი დოლარია. Fast Company-ის 2016 წლის „ყველაზე კრეატიული ხალხი ბიზნესში“ სიაში ბელინდას სახელიც შევიდა. 2017 წელს ის ასევე იყო მოხსენებული ELLE-ს ჟურნალში, სიაში ქალები ტექნოლოგიებში.

Photo Credits to Benjamin Rasmussen via Fortune

როგორც ბელინდა თავად ამბობს, მეხუთე კლასში იყო, როდესაც მამამისმა შეწყვიტა სამსახური იპოთეკური სერვისების ინდუსტრიაში, იმისთვის, რომ საკუთარი კომპანია დაეარსებინა. სწორედ მამის მაგალითზე გადაწყვიტა ბელინდამ ამ სფეროში საქმიანობა.

ბელინდა ჯონსონმა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი სამართლის მიმართულებით ტეხასის უნივერსიტეტში, ოსტინში მიიღო. ამავე უნივერსიტეტში დაიცვა მან დოქტორის ხარისხი იურისპრუდენციაში. 1991 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი იმუშავა  იურიდიულ ფირმებში. 1996 წელს ტოდ ვაგნერმა და მარკ კუბანმა, ინტერნეტ რადიო კომპანიის AudioNet-ის (მოგვიანებით კი Broadcast.com) თანადამფუძნებლებმა, იგი აიყვანეს გენერალური მრჩევლის და კორპორაციული მდივნის პოზიციაზე. 1999 წელს Yahoo!-მ იყიდა Broadcast.com 5.7 მილიარდ დოლარად, რის გამოც ჯონსონს საცხოვრებლად სან ფრანცისკოში მოუწია გადასვლა, სადაც შემდგომ ტექნიკური მომსახურების გენერალური მრჩევლის მოადგილედ დაინიშნა.

„მთელი გულით მჯერა, რომ მოგზაურობას მივყავართ გონების გახსნისკენ და ის ასევე ხელს უწყობს ადამიანების უკეთეს კულტურულ ურთიერთგაგებას და მიმღებლობას მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.“

Yahoo!-ში იგი მუშაობდა გენერალური მრჩევლის მოადგილედ პროდუქტის, სასამართლო დავისა და კონფიდენციალურობის საკითხებში. 2011 წელს მან Yahoo! დატოვა და შეუერთდა Airbnb-ის.

Photo Credits to Patrick T. Fallon via Bloomberg News

Airbnb-ში თავდაპირველად ბელინდა გენერალური მრჩევლის პოზიციას იკავებდა და იყო პირველი აღმასრულებელი, რომელიც ბრაიან ჩესკიმ, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თავად აიყვანა.

„როდესაც ხალხს არ ეშინია შეცდომების დაშვების, ისინი უფრო დიდ ძალას გრძნობენ, რომ უფრო სწრაფად იმოძრაონ მიზნისკენ და გაცილებით მეტს სწავლობენ. რა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს? შეიძლება რაღაცის გაკეთება ვერ მოვახერხო, მაგრამ ამ გზაზე ბევრს ვისწავლი.“

2018 წელს იგი COO-ს პოზიციამდე დაწინაურდა, თუმცა ორ წელიწადში მან თავისი თანამდებობა დატოვა.

Airbnb-ის წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. მისი მუშაობის შედეგად კომპანიამ თავი დაიმკვიდრა, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებულმა პროდუქტმა. „ბელინდას აყვანა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიგვიღია“, – ამბობს ბრაიან ჩესკი.

Photo Credits to Getty Images

2017 წლიდან დღემდე იგი PayPal-ის დირექტორთა საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლიდან კი Airbnb-ის სამეთვალყურეო საბჭოს მეცხრე წევრი და მესამე ქალი წევრი.

„იმის ნაცვლად, რომ დაიწყოთ ფიქრი პრობლემაზე, დაიწყეთ ფიქრი თქვენთვის სასურველ შედეგზე და იმუშავეთ უკუსვლით. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სამყარო და შემდეგ გაერკვიეთ, როგორ მოხვდეთ იქ“.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.